
3 თვის წინ მედია და ოპოზიცია ჩემი საკანონმდებლო წინადადებით დაინტერესდა. თან „ქართული ოცნების“ ოფისშია დაწერილიო“... 20 გვერდიანი წინადადებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი აბზაცი იქნა ნახსნები, თუმცა, ვინაიდან სრული ტექსტი პარლამენტის ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული, დაინტერესებულებისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ვითხოვდი სხდომათა დარბაზებში ფოტო-ვიდეო გადაღების, ისიც ბრალდებულების ინტერესებში, აკრძალვას...
ფაქტია, 30 ივნისიდან ტელეჟურნალისტები სასამართლოს ეზოშიც კი აღარ შეუშვეს, ხოლო „ნოვაციის“ ავტორად მე გამომაცხადეს...
როგორც ჩანს, პარლამენტის წევრები იმდენად დიდ პატივს მცემენ, რომ სხდომაზე მისვლით არ შემაწუხეს, საკანონმდებლო წინადადება უჩემოდ განიხილეს და „განავრცეს“... შედეგად, თუ „ნაციონალების“ ზეობის წლებში გადაღება მხოლოდ „სხდომათა დარბაზსა და შენობაში“ აიკრძალა, უკვე აღარც „სასამართლოს ეზოშია“ დაშვებული... შესანიშნავია! კარგი იქნებოდა, კანონმდებლებს „სასამართლოს ეზოს“ ნორმატიული შინაარსიც გაეფართოებინათ და ეზოდ სასამართლოს ადგილმდებარეობის შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან თუნდაც მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჩაეთვალათ...
ცხადია, მორიგ საკანონმდებლო წინადადებაში გავითვალისწინებ... არადა, ფაქტია, 2020-2024 წლებში წარდგენილი ჩემი 16 საკანონმდებლო წინადადებიდან წინა მოწვევის პარლამენტს 8 საერთოდ განუხილველი დარჩა, ხოლო დანარჩენის „განხილვაზე“ არავის მივუწვევივარ... ოქმების თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს წინადადებების გათვალისწინებისგან „ერთხმად თავი შეუკავებიათ“...
მიუხედავად იმისა, რომ არც წელს შეტანილი 5 საკანონდებლო წინადადების ბედია ჩემთვის ცნობილი, ისღა დამრჩენია, ამ ერთის „გათვალისწინებისთვის“ მაინც გადავუხადო კანონმდებლებს მადლობა, მით უმეტეს, რომ აშკარად „გაუევროპელებიათ “...
მართალია, მსგავს შემთხვევებზე (ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც...) იურისტები კი არა, უკვე ფსიქიატრები უნდა აკეთებდნენ კომენტარს, ვინაიდან, „ნოვაციის“ ავტორად ვარ მიჩნეული, გადავწყვიტე, პრობლემის არსით დაინტერესებულებს საკანონმდებლო წინადადებიდან რამდენიმე ამონარიდი გავაცნო:
„1997 წლის 25 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, „კონსპირაციულად“ მიღებულმა და 1999 წელს ამოქმედებულმა „რევოლუციურმა“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ტელეკამერების დაუშვა, სულ 10 წელი იარსება (როგორც მახსოვს, კოდექსში მთლიანობაში 3 000-მდე ცვლილება-დამატება შევიდა, მათ შორის 1000–მდე, მის ამოქმედებამდე...), ხოლო 2009 წელს „ნაციონალურმა“ პარლამენტმა პროკურატურის ინტერესებზე აშკარად კიდევ უფრო მორგებული სრულიად ახალი საპროცესო კოდექსი მიიღო (ისე, რომ არც მეცნიერებს ჰკითხეს რამე და არც ადვოკატებს...), რომლის ავტორებმა ერთი უკიდურესობა მეორეთი ჩაანაცვლეს და, ამჯერად, ფოტო-ვიდეო გადაღება მთლიანად „სასამართლოში“ აკრძალეს, ვინაიდან „ნულოვანი ტოლერანტობის“ შედეგად სასამართლოებს საქმეების 99 %–ის მიმართ გამატყუნენებელი განაჩენები გამოჰქონდათ...
ამ „ნოვაციის“ საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის #32 ბრძანებით „სასამართლოს შენობაში (სასამართლოს ეზო, სასამართლოს შენობა) აიკრძალა ფოტო, კინო, ვიდეოაპარატურის, მობილური ტელეფონების და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა“ (19.06.2012). ამ ბრძანების (ფაქტობრივად, „ხუშტურის“...) ტექსტი სასამართლოში მისულ ყველა „ვიზიტორს“ ურიგდებოდა, ხოლო მანდატურები შენობების შესასვლელებში მობილური ტელეფონების ჩამორთმევით დაკავდნენ (ეზოში მყოფ მოქალაქეებს შენობის ფასადის გადაღებასაც კი ურძალავდნენ...)“
არჩევნებით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ „ღიაობა-საქვეყნოობა-საჯაროობის“ ფარგლების ისევ მაქსიმალურად გაფართოება განიზრახა, რისთვისაც 2013 წლის დასაწყისში კანონმდებლობაში შეტანილი ცვილებებით მასმედიას სხდომების გადაღების, ფაქტობრივად, შეუზღუდავად განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა...
ვინაიდან, სისხლის სამართლის პროცესი მეტად სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და განსასჯელს ევროკონვენციით აღიარებული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი იცავს, თუ სამოქალაქო (სამეწარმეო) და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლოში განხილვისას სხდომათა დარბაზში ტელევიზიის დაშვება სადავოდ შეიძლება არ გამეხადა (თუმცა, მიზანშეწონილად ვთვლი, ასეთ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა თანხმობა ყოფილიყო აუცილებელი), რაც შეეხება სისხლის სამართალწარმოებას, განსასჯელის ინტერესების იგნორირებას მიუღებლად მივიჩნევ. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თვითონაც არ აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს და არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით.
ფაქტია, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაა დაინტერესებული, სასამართლო სხდომათა დარბაზში „უსაფრთხოების ინტერესებში“, არათუ ჟურნალისტი, ფაქტობრივად, განსასჯელის ოჯახის წევრიც ვერ ახერხებს შეღწევას (როგორც წესი, საქმის განხილვისთვის გამოყოფილ დარბაზში ადგილებს საჯარო მოსამსახურეები ავსებენ...). სამაგიეროდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესი არ იკვეთება, სასამართლოს სხდომის დარბაზის კარი ტელეკამერებისთვის იმაზე ფართოდ იღება, ვიდრე ევროკავშირის მოწინავე ქვეყნებში, რითაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის საფრთხე იზრდება, ხოლო, რიგ შემთხვევებში, საქმის განხილვის პროცესი აშკარად პოლიტიზებული ხდება და არაფერი აქვს საერთო სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებასთან.
როდესაც, ფაქტობრივად, მხოლოდ „უცხოელი მეგობრების“ თვალში ადგილობრივი სისხლის სამართალწარმოებისთვის დემოკრატიული „იმიჯის“ შექმნის მიზნით, ჩვენი „ნახევრად თავისუფალი“ თუ „ნაწილობრივ დამოუკიდებელი“ მედიასაშუალებებისთვის სასამართლო სხდომის დარბაზის კარის ფართოდ გაღება მოვინდომეთ, ის განსასჯელს (სავარაუდო დამნაშავეს, რომელსაც სახელმწიფო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ერთმნიშვნელოვნად უდანაშაულოდ თვლის), უნებლიედ, ისე ღონივრად „მივარტყით სახეში“, ტელეკამერების წინ ასეთ „ღიაობა–საქვეყნოობა–საჯაროობას~, შეიძლება ბნელ საკანში ხანგრძლივი ვადით გამოკეტვა ერჩივნა... მეორეს მხრივ კი, ზოგიერთ „პრივილეგირებულ“ ბრალდებულს საშუალება მივეცით სასამართლო „პოლიტიკურ ტრიბუნად“ გამოეყენებინა და არსებული ხელსუფლების კრიტიკასთან ერთად, „ქვეყნის აღმშენებლობის სამომავლო გეგმებიც“ გაეცნო საზოგადოებისთვის... დარწმუნებული ვარ, თაღლითობის ბრალდებით განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი „ამხანაგ ბენდერისთვის“ სხდომათა დარბაზიდან „ქართველი ხალხისადმი“ ტელევიზიით პირდაპირი ეთერით მიმართვის საშუალება რომ მიგვეცა, დიდი შანსი ექნებოდა, არათუ დეპუტატად, პრეზიდენტადაც აგვერჩია...
შესაბამისად, მე–11 მოწვევის პარლამენტსაც ვურჩიე ტელევიზიები მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე არ დაგვეშვა სხდომათა დარბაზებში, რასაც 1997 წლის შემდეგ სამეცნიერო სტატიებითა და საგაზეთო პუბლიციებითაც ვცდილობ. სამაგიეროდ, ტელეჟურნალისტებს ჯერ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირმა“ ფართოდ გაუღო სასამართლოს კარი, შემდეგ კი „რევოლუციით“ მოსულმა, ფაქტობრივად, მისივე „ახალგაზრდულმა ფრთამ“ ჩაურაზა. არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნებამაც“ სასამართლოებში მიმდინარე პროცესების სრული „გამჭვირვალობით“ დაიწყო ევროინტეგრაცია, თუმცა ბოლოს ტელევიზიები ეზოშიც კი აღარ შეუშვა, რაც ტოტალიტარიზმის პერიოდიდან საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის ბრალი მგონია.
როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“+„ქართული ოცნება“=„მოქალაქეთა კავშირი“.
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი