რეზონანსი
23.03.2025

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერევანში გამარჯვებით გაგვახარა. იმედი მაქვს, გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მასპინძლებს მაისურებზე ბურთისა და ეროვნული სიმბოლოს (არარატის მთის) გარდა, მშობლიურ ენაზეც ჰქონდათ რამდენიმე ასო დატანილი. არადა, ჩვენი ფეხბურთელების საიდენტიფიკაციო ნიშანს, ძნელია, რაიმე გონივრული ახსნა მოუძებნო... 

სამწუხაროა, რომ ევრო 2024-ზეც, ფაქტობრივად, გაურკვეველი წარმომავლობისა და შინაარსის „შავი მხედრით“ ვიყავით წარმოდგენილი... ვთვლი, რომ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური სიმბოლოს „წმინდა გიორგით“ მოხსენიება მკრეხელობაა, ვინაიდან მართლმადიდებლური სამყაროს მიერ აღიარებულ ხატებზე (თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზეც...) ის მარჯვნივ არის მიმართული და არც შავ (ფაქტობრივად, გლოვის...) ფერშია სადმე გამოსახული... ამასთან, ჰერალდიკის წესების თანახმად, წმინდანი შარავანდედით უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, ხოლო თუ ქართველი ფეხბურთელების საიდენტიფიკაციო ნიშანი ვინმესთვის საქართველოსთან ასოცირდება, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია, სპორტულ (მშვიდობიან), პაექრობაში მეტოქე ურჩხულად („ბოროტებად“) წარმოიდგინო...

არადა, მაგ., ჩეხებს, ინგლისელებს და შოტლანდიელებს ფეხბურთის ფედერაციების სიმბოლოებად წითელი ან ლურჯი ლომები ჰყავთ შერჩეული, ფრანგებს - თეთრი მამალი, გერმანელებს - თეთრი არწივი, ხოლო ბელგიელებს - წითელი ეშმაკები... ამასთან, შვეიცარიელებს ლოგოზე ფეხბურთელიც ჰყავთ გამოსახული, ხოლო ხორვატებს ტრადიციული თეთრ-წითელი „ჭადრაკის დაფის“ ფონზე - ბურთი. 

შესაბამისად, ვინაიდან ჩემი არგუმენტები ეროვნული ფედერაციის მესვეურებს ადრეც გავაცანი, მერჩივნა ფეხბურთელების მაისურებზე „შავი ჯორჯი, გიორგი, ჟორა თუ ჟორიკა“ აღარ მეხილა, ხოლო თუ ვერც სომხეთის ნაკრებთან გასამართი მეორე შეხვედრისთვის მოხერხდება სიმბოლოს შეცვლა, უმჯობესი იქნება, ჩვენი ფეხბურთელები საკუთარ მოედანზე წითელი ფერის მაისურებით მაინც გამოვიდნენ, რომლებზეც ფედერაციის სიმბოლო („მე ვარ საქართველო!“) თეთრი ფერისაა. ყველა შემთხვევაში, სანამ ახალი ოფიციალური სიმბოლო შეირჩევა, შავ ლოგოზე მაინც უნდა ვთქვათ უარი და, დროებით, მხოლოდ წითელი გამოვიყენოთ. 

იმედი მაქვს, ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც სამართლებივი სტატუსით „არასამთავრობო ორგანიზაციაა“, ახალი სიმბოლიკის შესარჩევად დროულად გამოაცხადებს ღია კონკურსს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოც და მისი საფეხბურთო ნაკრებიც გონივრული და გამორჩეული სიმბოლიკით იყოს წარმოდგენილი. მით უმეტეს, მგონი, ფრანგებიც კი აპირებენ პირველი ლიგის ლოგოში „ქართული ელემენტის“ გამოყენებას, რომელიც კვარაცხელიას უკავშირდება... 

ცალკე მსჯელობის თემაა, თუ რატომ აღარ გვაქვს სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი“, როგორც ეს პარლამენტმა 1999 წელს დაადგინა და რატომ აქვს მასზე გამოსახულ წმინდანს ევროპელებისთვის კარგად ნაცნობი გამოსახულებისგან განსხავებული „ორიენტაცია“... არადა, ცნობილია, რომ ჰერალდიკური ნიშნის მიმართულების ცვლილება მის შინაარს დიამეტრალურად ცვლის. შესაბამისად, მაგ., სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლო შემოტრიალების შემდეგ უკვე ბოროტებად აღიქმება, მტერს გამოდევნებული (გამარჯვებული) მხედარი, მიმართულების შეცვლით, დევნილი (დამარცხებული) ხდება, ხოლო მობრუნებული კანონიერების სიმბოლო უკვე უკანონობას აღნიშნავს...

მართალია, ფეხბურთის ფედერაციას არაფერ შუაშია, მაგრამ საზოგადოებას კითხვები არა მარტო გერბის, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აშკარად ნაუცბათევად მიღებული სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის თობაზეც უჩნდება. 

ცხადია, ახალგაზრდებს (ვერც ზრდასრულ პოლიტიკოსებს...) ვერავინ დაუშლის ხუთჯვრიანი „ეროვნული“ (ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“...) დროშების გამოყენებას და „რევოლუციური“ ჰიმნის მღერას, მაგრამ სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე თუნდაც დისკუსიის დაწყება, ხელს შეუწყობდა, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოების „დეპოლარიზაციასაც“. იმედი მაქვს, მომავალში საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეები (მათ შორის, არაქართველები...), უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაინც გავერთიანდეთ. 

ფაქტია, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც, რომლის არა თუ რიგითი მოქალაქეების, არამედ პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო დროშა ისტორიულია, რელიგიური თუ პარტიული, ან რატომ არის „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა“ გამოფენილი კათოლიკე „ტამპლიერების“ ვებგვერდზე („TEMPLAR FLAG”). ისიც სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის სახელმწიფო ჰიმნში ნახსენები „საქართველო“ და რატომ უნდა უმღეროს სპორტსმენმა ან გულშემატკივარმა „ცისკრის ვასკვლავს“ („ლუციფერს“, „სატანის სიმბოლოს“...), რომელიც, რატომღაც, „ორ ზღვას შუა ბრწყინდება“ (არადა, კონტიტუციით საქართველოს ტერიტორია მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებულ საზღვრებში არის განსაზღვრული...), აგრეთვე, ადიდოს მხოლოდ „თავისუფლება“, როდესაც სამართლებრივი სახელმწიფოებიც და თითოეული შერაცხადი (გონიერი) ადამიანიც გარკვეული ვალდებულებებით არიან შეზღუდულები. ამასთან, ისიც ფაქტია, დედაეკლესია „ღმერთთან წილნაყარობას“ („გათანაბრებას“, „წილში ჩაჯდომას“...) ცოდვად მიიჩნევს... არადა, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკუთარი სახელი და ისტორია, უფლება აქვს სახელმწიფო („ეროვნული“) სიმბოლოების წარმომავლობისა და შინაარსის (სემანტიკის) თაობაზეც იცოდეს სიმართლე. 

დარწმუნებული ვარ, ღია კონკურსის ჩატარების გზით შერჩეული ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც გახდება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები... ამასთან, იმედი მაქვს, სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დადგენილი ახალი სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის ახალი სიმბოლოც, ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც თავად საქართველო და მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×