ფეხბურთის ფედერაციას ლოგოს კონკურსის გზით შერჩევას ურჩევენ
რეზონანსი
15.06.2025

ამჯერად ახალგაზდა ფეხბურთელებმა გვასახელეს. პოლონელებთან გამარჯვების შემდეგ, არც ფრანგებს დაუდეს ტოლი და, ოდნავ იღბალიც რომ წაშველებოდათ, მეორე მატჩშიც მოგებას თუ არა, ფრეს მაინც იმსახურებდნენ. შესაბამისად, სპორტსმენების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების მიმართ მაქვს გარკვეული პრეტენზიები. მისასალმებელია, რომ შავი ფერის ლოგოზე უარი თქვეს, მაგრამ გულშემატკივრების ინფორმირებაზეც ხომ უნდა ეზრუნათ, რომ ქომაგების ნაწილი სლოვაკეთში ძველი ფორმით არ ჩასულიყო. 

ვინც ჩემს პუბლიკაციებს ეცნობა იცის, რომ კრიტიკულად ვარ განწყობილი ფედერაციის ახალი ოფიციალური სიმბოლოების, განსაკუთრებით კი, ფაქტობრივად, გაურკვეველი წარმომავლობისა და შინაარსის „შავი მხედრის“ მიმართ. ვთვლი, რომ „წმინდა გიორგით“ მისი მოხსენიება მკრეხელობაა, ვინაიდან მართლმადიდებლური სამყაროს მიერ აღიარებულ ხატებზე (თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზეც...) ის მარჯვნივ არის მიმართული და არც შავ (გლოვის...) ფერშია სადმე გამოსახული... ამასთან, ჰერალდიკის წესების თანახმად, წმინდანი შარავანდედით უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, ხოლო თუ ჩვენი ფეხბურთელების საიდენტიფიკაციო ნიშანი ვინმესთვის სამშობლოსთან ასოცირდება („მე ვარ საქართველო!“), რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია, სპორტულ (მშვიდობიან), პაექრობაში მეტოქე (მაგ., პოლონელი ან ფრანგი, უკრაინელი ან თურქი...) ურჩხულად („ბოროტებად“) წარმოიდგინო...

ამასთან, ძნელია რაიმე გონივრული ახსნა მოეძებნოს იმ სიმბოლოებსაც, რომლებიც მეზობელ სომხებთან პაექრობისას სტადიონზე ვიხილეთ. ფაქტია, პირველ იარუსზე 1000 კვ. მეტრამდე ფართზე გადაფენილი თეთრი ბანერის მარჯვენა კუთხეში მხოლოდ წითელი მხედარი და ცხენი იყო გამოსახული, მარცხენაში კი მხოლოდ წითელი ურჩხული („ბოროტება“), რომელიც ნამდვილად არ ჰგავდა დამარცხებულს, ვინაიდან ცეცხლს აფრქვევდა... ამასთან, რატომღაც სწორედ ამ ურჩხულს ჰქონდა მიწერილი: „მე ვარ საქართველო“... თუმცა ისიც, ფაქტია, როგორც ჩანს, ბანერის იერსახეზე პასუხისმგებელ პირებს გაუზრებიათ, რომ წმინდა გიორგის მიმსგავსებული ზოგადქრისტიანული სიმბოლოს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებთან იდენტიფიცრება უცხოელებს გაუჭირდებოდათ (განსაკუთრებით, ინგლისელებს...), რის გამოც მეორე ბანერზე წარწერისთვის „I AM GEORGIA” ტრადიციული ბორჯღალის მსგავსი სიმბოლო ჰქონდათ მიხატული... 

ჩემი არგუმენტები არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის, არამედ სახელმწიფოსა და დედაეკლესიიის მესვეურებსაც გავაცანი. ყველას ნადლობა, ვინც პრობლემის არსი გიაზრა და შავი ფერის ლოგოს თეთრით ჩანაცვლებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ცხადია, ისიც გამიხარდა, რომ სტადიონზე უაზრო ბანერებიც ჩამოიხსნა და ფარერის კუნძულების ნაკრებთან საპაექროდ მოედანზე ახალი ვიზუალის თერი ფერის მაისურებით გამოვიდნენ, მაგრამ არც ის მესმის ოფიციალური სიმბოლო რატომ უნდა იყოს სამი ან თუნდაც მხოლოდ ორი ფერის, ხოლო თეთრი ფერის მაისური სტილით არსებითად განსხავავებული შავისა და წითლისგან. საკმარისი არ იქნებოდა, თეთრ მაისურზეც წითელი ფერის ლოგო გამოესახათ? 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელები სლოვაკეთში უკვე მხოლოდ წითელი და თეთრი ფერის ლოგოებით ასპარეზობენ, ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გამო, სპორტის სფეროში წმინდა გიორგისთან ასოცირებული არც, თუნდაც ოქროსფერი სიმბოლოს გამოყენება მიმაჩნია გონივრულად, ისევე, როგორც „ბიბლუსის“ ქსელის მაღაზიებში ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ სიმბოლოებთან სრულიად შეუსაბამო გამოსახულებებიანი „პინების“ (წითელ ფონზე „შავი გიორგი“ ან შავ ფონზე ცხენები...) რეალიზაცია. 

ფაქტია, თუ ჩეხებს, ინგლისელებს და შოტლანდიელებს ფეხბურთის ფედერაციების სიმბოლოებად წითელი ან ლურჯი ლომები ჰყავთ შერჩეული, ფრანგებს - ოქროსფერი მამალი, გერმანელებს და პოლონელებს - თეთრი არწივი, ბელგიელებს - წითელი ეშმაკები, შვეიცარიელებს კი ლოგოზე ფეხბურთელიც გამოუსახავთ, ხოლო ხორვატებს ტრადიციული თეთრ-წითელი „ჭადრაკის დაფის“ ფონზე - ბურთი, სომხებს კი ბურთთან ერთად, მათი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (არარატის მთა), საქართველოს ნაკრები გერმანისა და სლოვაკეთშიც, ფაქტობრივად, გაურკვეველი წარმომავლობისა და შინაარსის სიმბოლოებით იყო წარმოდგნელი. 

ნუ მიწყენენ გულშემატკივრები, მაგრამ ფეხბურთელების დღევანდელ ოფიციალურ ლოგოს ცხენბურთელებსაც არ ვაკადრებდი... ამდენად, კარგი იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც სამართლებივი სტატუსით „არასამთავრობო ორგანიზაციაა“, ახალი სიმბოლიკის შესარჩევად დროულად გამოაცხადებს ღია კონკურსს, რომ საფეხბურთო ნაკრები მომავალში უფრო გააზრებულად შერჩეული ორიგინალური სიმბოლიკით იყოს წარმოდგენილი. 

იმედი მაქვს, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდაც ჩამოყალიბდება და ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინებს, ხოლო ღია კონკურსის ჩატარების გზით შერჩეული და სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დადგენილი, როგორც სახელმწიფო (დროშა, გერბი, ჰიმნი), ასევე ფეხბურთის ფედერაციის ახალი სიმბოლოც, ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც თავად საქართველო და მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია. 

ურიგო არ იქნება, ამ მიმართებით სწორედ ახალმა თაობამ იაქტიუროს და ოფიციალური სიმბოლოს საკუთარი ვერსიები ფეხბურთის ფედერაციას შესთავაზოს. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×