
წლებია 9 მაისს სოციალურ ქსელში ვწერდი მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბაბუაზე - კაცზე, რომლის არც საფლავი ვიცით და არც დაღუპვის ადგილი არ იყო ცნობილი. ვიხსენებდით იმ რწმენით, როგორც ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთი რიგითი ჯარისკაცი.
ამ სამყაროში ხანდახან მართლაც ხდება სასწაულები. ამბობენ, როცა მთელი გულით გსურს - სამყარო ამაში გეხმარება. 10 მაისს მოვიდა შეტყობინება, სევასტოპოლში, საძიებო სამუშაოებისას, აღმოაჩინეს ჯარისკაცის ნეშტი და „სიკვდილის მედალიონი“, რომელზეც ეწერა: „ხაჯალია ლევან ზაქარიას ძე, დაბ. 1907 წ., ქ. სენაკი (ყოფილი ცხაკაია).“
83 წლის განმავლობაში მის შესახებ არანაირ ინფორმაციასაც არ ვფლობდით. და ახლა - ერთ პატარა მედალიონში, მთელი მისი ისტორია გაცოცხლდა.

სევასტოპოლის მახლობლად, მაკენზიეს მთებზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, სადაც ოდესღაც გამანადგურებელი ბრძოლები მძვინვარებდა, სამძებრო რაზმები მუშაობენ. ყოველი ახალი აღმოჩენა ისტორიას გვიყვება მეორე მსოფლიო ომის ყველაზე სისხლიან შეტაკებებზე.
2025 წლის მაისის დასაწყისში, მაძიებლებმა ორი უსახელო მეზღვაურის ნეშტი აღმოაჩინეს. 10 მაისს გათხრებისას კიდევ ორი მებრძოლი იპოვეს სანგარში. ორივეს კაფსულა - ე.წ. სიკვდილის მედალიონი - ეკეთა. ერთში შიგთავსი არ იყო. მეორეში კი აღმოჩნდა ხელით შევსებული ფაქიზად გახვეული ქაღალდი:
„ხაჯალია ლევან ზაქარიას ძე, რიგითი. დაბ. 1907. საქართველოს სსრ, ქალაქი ცხაკაია.“
ცხაკაია, დღეს სენაკი, ლევან ხაჯალიას მშობლიური ქალაქია. პროფესიით ფარმაცევტი, ომამდე აფთიაქს ხელმძღვანელობდა. ომის დაწყებისთანავე ფრონტზე თავისი ნებით წავიდა. ნათესავებს უთხრა: „ჩემი ადგილი ფრონტზეა - იქ ვარ საჭირო.“
თურმე, იმ ადგილას, სადაც ბაბუას ნეშტი იპოვეს, 150-მდე ცხედარი უპოვიათ ადგილობრივი ორგანიზაციის მოხალისეებს, მაგრამ ვერც ერთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამიტომ ძმათა საერთო სასაფლაო გაუკეთებიათ მათთვის. მხოლოდ ბაბუას შემთხვევა იყო გამონაკლისი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.
ბაბუა, სავარაუდოდ, 1941 წლის დეკემბერში ან 1942 წლის იანვარში, სევასტოპოლის მეორე შტურმისას დაიღუპა. ბაბუას გარშემო გადაუდებელი დახმარების შესახვევი მასალები და მინის პიპეტები იპოვეს. იქვე ახლოს ნაპოვნ მეორე მებრძოლს მოტეხილი ფეხი ჰქონდა — სავარაუდოდ დაჭრილი იწვა. ბაბუა, როგორც პროფესიით ფარმაცევტი, ომში ალბათ მედიკოსი იყო და უკანასკნელ წუთამდე ცდილობდა თანამებრძოლის გადარჩენას.
ლევანი იბრძოდა ლეგენდარული 25-ე, ჩაპაევის სახელობის მსროლელთა დივიზიის რიგებში - იმ დივიზიაში, რომელმაც ჯერ ოდესის, შემდეგ კი სევასტოპოლის დაცვაში მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, 1941 წლის ბოლოს ან 1942 წლის იანვარში, სევასტოპოლის მეორე შტურმისას, არტილერიულ დაბომბვას ემსხვერპლა.
ოჯახმა უკანასკნელად ლევანი 1941 წლის შემოდგომაზე, ბათუმში ნახა. ბაბუა სამხედრო მატარებელს ჩამოჰყვა, რომლითაც დაჭრილები გადმოჰყავდათ. ბებია უფროს ქლიშვილთან ერთად გაქცეულა მის სანახავად. ამ დროს ბებია ჯერ ისევ ორსულად იყო დედაჩემზე. შეეძლო დარჩენილიყო, მაგრამ ვერ დაიყოლიეს - თავის დანაყოფს შეუერთდა.
ბოლო წერილი 1941 წლის ზამთარში მიიღეს, სადაც წერდა, ჩემ წინ წყალია, უკან კი ცეცხლიო. და იმ დღიდან მისი კვალი დაიკარგა. სწორედ იმ ზამთარს დაიბადა დედაჩემი, 2 თებერვალს.
მას შემდეგ ოჯახმა ათწლეულები გაატარა ლევანის ბედის გარკვევაში. წერილები, არქივები, ოფიციალური მოთხოვნები - უშედეგოდ. არც დაღუპულთა სიაში იყო, არც დაკარგულად აღრიცხული - თითქოს არც არსებობდა. ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო და, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ, როცა მთელი ქვედანაყოფის შტაბი ნადგურდებოდა და მონაცემების გადაცემა შეუძლებელი ხდებოდა.
ომამდე ლევანს სენაკში კარგად იცნობდნენ. მისი მამა, ზაქარ ხაჯალია, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი იყო და ქალაქის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა.
ლევანის მეუღლემ, ანტისა ლომიამ, სამი ქალიშვილი მარტომ გაზარდა. ოჯახს არც დაღუპულის სტატუსი ჰქონდა და შესაბამისად — არც იმდროინდელი სოციალური დახმარების უფლება, რაც დაღუპულთა ოჯახებს ეკუთვნოდათ.
ამას დაემატა ტრაგიკული შემთხვევა: 1947-48 წლებში მენინგოკოკური ინფექციები გავრცელდა და 14 წლის უფროს ქალიშვილს, ნაზის, სკოლის ფრიადოსან მოსწავლეს, მძიმე ვირუსული ინფექცია, მენინგიტი დაემართა. მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში წამოუყვანიათ სამკურნალოდ. ერთ დილას ნაზის დედისთვის უთქვამს, როგორ გაიწელა ეს უკუნითი ღამე, აღარ თენდებაო! ეს რომ გაუგონია ბებიას, თურმე ფანჯრიდან ხტებოდა. ნაზიმ მხედველობა დაკარგა. და მაინც, უსინათლო გოგონამ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა და წითელი დიპლომით დაამთავრა. კლასიკურ ენებს, ძველ ბერძნულსა და ლათინურს ბებია უკითხავდა. აკაკი შანიძე და შალვა რადიანი ხუმრობდნენ, დიპლომი დედა-შვილს, ორივეს გეკუთვნითო.
ლევანის ძმა, უფროსი ლეიტენანტი კოტე ხაჯალია, ომიდან ცოცხალი დაბრუნდა. განათლებით იურისტი იყო და სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა. მასთან ერთად, ძმები, და მთელი ცხოვრება ეძებდნენ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ძმას. წერდნენ, უშედეგოდ. ყველა მათგანი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ პასუხი ვერ მიიღეს.
და აი, 83 წლის შემდეგ, მიწამ თავისი საიდუმლო გათქვა...
ლევანის ორი ქალიშვილი დღეს ცოცხალია. მათთვის ეს ფაქტი, რომ მამის ნეშტი იპოვეს და საბოლოოდ ცნობილი გახდა მისი დაღუპვის ადგილი და გარემოებები ნამდვილად სასწაულია: მამა, რომლის ამბავიც ბურუსში დაიკარგა, სამშობლოში, შინ ბრუნდება.
ლევან ხაჯალიას ორი მოსახელე შვილიშვილი ყავს - ლევან ქავთარაძე, რომელიც ახლა აშშ-ში სწავლობს და ძმისშვილი, ლევან ხაჯალია.
ლევან ხაჯალიას ნეშტის საქართველოში გადმოსვენებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მას მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
მისი ფოტო და მონაცემები გადაეცა სევასტოპოლში მდებარე სამუზეუმო კომპლექს „35-ე სანაპირო ბატარეას“ - ლევან ხაჯალიას სახელი თავის ადგილს დაიკავებს ხსოვნის პანთეონის კედელზე, ქალაქის სხვა დამცველებს შორის.
ოჯახი მადლობას უხდის სამძებრო რაზმს „ყირიმის საზღვარს“ და მის ხელმძღვანელს ალექსანდრ ეფანოვს, ასევე ფონდი „დაბრუნების“ თავმჯდომარეს ზაზა მილაძეს. მათი თავდადებული შრომით, ერთ ქართველ ჯარისკაცს დაუბრუნდა სახელი, ისტორიას — მეხსიერება, ოჯახს კი - სიმშვიდე და შვების ცრემლი.
თენგიზ ვერულავა
მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი