რეზონანსი
25.02.2025

ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი ამერიკელ ოლიგარქთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერით გამწესდა, მოსალოდნელი იყო, რომ მისი განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად არ დარჩებოდა. თუმცა, რასაც ინაუგურაციიდან განვლილი ერთი თვის განმავლობაში ვუყურებ, ცნობილი ამერიკული ფილმის, „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს“, გაგრძელება მგონია... 

ცხადი ხდება, რომ „სპეცოპერაციამ“ უკრაინაში დედამიწაზე ტერიტორიების და ბუნებრივი რესურსების მორიგ გადანაწილებას დაუდო სათავე. გარდა იმისა, რომ უკრაინის მიწისა და წიაღისეულის საბადოების დიდი ნაწილი „სტრატეგიული პარტნიორების“ ხელშიც აღმოჩნდა, იარაღის ბიზნესითაც ბევრმა „ევროპელმა მეგობარმაც“ იხეირა... ფაქტია, ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ გახდა „დიქტატორი“ და „კორუმპირებული“, რაც უკრაინული მიწის ნახევარზე მეტი ამერიკულ კომპანიებზე გასხვისდა და ილონ მასკსაც გაუჩნდა ევროპაში ელექტრომობილების წარმოებისთვის იაფი ნედლეულის მიღების შანსი... ამასთან, გარდა იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმაც გამოთქვა რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიის მიერთების სურვილი, ჰააგის ტრიბუნალის მიერ ბრალდებულებად ცნობილ პირებს მოევლინა ქომაგად და პალესტინელების გადასახლების გზით გადაწყიტა დედამიწაზე მორიგი „ცხელი კერის“ გაქრობა... 

გლობალური „მართვადი ქაოსი“ ვის ინტერესებშია, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ, ვინაიდან ტრამპი უკვე პუტინთან შესახვედრად ემზადება, მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებულ გამოწვევებზე გავამახვილებ ყურადღებას. 

ცხადია, სანქციების შედეგად ეკომომიკურად აშკარად მომძლავრებული და მილიტარიზებული რუსეთი კავკასიონის ქედს არავის დაუთმობს. ამასთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მესვეურებიც ელოდებიან თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესების დასაცავად. არადა, ამერიკელებს ჯერ კიდევ 1918 წელს ჰქონიათ გეგმა, ამიერკავკასიაში მხოლოდ ორი სახელმწიფო (თურქეთი და სომხეთი) დარჩენილიყო, ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელები დასახლებულიყვნენ...

იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-სა და რუსეთის მესვეურებმა (ფაქტობრივად, იმპერატორებმა...) გამოძებნეს საერთო ენა, „ანგლო-საქსური კავშირის“ ფორმირების თაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების იმედით, ქართველები უარს ვამბობთ მეზობელ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე („3+3“ ფორმატში), მიუხედავად იმისა, რომ არც აფსუა-აფხაზებს უძახიან და არც ოსებს, მაინტერესებს, „დამეგობრებული“ ტრამპი და პუტინი საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზეც რომ შეთახმდნენ, ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკავშირის ქვეყნები მოგვამარაგებენ იარაღით?! 

სწორედ ზემოაღნიშნული მოცემულობების ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ სამშობლოში შემორჩენილი ქართველების მორიგი დაპირისპირება („პოლარიზაცია“) ისევ „ვიღაც მესამის“ ინტერესებშია და მხოლოდ მოვლენების სასურველი სცენარით განვითარების (ფაქტობრივადა, მხოლოდ უფლის...), იმედი მაქვს... 

კარგი იქნებოდა, ტრამპი ბუქარესტში ჩასულიყო და პირველ რიგში, მაია სანდუს შეხვედროდა. ვინაიდან სახელმწიფო ენა უკვე ერთი აქვთ და მოლდავეთის მოქალაქეთა უმრავლესობა იმავდროულად რუმინეთის მოქალაქეა, დარწმუნებული ვარ, ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანების თაობაზე აშშ-ის შუამავლობით საბოლოო შეთანხმების მიღწევა აშკარად პოზიტიურ განწყობას შექმნიდა აღმოსავლეთ სლავების მოსარიგებლადაც. 

ვინაიდან ტრამპი ზელენსკისთანაც ურთიერთობს, გონივრული იქნებოდა, ბუქარესტში მასაც შეხვედროდა, რის შემდეგადაც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, ხოლო რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირებოდა. 

არსებითი აღარ არის საზღვარი დნეპრზე გაივლის თუ ტერიტორიის გადანაწილების სქემაზე დაზავებული მხარეები მოგვიანებით შეთანხმდებიან, ფაქტია, თუ აშშ ნატოს ან/და უშუალოდ უკრაინას აღარ დააფინანსებს, უკრაინა შეძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან (მოსახლეობისგან დაცლილ ტერიტორიას მეზობელი სახელმწიფოები გადაინაწილებენ...), ხოლო კომპრომისი შანს უტოვებს დნეპრის დასავლეთით მდებარე ან ძირითადად კათოლიკეებით დასახლებული ნაწილი მაინც გახდეს ევროკავშირის წევრი. 

დარწმუნებული ვარ, თუ „სტრატეგიული პარტნიორები“ ზელენსკის იარაღს ან/და ფულს აღარ წააშველებენ, აღმოსავლეთ სლავები „სამეზობლო დავას“ თავად მოაგვარებენ. მით უმეტეს, „უკრაინა“, ფაქტობრივად, რუსეთის განაპირა ნაწილია („ოკრაინა“), რომელსაც „მალოროსიადაც“ („მცირე რუსეთად“) მოიხსენიებენ. 

დღეს უკვე არაც იმას უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა ისტორიულად სლავური ეთნოსი „კიევის რუსეთიდან“ იღებს სათავეს, ვოლგისპირეთიდან, მოსკოვიდან თუ, სულაც აზიიდან ჩამოსულები ჰყავდათ წინაპრებად. ფაქტია, ერთიანად 200 მილიონამდე არიან, ენაც და დამწერლობააც, ფაქტობრივად, ერთი აქვთ და ხმელეთის 1/6-თან ერთად, მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების უდიდეს ნაწილსაც ფლობენ...

ამდენად, კარგი იქნებოდა, ბუქარესტში ლუკაშენკოც მიეწვიათ და ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სლავური სახელმწიფობის ლიდერებს საერთაშორისო სამართლის ახალი სუბიექტის შექმნის თაობაზეც მიეღოთ გადაწყვეტილება. შესაძლებელია, „სლავური კონფედერაცია“ ან, თუნდაც „სუვერენულ სლავურ რესპუბლიკათა კავშირიც“ (ანუ, ისევ „სსრკ“) უწოდონ, მთავარია, გარდა იმისა, რომ მოგვარდებოდა თავად ამ სახელმწიფოებში და ერთმანეთთან ურთიერთობებშიც არსებული პრობლემები, საქართველოსაც გაუჩნდებოდა შანსი აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა და არსებითად გაეუმჯობესებინა ეკონომიკური მდგომარეობაც. 

დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული სლავებიც რეფერენდუმითვე დემოკრატიული განვითარების გზას და ევროინტეგრაციას აირჩევენ (წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ჩინეთთან ან ჩრდილოეთ კორეასთან მოუწევთ ინტეგრაცია...), ხოლო სამსუბიექტიანი კონფედერაციის ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველოც აღადგენდა თანამშრომლობას დსთ-სთან, რომელშიც რუსეთს ახალი სუბიექტი ჩაანაცვლებდა. ამასთან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ჩვენი ქვეყანა „ექვსთა კავშირშიც“ გაერთიანდებოდა და, თუ მიიღებდნენ, „ბრიქს“-შიც... 

ვინაიდან ახალი ე. წ. გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით (რუსეთი საქართველოდან ჯარის გამყვანი არ არის, ხოლო ნატოს საკუთარი წევრებისთვის ვერ მოუგვარებია ტერიტორიული დავები), საქართველო ახალ სლავურ სახელმწიფოს ან უკვე მისი მონაწილეობით ფორმირებულ დსთ-ს გრძელვადიანი იჯარით (49 წლით) გადასცემდა მიწის ნაკვეთებს სამხედრო ბაზების განსათავსებლად, ხოლო სარგებლობის ქირას ე. წ. ბარტერით (მაგ., ნავთობპროდუქტებით, მარცვლეულით, ხე-ტყით, ტექნიკით) მიიღებდა (მაგ., ბელარუსი, ელექტროავტობუსებსაც აწარმოებს და სატვირთო მანქანებსაც.). მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სლავებს უკვე დავუთმეთ (რაც არ არის გასაკვირი, როდესაც „აჯანყება- რევოლუციებით“ ხელისუფლების გადაბარება, ფაქტობრივად, ორივეჯერ „ივანოვების“ ჩარევით მოხდა...) და მარცვლეულის 95 %–იც სწორედ მათგან შემოგვაქვს... 

მართალია ზოგიერთ ჩვენს „სტრატეგიულ პარტიორს“ საქართველო, ფინიად წარმოუდგენია და უკვე 30 წელია, რაც „მიმავალი ქარავნის საყეფად“ აქეზებს, მაგრამ რეალობაა, რომ პუტინი ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს საქართველოსა ან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან სამი წლისთავზე ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია კარგ არაფერს გვიქადის, მით უმეტეს, რომ მესამედი საუკუნის წინ დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში უკვე კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი, ხოლო სანამ „ევროსტანდარტებს“ დავაკმაყოფილებთ, თუ მანამდე თვითონ ევროკავშირი არ დაიშალა, შეიძლება, „სტრატეგიულმა პარტიორებმა“ ჩვენ დაგვშალონ იუგოსლავიასავით, ხოლო ნატოში მხოლოდ დამოუკიდებელი „რესპუბლიკა აჭარა“ ან/და „ბორჩალო“ მიიღონ... 

ძალიან მინდა, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ მაინც ჩამოყალიბდეს, მაგრამ რომელ „ევროპაში დაბრუნებაზე“ გვაქვს პრეტენზია, როდესაც მესამედი საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელი სასამართლოც კი ვერ შევქმენით (არადა, სასამართლო რეფორმა ამერიკელების ზედამხედველობით განვახორციელეთ...) და თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზები დღემდე სხვენში („ჩერდაკში“) გვაქვს განთავსებული, საგზაო ნიშნები და მონიშვნა დედაქალაქშიც კი ვერ მოვაწესრიგეთ, ხოლო მძღოლებს ისევ კომუნისტების მიერ, 1984 წელს მიღებული, ნამდვილად „რუსული კოდექსით“ ვაჯარიმებთ... 

შესაბამისად, დაშლის პირას მყოფი ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვისურვებდი, ტრამპს პუტინთან შეხვედრაზე საქართველოდანაც მიეწვია მისთვის სასურველი პოლიტიკოსი და ახალ სლავურ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება („სტრატეგიული პარტნიორობა“) ერჩია, ხოლო თუ „ჩრდილოელი მეზობელი“ არ იქნებოდა წინააღმდეგი, საქართველოს სამხრეთ რეგიონებში (მაგ., ფოთთან, ახალქალაქთან ან მარნეულთან) ნატოს ან ანგლო-საქსური კავშირის სამხედრო ბაზების განლაგების შესაძლებლობაზეც ემსჯელათ. 

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×