
დიდ ინტელექტუალსა და მოაზროვნეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს რამაზ გახოკიძეს, კოლეგების, თანამშრომლებისა და მოწაფეების სახელით, ვულოცავ დაბადების დღეს!
ბატონმა რამაზმა, საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე და სტუდენტობის პერიოდიდანვე, უნივერსიტეტში პირველმა, დაიწყო მუშაობა ქიმიის ერთ-ერთ ურთულეს სფეროში - ნახშირწყლების ქიმიაში. საასპირანტო ვადაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, შემდეგ სამეცნიერო სტაჟირება გაიარა აშშ-ს უნივერსიტეტებში და წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსმა რ. გახოკიძემ დააარსა ბიოორგანული ქიმიის საკვლევ-სამეცნიერო ლაბორატორია, შემდეგ, ბიოორგანული ქიმიის კათედრა და ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი, რომელთაც დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს.
აკადემიკოსმა რ. გახოკიძემ ჩაატარა მთელი რიგი ფუნდამენტური გამოკვლევები. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბუნებრივ ნაერთთა კვლევაში; დაადგინა, ნახშირწყლების ტრანსფორმაციით, მთელი რიგი ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა მიღების გზები. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ დისციპლინებს: აგრობიოორგანულ ქიმიასა და აგრომედიცინას.
რამაზ გახოკიძის ძირითად დამსახურებას ქიმიაში წარმოადგენს ახალი ტიპის რეაქციის აღმოჩენა, რომელიც მისივე სახელს ატარებს. ამ ახალი რეაქციის საფუძველზე, ბატონმა რამაზმა გამოთქვა მოსაზრება ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ალტერნატიული გზების არსებობის შესახებ, რაც ცოცხალი ორგანიზმის შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ჩატარებული ფუნდამენტური გამოკვლევების საფუძველზე აკადემიკოსმა რ. გახოკიძემ შექმნა დაპატენტებული და ლიცენზირებული მაღალეფექტიანი პრეპარატები (,,ბიორაგი’’, ,,ანტიფარი’’, ,,ვიტარაგი’’, ,,რამერი’’), რომლებიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მედიცინასა და ბიოტექნოლოგიაში, როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ.
აკადემიკოს რამაზ გახოკიძის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეხება ნახშირწყლების მრავალრიცხოვანი წარმოებულის სინთეზს, ბუნებრივი ობიექტებიდან ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოყოფას და სასიცოცხლო პროცესების ზოგიერთი კანონზომიერების დადგენას.
ბატონმა რამაზმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სოფლის მეურნეობის გადაჭარბებული ქიმიზაციისა და იმ დროს უცნობი მოსალოდნელი გენმოდიფიცირებული საკვების მავნეობის წინააღმდეგ.
ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების გარდა, რამაზ გახოკიძის ინტერესს წარმოადგენს მეცნიერების ისტორიის, ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური პრობლემები, მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთობის საკითხები, დაადგინა ტერმინ ,,ქიმიას’’ ძველკოლხური წარმომავლობა. მან აღმოაჩინა ე. წ. ,,მუსიკალური კოდის’’ პრინციპი, რაც წარმოადგენს სამყაროს მთლიანობისა და ჰარმონიის კიდევ ერთ გამოვლენას.
რამაზ გახოკიძე განუმეორებელი პედაგოგია. მან საქართველოში შემოიტანა მრავალი სასწავლო დისციპლინა, მაგალითად, ,,ბიოორგანული ქიმია’’, ,,სამედიცინო ქიმია’’, ,,ქიმიური ბიოტექნოლოგია’’ და სხვ. მანვე საფუძველი ჩაუყარა ,,აგრობიოორგანული ქიმიის’’ და ,,ქიმია და ცივილიზაციის’’ დისციპლინებს. დღემდე ბატონ რამაზს წაკითხული აქვს ლექციები 25 საგანში ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბატონი რამაზის ლექციების მიმდინარეობის დროს ხშირად ისმის აპლოდისმენტები აუდიტორიიდან. არის შემთხვევები, როდესაც მეორე წელსაც მოდის სტუდენტი ლექციის მოსასმენად. მის ლექციებს ხშირად ესწრებიან სხვა სპეციალობების სტუდენტები და გარეშე პირებიც. სტუდენტების თქმით, რამაზ გახოკიძის ლექციები მათ ეხმარება სამყაროს ერთიანი სურათის შექმნასა და გლობალურ აზროვნებაში. სპეციალურად ესწრებოდა ბატონ რამაზს ლექციებზე ოტია იოსელიანი. დიდი მწერალი ბატონი რამაზის სახელმძღვანელოს რომ გაეცნო, გვითხრა, ქიმია სკოლაში ამ წიგნით რომ მესწავლა, მეც ქიმიკოსი გამოვიდოდიო.
ბატონ რამაზს ასევე დიდი ინტერესით უსმენენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე გამოსვლისას. სამეცნიერო მოხსენებების წაკითხვისას იგი გარკვეულ დროს უთმობს საქართველოს როლს მსოფლიოს ცივილიზაციაში. ზოგჯერ მეორეჯერაც თხოვენ ლექციის წაკითხვას. ამის მაგალითად მომყავს ამონარიდი ეგვიპტეში საქართველოს ელჩის, პროფესორ გოჩა ჯაფარიძის ოფიციალური წერილიდან: ,,ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ჩატარდა სოფლის მეურნეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 518 მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პლენარულ და სექციურ მოხსენებებს წინ უძღოდა ლექციები. ინგლისურ ენაზე ლექციები წაიკითხა მხოლოდ ოთხმა მეცნიერმა, მათ შორის პროფესორმა რამაზ გახოკიძემ, რაც ჩემთვის, როგორც საქართველოს ელჩისთვის ეგვიპტეში, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. რამაზ გახოკიძის ლექციამ ,,ახალი ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული მეთოდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში’’ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა მრავალი შეკითხვა როგორც მოხსენების დამთავრებისას, ისე - შესვენების დროს. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ კონფერენციის მეორე დღეს მას ხელახლა სთხოვეს ლექციის წაკითხვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. გარდა ამისა, ქართველ მეცნიერს თხოვეს, ეხელმძღვანელა ერთ-ერთი სექციისთვის. ასევე მას ერგო პატივი, საბოლოო სიტყვა ეთქვა კონფერენციის დახურვის დღეს.
ჩემთან საუბარში კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ვაფა ჰაგაგმა თქვა, რომ პროფ. რამაზ გახოკიძის შრომები ფართოდ არის ცნობილი სამეცნიერო წრეებში და მათ შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ სოფლის მეურნეობის განვითარება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის საკვებით მომარაგებისა და გარემოს გაჯანსაღების საქმეში’’.
ბევრს ახსოვს ბატონ რამაზის მიერ დაარსებული საქალაქო სემინარები გამოჩენილი მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით, რომლებზეც განიხილებოდა აქტუალური საკითხები.
რამაზ გახოკიძე გვხიბლავს თავის მრავალმხრივობით. იგი ენციკლოპედიური განათლების ადამიანია. მის წარმატებებს, ნიჭთან ერთად, განაპირობებს უზადო შრომისმოყვარეობა. დიდი მეცნიერი 800-ზე მეტი პუბლიკაციის - სამეცნიერო ნაშრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების, აღმოჩენისა და გამოგონებების ავტორია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მისი შემოქმედება გამოირჩევა მაღალი დონით, ფილოსოფიური აზროვნებით, ორიგინალური მრავალფეროვნებით. კარგად მახსოვს, ბატონი რამაზის სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს ოფიციალურმა ოპონენტმა, აკადემიკოსმა იური ჟდანოვმა დისერტანტი აღორძინების ეპოქის მოაზროვნეებს შეადარა.
აღსანიშნავია, რომ ბატონი რამაზი მეცნიერულ საქმიანობას უთავსებს ხელოვნებას. შექმნილი აქვს მრავალი მუსიკალური ნაწარმოები, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის ავტორი, შექმნილი აქვს ოპერა, სიმფონიური, ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოებები.
ბატონი რამაზი უაღრესად კეთილშობილი და მიზანდასახული ადამიანია. ჭეშმარიტებისადმი ერთგულება და სამშობლოს სიყვარული უპირველესია მისთვის. დიდი საზღაურისა და პრივილეგიების ფასად უცხო ქვეყნებში (აშშ, უნგრეთი, თურქეთი) მას არა ერთხელ შესთავაზეს დარჩენა, მაგრამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მისი გამოგონებები ჯერ მის ქვეყანაში უნდა დანერგილიყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტს ეწვია იუნესკოს გენერალური დირექტორი ფრედერიკო მაიორი, რომელიც სპეციალობით ბიოქიმიკოსი იყო. საპატიო სტუმარი დაინტერესებული იყო ბატონი რამაზის კვლევებით, შეხვდა მას და დაპირდა ლაბორატორიის გახსნას პარიზში, თუ იგი სამუშაოდ გადავიდოდა საფრანგეთში. ამ შემთხვევაშიც ბატონმა რამაზმა არ ,,უღალატა’’ სამშობლოს. იგი არ იწონებდა იმათ საქციელსაც, რომლებიც ძნელბედობის ჟამს ,,გამოსაზამთრებლად’’ სამშობლოს ტოვებდნენ.
ბატონი რამაზი არის საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრი, თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) წევრი, ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი და სხვ. კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა ბატონი რამაზი საუკუნის დიდ მოაზროვნეთა სიაში შეიყვანა; იგი შეყვანილია აგრეთვე საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის გამოცემაში: ,,1000 დიდი მეცნიერი’’; დაჯილდოებულია ამერიკის ღირსების ორდენით; ორჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს ღირსების ორდენით; მინიჭებული აქვს ორჯერ საქართველოს სახელმწიფო პრემია, მელიქიშვილის პრემია, მშვიდობის საერთაშორისო პრემია; არის საქართველოსა და უცხოეთის ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი.
მუდამ გვხიბლავდა ბატონი რამაზის მეცნიერული ალღო, სიახლის ძიების საოცარი უნარი, რაც უნებლიედ ჩვენც მის თანამშრომლებს გადმოგვედო.
ბატონო რამაზ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც დღემდე ქვეყნის საკეთილდღეოდ გიკეთებიათ, იხარეთ მრავალჟამიერ!
ნელი სიდამონიძე,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
