
ვინაიდან ფეხბურთელების მორიგი გამარჯვებით გამოწვეული ემოციებიც მინელდა და მატჩის შემდგომი ინციდენტის გამომწვევი, აშკარად კურიოზული მიზეზიც გაირკვა, თავი ვალდებულად ჩავთვალე საზოგადოების ყურადღება, იმ „დეტალზე" მივაპყრო, რომელიც არა მარტო გულშემატკივარში უნდა იწვევდეს პროტესტს. მით უმეტეს, საქმე არა ყურით მოსმენილს, არამედ თვალით ნანახს ეხება.
„რეზონანსის" მკითხველებმა იციან, რომ კრიტიკულად ვარ განწყობილი არა მარტო „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ნაუცბათევად დადგენილი სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის, არამედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ოფიციალური სიმბოლოს, ფაქტობრივად, გაურკვეველი წარმომავლობისა და შინაარსის „შავი მხედრის" მიმართ. ვთვლი, რომ მისი „წმინდა გიორგით" მოხსენიება მკრეხელობაა, ვინაიდან მართლმადიდებლური სამყაროს მიერ აღიარებულ ხატებზე (თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზეც) ის მარჯვნივ არის მიმართული და არც შავ (ფაქტობრივად, გლოვის) ფერშია სადმე გამოსახული. ამასთან, ჰერალდიკის წესების თანახმად, წმინდანი შარავანდედით უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, ხოლო თუ ქართველი ფეხბურთელების საიდენტიფიკაციო ნიშანი ვინმესთვის საქართველოსთან („მე ვარ საქართველო") ასოცირდება, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია სპორტულ (მშვიდობიან) პაექრობაში მეტოქე ურჩხულად („ბოროტებად") წარმოიდგინო.
ჩემი არგუმენტები ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც გავაცანი და ვთხოვე, თუ სომხეთის ნაკრებთან გასამართი მეორე შეხვედრისთვის ვერ მოახერხებდნენ სიმბოლოს შეცვლას, ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე წითელი ფერის მაისურებით გამოსულყვნენ, რომლებზეც ფედერაციის სიმბოლო თეთრი ფერისაა.
გამიხარდა, რომ 23 მარტს „შავი ჯორჯი, გიორგი, ჟორა თუ ჟორიკა" არსად ჩანდა, მაგრამ იმ სიმბოლოებს, რომლებიც ეროვნულ სტადიონზე ვიხილე, ძნელია რაიმე გონივრული ახსნა მოეძებნოს.
პირველ იარუსზე 1000 კვ. მეტრამდე ფართზე გადაფენილი თეთრი ბანერის მარჯვენა კუთხეში მხოლოდ წითელი მხედარი და ცხენი იყო გამოსახული, მარცხენაში კი მხოლოდ წითელი ურჩხული („ბოროტება"), რომელიც ნამდვილად არ ჰგავდა დამარცხებულს, ვინაიდან ცეცხლს აფრქვევდა და არც შავი იყო... ამასთან, რატომღაც „მე ვარ საქართველო" ჰქონდა მიწერილი. თუმცა ისიც, ფაქტია, როგორც ჩანს, ფედერაცის მესვეურებს გაუზრებიათ, რომ წმინდა გიორგის მიმსგავსებული ზოგადქრისტიანული სიმბოლოს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებთან იდენტიფიცრება უცხოელებს გაუჭირდებოდათ (განსაკუთრებით, ინგლისელებს), რის გამოც I AM GEORGIA -სთვის ახალი, ტრადიციული ბორჯღალის მსგავსი სიმბოლო მიუხატიათ, თუმცა ლოგიკური იქნებოდა, ცენტრში ფეხბურთის ბურთი მაინც გამოესახათ...
ფაქტია, ფეხურთელებმა მორიგი გამარჯვებით გაგვახარეს, მაგრამ სომხებმა საფეხბურთო სიმბოლიკის გააზრებაში აშკარად გვაჯობეს, ვინაიდან მაისურებზე ბურთისა და ეროვნული სიმბოლოს (არარატის მთის) გარდა, მშობლიურ ენაზეც ჰქონდათ რამდენიმე ასო დატანილი (ევროვიზიის კონკურსისთვისაც გაცილებით გონივრულად არჩევენ სიმღერებსაც და სამოსსაც). არადა, ჩვენი ფეხბურთელების ლოგოს ცხენბურთელებსაც არ ვაკადრებდი...
იმედი მაქვს, ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც სამართლებივი სტატუსით „არასამთავრობო ორგანიზაციაა", ახალი სიმბოლიკის შესარჩევად დროულად გამოაცხადებს ღია კონკურსს, რომ საფეხბურთო ნაკრები მომავალში უფრო გააზრებულად შერჩეული და ყველასგან გამორჩეული სიმბოლიკით იყოს წარმოდგენილი. ვთვლი, რომ პარლამენტმაც უნდა გამოაცხადოს კონკურსი, ვინაიდან სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებითაც, რბილად რომ ვთქვა, უხერხული (ფაქტობრივად, აბსურდული) ვითარებაა შექმნილი...
ცხადია, ახალგაზრდებს (ვერც ზრდასრულ პოლიტიკოსებს) ვერავინ დაუშლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაუცბათევად დადგენილი ხუთჯვრიანი დროშების გამოყენებას (ფაქტობრივად, კათოლიკე ჯვაროსნების ან/და „ნაციონალური მოძრაობისაა"), მაგრამ სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე თუნდაც დისკუსიის დაწყება, ხელს შეუწყობდა, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციასაც.
იმედი მაქვს, მომავალში საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეები (მათ შორის, ეთნიკური რაქართველები), უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაინც გავერთიანდეთ.
დარწმუნებული ვარ, ღია კონკურსის ჩატარების გზით შერჩეული ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც გახდება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები... ამასთან, იმედი მაქვს, სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დადგენილი ახალი სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის ახალი სიმბოლოც, ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც თავად საქართველო და მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია.
ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი