„პოლარიზაცია“ და ტერიტორიის დაკარგვის რეალური საფრთხე
რეზონანსი
13.04.2025

თუ 36 წლის წინ ქართველები „ბოროტების იმპერიიდან“ თავის დაღწევის სურვილმა გაგვაერთიანა, დღეს ერთმანეთთან დაპირისპირებულები, ფაქტობრივად, მხოლოდ „გეოპოლიტიკური ორიენტაციის“ გამო ვავლებთ „წითელი ხაზს“ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის გარშემო, ვინაიდან ვეღარ გავრკვეულვართ „ევროპაში ვბრუნდებით“ თუ „საბჭოთა კავშირში“... 

სულმნათმა მორის ფოცხიშვილმა დიდი ხნის წინ გაგვანდო გულისტკივილი იმის გამო, რომ, „ძმებს ღალატობენ ძმები, ვიღაც მესამის ნებით, შრება სიცოცხლის წყარო, ვიღაც მესამე ხარობს...“. 

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ვიღაც მესამე“ ერქმევა, „უცხო ძალა“, „დიფ სთეითი“, „მასონი“, „ოკუპანტი“ თუ „სტრატეგიული პარტნიორი“, დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ისევ მის (მათ) ინტერესებში ვართ „პროევროპელებად“ და „რუსეთუმეებად“ დაყოფილები, ვისაც საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის მითვისება სურს... 

მიუხედავად იმისა, ილია მეორემ ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანა, „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!“, ფაქტია, გონების ნაცვლად, დღემდე ისევ ემოციებით ვმოქმედებთ და მზად ვართ, განსხვავებულად მოაზროვნეებს ფიზიკურადაც კი დავუპირისპირდეთ... 

არადა, როგორც კი გორბაჩოვის მიერ „გარდაქმნის“ გამოცხადებას (1985), „საჯაროობა“, საზღვრების გახსნა და „ერთობლივი საწარმოების“ შექმნაც მოჰყვა, ნათელი გახდა, რომ მმართველი პარტიის მესვეურები თავად ქმნიდნენ საწინდრებს სოციალისტური სისტემის დემონტაჟისთვის, ხოლო მოქალაქეებს „დიადი დერჟავის“ ან თუნდაც მხოლოდ სოციალური გარანტიების დაკარგვა რომ არ გაეპროტესტებინათ, ალკოჰოლთან და დამატებით შემოსავლებთან წვდომაც კანონით შეუზღუდეს... 

1989 წელს თბილისის მთაწმინდის რაიკომის ინსტრუქტორად ვმუშაობდი. სამართლდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა მებარა. იმ დროს კომუნისტური პარტია ჯერ კიდევ ყველაფერს აკონტროლებდა და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე კადრებსაც თავად არჩევდა... 

ვინაიდან რაიკომი, ფაქტობრივად, პარლამენტის შენობის გვერდით იყო განთავსებული, საშუალება მქონდა არა მარტო მის წინ განვითარებული მოვლენების, არამედ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებისთვისაც მედევნებინა თვალი. მით უმეტეს, რომ, როგორც კი სამედიცინო ინსტიტუტთან „აფხაზეთის ამბების“ გამო აპრილის დასაწყისში შეკრებილმა მოქალაქეებმა „მთავრობის სახლთან“ გადმოინაცვლეს და უკვე „საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით“ ჩამოსხდნენ კიბეებზე საშიმშილოდ, ინსტუქტორებს მათი მეთვალყურეობა და ხელმძღვანელობის ინფორმირება დაგვევალა. 

ცხადია, გამიკვირდა, რომ მილიციელების კორდონმა, ფაქტობრივად, უპრობლემოდ გამოატარა საპროტესტო აქციის მონაწილეები (დაახლოებით ისე, როგორც ეს „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა...), ვინაიდან იმ დროს მოქმედებდა კანონი „მიტინგებისა და მანიფესტაციების აკრძალვის შესახებ“.

ვინაიდან ვხედავდი, რომ საბჭოთა იმპერიის „ზემოდან“ დაშლა იყო დაწყებული და „დინებას მიყოლა“ უფრო გამართლებული მიმაჩნდა, ხოლო თავიდან მხოლოდ 40-მდე აქტივისტი დარჩა ღამით, მეორე დღესვე მოწვეული რაიკომის ბიურის სხდომაზე დამსწრე პროკურორს მოვუწოდე კანონის დაცვა უზუნველეყო და დაუყოვნებლივ აღედგინა წესრიგი (ფაქტობრივად, ორგანიზატორების დაკავება მოვთხოვე), თუმცა, რაიკომის მდივანმა განმიმარტა, მოსკოვიდან მიგვითითეს, დემოკრატიულ პროცესებს ხელი არ შეუშალოთო... 

ვინაიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავდი, რომ დამოუკიდებლობის იდეით შეგულიანებული მოქალაქეების რაოდენობა იმატებდა, ხოლო ეგზალტირებული გამომსვლელები კი, ფაქტობრივად, თვითრეკლამით იყვნენ დაკავებული (საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა იმ დროს გამორიცხული იყო), მეშინოდა, რომ „ვიღაც მესამის“ ინტერესებში სასტიკად დავისჯებოდით... მით უმეტეს, ვიცოდი, რომ სამხედროების მობილიზება დაიწყო, ხოლო საბჭოთა არმიის გენერალიტეტი აღრენილი იყო შევარდნაძეზე გერმანიაში მისი გახშირებული ვიზიტებისა და პრივილეგიების დაკარგვის შიშის გამო... 

მერჩივნა, საბჭოთა კავშირის დაშლას მშვიდად დავლოდებოდით და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი ეკონომიკური ბაზის შექმნაზე გვეზრუნა... მით უმეტეს, რომ გორბაჩოვის მოწოდებაზე „გარდაქმნილმა“ პოლიტბიურომ „განვითარებული სოციალიზმის“ ნაცვლად, ხალხს უკვე „სოციალისტური (ერთპარტიული) სამართლებრივი სახელმწიფოს“ მშენებლობა დაუსახა ორიენტირად, რაც შემდგომ ეტაპზე მხოლოდ „სამართლებრივ სახელმწიფოთი“ თუ ჩანაცვლდებოდა, რომელიც მრავალპარტიულობის (ოპოზიციის) და კერძო საკუთრების გარეშე წარმოუდგენელია...

სწორედ, ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომ გარკვეულ ძალებს (მათ შორის, საკავშირო სუკ-ს ) მომავალი „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ ხელისუფლებების სათავეში მათი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსები უნდა ეხილათ, რომლებიც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების ლიდერებად წარუდგებოდნენ საზოგადოებას, თუმცა, რეალურად „სუკის აგენტები“ იქნებოდნენ და სახელმწიფო („საერთო სახალხო“...) ქონების „პრიხვატიზაციის“ პროცესით „ვიღაც მესამისთვის“ სასურველი „კაპიტალისტების“ ფენის ჩამოყალიბებასაც შეუწყობდნენ ხელს. 

ლოგიკურია, მას შემდეგ, ხალხმა ახალი „პოლიტიკური ლიდერები“ გაიცნო, აქციას „ძალოვნები“ დაშლიდნენ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოქალაქეებს ასე სასტიკად გაუსწორდებოდნენ. მით უმეტეს, რომ წინა დღეს სამხედრო ტექნიკამ რუსთაველზე „მშვიდობიანად“ ჩაიარა, ხოლო აქციის ორგანიზატორებებთან პარტიის ხელმძღვანელი ცდილობდა მოლაპარაკებას... როგორც ჩანს, „ვიღაც მესამეს“ არა მარტო ჯუმბერ პატიაშვილის, არამედ საბჭოთა არმიის დისკრედიტაციაც ჰქონდა გამიზნული, რისთვისაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების სისხლი უნდა დაღვრილიყო...

დღესაც დარწმუნებული ვარ, გონივრული იქნებოდა, კომპარტიას წესრიგის დასაცავად და ქვეყანაში სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად სრულად გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსი, ხოლო დამოუკიდებლობა 1991 წლის 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლის დღეს გამოგვეცხადებინა (ან უფრო მოგვიანებით), რაც თავიდან აგვარიდებდა მეორე დღესვე დაწყებულ „სახალხო-დემოკრატიულ აჯანყებასაც“, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, კომუნისტების ხელშეწყობით არჩეულ პირველ პრეზიდენტს, „გამარჯვებულმა ხალხმა“ სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი ვამჯობინეთ, რომელიც აფხაზეთის დაკარგვის და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აკშარად ისევ „ვიღაც მესამისთვის“ სასურველი „მემკვიდრით“ ჩავანაცვლეთ... 

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1990 წლის დასაწყისში მრავალპარტიულობა თავად კომპარტიამ დააკანონა, გონივრული იქნებოდა, პარლამენტში თავიდან მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო წარმოდგენილი (საბჭოთა კავშირის კომპარტია, საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტია, რომელიც 9 აპრილის შემდეგ შეიქმნა და „გაერთიანებული ოპოზიცია“), რომლებიც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთოებას შეინარჩუნდნენ, რაც ტერიტორიული მთლიანობის გარანტიც იქნებოდა...

კომუნისტური (ტოტალიტარული) რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი 1985 წლამდე რომ გამოგვეხატა, შეიძლება, გამართლებული ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ვიღაც მესამის“ ხელშეწყობითვე კომუნისტების ლიდერად გამწესებულმა კორუმპირებულმა გორბაჩოვმა „ბოროტების იმპერიის“ გამიზნული დაშლა დაიწყო, „დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა“ კი არა, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი საფუძვლების შესაქმელად მუშაობა იყო საჭირო. მით უმეტეს, არც ის მიმაჩნია ლოგიკურად, რომ „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!“. ფაქტია, დინებას ცოცხალი თევზებიც მიუყვებიან და გემებიც, ხოლო მაგ. მდინარე ენგურში ჩავარდნილს, მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვით თუ აქვს გადარჩენის შანსი... 

ამდენად, მეც ვთვლი, რომ 1989 წლის 9 აპრილს დაღვრილი სისხლისთვის პასუხისმგებელები არა მარტო რუსი სამხედროები („შემსრულებლები“), არამედ პოლიტიკური ამბიციების მქონე ან/და მართლაც „ვიღაც მესამის“ აგენტი თანამამამულეები („ორგანიზატორები“) არიან, რომლებიც დაუსჯელები დარჩნენ, ისევე, როგორც „პუტჩისტები“... ამასთან, ჯარს მესანგრეთა ნიჩბები და ქიმიური ნივთიერები მხოლოდ მოსკოვიდან მითითებით შეიძლება გამოეყენებინა, რაც დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატის (პატიაშვილის) გზიდან ჩამოცილებასაც ისახავდა მიზნად. სამაგიეროდ, „ვითარების სტაბილიზაცია“ და კომენდანტის საათის გაუქმება თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ მეორე კომუნისტს (შევარდნაძეს) ჩაეთვალა დამსახურებად, რომელმაც, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიბრუნა „პირველობა“ სამშობლოში... 

დაბოლოს, ვინაიდან ვთვლი, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარებით „მოქკავშირმა“ თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის სამაჩაბლოს და კოდორის ხეობის „დათმობისთვის“, როგორც ხელისუფლებას და ოპოზიციას, აგრეთვე მათ მხარდამჭერებს ემოციების დაოკება, ვითარების განსჯა-გაანალიზება და საქართველოს ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად გაერთიანება მინდა ვთხოვო.

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×