ია აბულაშვილი
22.04.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიღებულ დოკუმენტს "ნაცმოძრაობა" იგნორირებას ვერ გაუწევს და იძულებული იქნება შევიდეს პარლამენტში, მათი თავმჯდომარე ნიკა მელია კი საპატიმროდან გმირი ვერ გამოვა.

„ეს დოკუმენტი „ნაციონალებისთვის" მისაღები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარლ მიშელი ტექსტში ჩაწერდა „არსებული ხელისუფლება წავიდეს ხელისუფლებიდან და ყოველგვარი არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა"; მიშა სააკაშვილი კი მეფედ ეკურთხოს". სცენარი იქნებოდა ქართული მულტფილმიდან, ლურჯი მელია მეფის გვირგვინს ადგამს სააკაშვილს თავზე. ამ შემთხვევაში იქნებოდა ეს მარგინალური ძალა კმაყოფილი. მაგრამ ვერც სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში და ვერც ნიკა მელია გამოვა გმირი ციხიდან. ისე გამოვა, როგორც მელია გამოდის სოროდან.

ნათელაშვილი, მართალია, ისე ჰყავს მიშას „დავერბოვკებული", რომ ჯერ კიდევ ეშინია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, მაგრამ ამ კაცის რამე დაიჯერება? ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა წლების წინ, პარლამენტში არ შევიდა და ხელფასს იღებდა.

მე გამკვირვებია დავით უსუფაშვილის, მათგან განხვავებით გამოცდილი პოლიტიკოსია, რომ ამბობს პარლამენტში შევდივარ, რათა ვიბრძოლო პოლიტპატიმრების გასათავსუფლებლადო. როდის მერე გახდნენ კრიმინალები და ხაზინის ქურდები პოლიტპატიმრები, ბატონო დავით? მართლები იყვნენ ჩვენი წინაპრები, რომ ამბობდნენ, „კაცი რომ გაიცნო, ათი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო". უსუფაშვილის შემთხვევაში ათი ფუთი მარილიც არ გეყოფა.

რაც შეეხება დოკუმენტს ევროპელების ჩართულობით რომ შეიქმნა, დადებითად ვაფასებ, მაგრამ უკამაყოფილო ვარ ხელისუფლების, რადგან ბევრ დათმობაზე წავიდა. იმისთვის არ მისცა ხმა „ოცნებას" მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომ რასაც იტყოდა „საფანჩატურეთი", ყველაფერზე თავი ექნიათ. შალიკოს, ნინოს და მაჭუტაძეს რაც მოეპრიანებათ, ის უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? მაშინ რა ხელისუფლება ხარ, როცა ლავირების უნარი არ გაქვს?! თუ ასე გააგრძელეს, მალე „ნაციონალები" „ოცნებას" საყოველთაო ამნისტიით მიშას ჩამოყვანას მოსთხოვენ საქართველოში," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×