
მისასალმებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულად მიჩნევაც და ფეხით მოსიარულეებზე ზრუნვაც, მაგრამ თუ რეალურად ვაპირებთ ევროინტეგრაციას, გზებზე სამართალდარღვევათა პრევენციისთვის გამიზნული ღონისძიებები მხოლოდ კანონის შესაბამისად და გონივრულად უნდა განვახორციელოთ. არადა, ფაქტია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი მესამედი საუკუნის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ბოდიურები, შუქნიშნები, საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნები დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ „ევროსტანდარტებს", ხოლო ბიუჯეტის შევსებას, კანონმორჩილი მძღოლების „საგზაო მახეებში" გაბმით ვცდილობთ, რის გამოც, ევროკავშირში კი არა, შეიძლება, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკაროს.
საზოგადოების ყურადღება არაერთხელ გავამახვილე საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისში საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ხარვეზებზე, რის გამოც, არც უსაფუძლოდ ოქმების შედგენა და „სამართლიანობის აღსადგენად" სასამართლოსადმი მიმართვაა გამორიცხული, რაც, როგორც ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების, ასევე მოქალაქეების დროისა და ენერგიის გაუმართლებელ ხარჯვას იწვევს. ფაქტია, უგულავას მიერ შემოყვანილი შპს „სიტი პარკის" დედაქალაქიდან გაძევება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა, მაგრამ მძღოლების „კანონიერად დაყაჩაღების" ფუნქცია, ფაქტობრივად, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების სააგენტომ გადაიბარა, რომელმაც „ავტობუსებისა და ველოსიპედით მოსარგებელთა ინტერესებშიც" დაიწყო ავტომოყვარულების 100 ლარით დასანქცირება. შედეგად, დარწმუნებული ვარ, სწორედ უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმების სიმრავლემ განაპირობა „ქართული ოცნების" მიერ საპარლამენტო არჩევნებისას დედაქალაქში ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა.
ფაქტია, ბევრგან სწორედ ბიუჟეტის შესავსებად არის „ბასლაინები" ან/და „საველოსიპედო ზოლები" არასწორად მონიშნული (მაგ., ყაზბეგისა და წერეთლის გამზირებზე, ვარაზისხევში, ორთაჭალის ჰესთან, გორგასლის ქუჩაზე, ვარკეთილის მეტროსთან, ბაგრატიონის ძეგლთან, აბანოებთან და სხვა...), მაგრამ ყველაზე „წარმატებული" მაინც „პარკირების ბიზნესია", ვინაიდან საპარკინგე ადგილები 35-იდან 28 ათასამდე შემცირდა, ხოლო დედაქალაქში ყოველდღიურად ნახევარი მილიონი მძღოლი მაინც დაეძებს ადგილს. ამჯერად თანამოქალაქები კიდევ ერთი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს N100-ის წინ მოწყობილი „საგზაო მახის" თაობაზე მინდა გავაფრთხილო.
მიმაჩნია, რომ სანამ „ჭკვიან" ვიდეოკამერას ავტომობილების ტროტუარზე გაჩერებისთვის მძღოლების დაჯარიმებისთვის დავამონტაჟებთ, ჯერ თავად ამ ტროტუარის ფარგლები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რისთვისაც ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილისგანაც სტანდარტული ზომის ბოდიურით მაინც უნდა იყოს გამოყოფილი და კომერციული ობიექტების წინ არსებული ავტოსადგომისგანაც მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული.
არადა, როდესაც დაჯარიმების თაობაზე ლათინური ასოებით აკრეფილი მორიგი შეტყობინება მივიღე, ვერაფრით მივხდი, რა დავარღვიე, ვინაიდან სამართალდარღვევის ადგილად „ალიევის ძეგლი" იყო მითითებული, რომელიც ორთაჭალაშია. ვიდეოჯარიმების ვებგვერდზე ატვირთულ ფოტოზე ვნახე, რომ საჯარიმო ქვითარში მითითებულ დროს ჩემი ავტომობილი გაჩერებული იყო „ზირაათ ბანკის" ოფისის წინ (ზვიად გამსახურდიას სანაპირო N100) და არც ფეხით მოსიარულეებს უშლიდა ხელს, ვინაიდან ტროტუარის სიგანე 7 მეტრამდეა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთამდეც და მის შემდეგაც ტროტუარის სიგანე 1-2 მეტრს არ აღემატება. ამასთან, ბანკის შენობის წინ საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დარეგისტრირებული ფართია, რომელსაც ბანკის კლიენტებიც იყენებენ და ბანკომატით მოსარგებლე მძღოლებიც, რისთვისაც ბორდიური მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ სპეციალურად არის დადაბლებული (მხოლოდ 3-5 სანტიმეტრია), რომ ავტომობილებს ასვლა გაუადვილდეთ. ფაქტია ისიც, რომ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარის ნაწილის საფარი (სავარაუდოდ, მერიის მიერ არის დაგებული), აშკარად განსხვავებულია უშუალოდ ბანკის შენობის წინ არსებული საფარისგან, რომელიც სავარაუდოდ მესაკუთრის მიერაა დაგებული.
გარდა ამისა, ფაქტია, ერთის მხრივ, მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის ყოფილ პრეზიდენტს, პატივისცემის ნიშნად ვუდგამთ ძეგლს ძველ თბილისში და სანაპიროს მის სახელს ვარქმევთ, ხოლო აზერბაიჯანულ ბანკს, ფაქტობრივად, ხელს ვუშლით მუშაობაში, ვინაიდან ავტომობილით მისულ კლიენტებს 50 ლარით ვუჯარიმებთ. არადა, რეაბილიტირებულ ქეთევან წამებულის გამზირზე „ქართუ ბანკის" წინ სპეციალურად მოვაწყვეთ საპარკინგე სივრცე, რისთვისაც ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარი რამდენიმე მეტრითაც კი დავავიწროვეთ, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მავანი მოხელე თითქოს სწორედ „ზირაათ ბანკის" საქმიანობისთვის ხელის შეშლით არის დაინტერებული.
იმედი მაქვს, ეს გამიზნულად არ არის გაკეთებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში, აშკარად ე.წ. ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე და აღნიშნული ქმედება არა მარტო სამართლებრივად უნდა იყოს გაუმართლებელი (დისკრიმინაციად და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევად შეიძლება შეფასდეს, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ვალდებულებასაც ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას...), არამედ პოლიტიკურადაც... ცხადია, თუ ფაქტი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მესვეურებისთვის გახდება ცნობილი, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით...
ცალკე მსჯელობის თემაა, რატომ უნდა გვაჯარიმებდეს მერიის მიერ შექმნილი სააგენტო, რომელიც საგზაო მონიშვნასაც თავად ავლებს და საგზაო ნიშნებსაც თავისი შეხედულებისამებრ ამონტაჟებს (ანუ, დაიტერესებულია, რაც შეიძლება მეტმა დავარღვიოთ კანონი). ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ენაზე მომაწოდოს ინფორმაცია, კონსტიტუციასაც აშკარად არღვევს და უცხოენოვანი ასოებით იმ დროს მეკონტაქტება, როდესაც ბანკებიც და ზოგიერთი კომერციული პირებიც კი ახერხებენ სატელეფონო შეტყობინებების ქართული ასოებით გაგზავნას.
კარგი იქნებოდა, მერიის მესვეურები „ელექტრონული საჯარიმო ქვითრის" ფორმითა და შინაარსითაც დაინტერესებულიყვნენ („ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია"?) და რატომ არის გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ ჩადენილი სავარაუდო „სამართალდარღვევის ადგილად" მითითებული „ალიევის ძეგლი", რომელიც ორთაჭალაშია, ხოლო „შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი" საერთოდ არ არის აღნიშნული (არადა, კანონმდებლობით არის აუცილებელი).
ამდენად, სამართლიანი (გონივრულიც) იქნება თუ მერია დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას და აღნიშნულ მონაკვეთზე ვიდეოკამერით, მხოლოდ სანაპიროზე კანონდარღვევით გაჩერებულ ავტომობილებს დააფიქსირებს. ამასთან, მკაფიოდ განსაზღვრავს ტროტუარის ფარგლებს, რისთვისაც, შეიძლება, „ზირაათ ბანკის" წინ მონიშნოს პარკირების სივრცე ან გამოჰყოს რამდენიმე ადგილი ზონალური პარკირებისთვის.
ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი