
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალი შენობის მაკეტის პრეზენტაცია გაიმართა (16.06.2020), ვცდილობ არა მარტო იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, არამედ ქვეყნის მესვეურებსაც ავუხსნა, რომ ამის გაკეთება მორიგი შეცდომა იქნება. ცხადია, შესანიშნავია, დედაქალაქში ახალი აეროპორტისა და თანამედროვე სტადიონის აშენება, მაგრამ იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, თუ რეალურად ვაპირებთ ევროინტეგრაციას, სასამართლოებიც (საქალაქო და სააპელაციო) შესაფერის შენობებში უნდა განვათავსოთ!
ევროპელები ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერსახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ სასამართლოების... ადამიანი შენობაში შესვლისთანავე უნდა განიმსჭვალოს პატივისცემითა და ნდობით სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი, ხოლო სასამართლოს სხდომათა დარბაზი ოფიციალური პროცედურის განსაკუთრებულობას უნდა უსვამდეს ხაზს... მით უმეტეს, რომ შესაბამისი კანონიც ავალდებულებს სახელმწიფოს „მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას საქმიანობის ღირსეული პირობები“.
საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა, მკაფიოდ ჩანს, აეროპორტიდან მომავალ ავტომაგისტრალზე აღმართული თბილისის საპატრულო პოლიციის ნათელი (ღამის სათებში კი მანათობელი...) მინის სასახლისა და დიღმის ტრასაზე ავეჯის სალონის უკან განთავსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ბუტაფორულფასადიანი შენობის შედარებით. არადა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტისთვის, პარლამენტისთვის, იუსტიციის სამინისტროსა და „იუსტიციის სახლისთვისაც“ კი აიგო ახალი, თანამედროვე იერსახის შენობები, ხოლო „სასამართლო რეფორმის“ დაწყებისთანავე თბილისის ათი რაიონული სასამართლოდან მხოლოდ 5 დარჩა, (მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზი სააკაშვილმა პირადად „შეათეთრა“ „როტარი კლუბის“ მიერ ნაყიდი საღებავით...).
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დედაქალაქში სასამართლოს კუთვნილი დანარჩენი შენობებიც „გასხვისდა“, ხოლო საქალაქო სასამართლო გარეუბანში მდებარე, ნაუცბათევად თაღებმიდგმულ შენობაში და თანაც, 05.05.05–ში „საზეიმოდ“ ისე გაიხსნა, რემონტი ჯერ დასრულებული არ იყო... ამასთან, „სხდომათა დარბაზები“ დაბზარულკედლებიან სხვენშიც („ჩერდაკში“) განთავსდა... რეფორმის მესამე ეტაპზე სასწავლებლისთვის განკუთვნილ 5 - სართულიან შენობას მარცხნიდან მიაშენეს სრულიად სხვა არქიტექტურული სტილის „მისაღები“, ხოლო „მეოთხე ტალღაზე“ 3 - სართულიანი „ფლიგელიც“ დაემატა, რომელშიც „სამართლიანობის აღსადგენად“, ამჯერად, უკვე სარდაფი („პადვალი“) გამოიყო...
არადა, შეუფერებელ პირობებში თუნდაც მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის თაობაზე სხდომის გამართვა, პირველ რიგში, აშკარად ხელყოფს მანტიაში შემოსილი იმ მოსამართლის ღირსებას, რომელიც თანამდებობაზე სწორედ გამორჩეული პიროვნული თვისებების გამოა გამწესებული, ხოლო გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით უნდა გამოიტანოს. ამასთან, შეურაცხმყოფელია, პროცესში მონაწილე მხარეებისა და დამსწრე პირების მიმართაც, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან, თავად მოსამართლეებისადმი სრულიად უსამართლო (ფაქტობრივად, აგდებული...) დამოკიდებულების გამო, უნდობლობით განეწყობიან, არა მარტო ე. წ. მესამე ხელისუფლებისადმი, არამედ მთლიანად სახელმწიფოსადმი.
არც იმის გამართლება შეიძლება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო დიღმის მასივში, ცენტრალური გზის პირას მდგარი კრიმინალური პოლიციის მაღლივი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლისთვის გათვალისწინებულ ნაგებობაშია დღემდე განთავსებული, ეზოში შესასვლელი მეორადი საქონლის საწყობებს უფრო შეეფერება, ხოლო „ვიზიტორების“ საერთოდ არ არის გათვალისწინებული „პარკინგი“...
ამდენად, თუ ნამდვილად გვინდა ევროპასთან დაახლოება, დროა, დედაქალაქის სასამართლოებსაც მივხედოთ და შესაფერის შენობებში განვათავსოთ. მიმაჩნია, რომ გამორჩეული იერსახის ახალი შენობის აგება მეტრო „ისნის“ წინ არსებულ და დღემდე აუთვისებელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რისთვისაც სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიყიდოს მიწა მესაკუთრეებისგან.
თუ არსებულ პროექტს სპეციალისტები ახალ გარემოსთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ, სასურველია, სასამართლოს ახალი შენობა საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შეირჩეს, ხოლო მშენებლობისთვის აუცილებელი თანხების მოძიებაში, დარწმუნებული ვარ, მეგობარი ქვეყნებიც დაგვეხმარებიან. ამასთან, შერჩეული პროექტის განხილვა სრულიად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რაშიც სპეციალისტებთან ერთად, ადვოკატებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება შედეგი ისევ არასახარბიელო მივიღოთ და სასამართლოს ახალი შენობისთვისაც დაგვენანოს ბუნებრივი სამშენებლო მასალები. ახალი შენობა დედაქალაქის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილს მომსახურებოდა, ხოლო დიღომში სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტაციულ საქმეთა მეორე კოლეგიები დარჩებოდნენ, რომლებიც მაგ., საბურთალოს, დიდუბეს, ნაძალადევს, ჩუღურეთსა და გლდანს მოემსახურებოდნენ.
ცხადია, მტკვრის ხეობაში 42 კმ–ზე გადაჭიმული მილიონნახევრიანი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში სასამართლოს განთავსება მოქალაქეებსაც მოუხსნიდა შენობამდე მიღწევის პრობლემას და სამართალდამცავთა დროისა და საბიუჯეტო სახსრების ფუჭად ფლანგვასაც გამორიცხავდა (მით უმეტეს, გახშირებული საცობების პირობებში...). სრულიად გაუმართლებელია, როდესაც მაგ., ვარკეთილში, ვაზისუბანში, ლილოსა ან ფონიჭალაში დაკავებული სამართალდამრღვევის დიდ დიღომში გადასაყვანად პოლიციელები რამდენიმე საათს და 10-15 ლარის საწვავს მაინც ხარჯავენ უაზროდ. ამასთან, სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განთავსება, სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან.
სოფელ დიღომში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე კი, უმჯობესი იქნებოდა, თანამედროვე სტანდარტების დროებითი განთავსების იზოლატორი აგვეშენებინა, რომელშიც ბრალდებულები მართლსაჯულების განხორციელებას კომფორტულ პირობებში დაელოდებოდნენ, ხოლო სასამართლო სხდომებზე არსებულ შენობასთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა დერეფნით გადაიყვანდნენ. აქვე, შეიძლებოდა, სასამართლოს არქივიც გადმოგვეტანა, რომელიც სოფელ ლილოშია განთავსებული, რის გამოც დოკუმენტის მოსაძიებლად ან დასაბრუნებლად საქალაქო სასამართლოში მისულ მოქალაქეს თბილისის მეორე ბოლოში აგზავნიან...
დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობისა და მატერიალური ბაზის თაობაზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. ამასთან, თუ რეალურად ვაპირებთ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებას,, როგორც პატრიარქი გვირჩევს, ქმედებები „ანალიტიკურ აზროვნებაზე უნდა დავაფუძნოთ და არა ემოციებზე“ (ან კიდევ უარესი, მშენებლობასთან დაკავშირებულ კორუფციულ ინტერესებზე)...
იმედი მაქვს, მოსამართლეთა კორპუსის გონივრულად (თუნდაც ვენეციის კომისიიის ან ილია ჭავჭავაძის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით... ) დაკომპლექტების შემთხვევაში, ისანში ან სხვა უფრო შესაფერის ადგილზე აღმართულ ახალ შენობაში, მართლაც, ევროსტანდარტების დონეზე განხორციელდება სამართლიანობის აღდგენა, რის გამოც მადლიერი მოქალაქეები მას მართლმსაჯულების „სასახლედ“ ან „ტაძრადაც“ კი მოიხსენიებენ.
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი