
პირწიგნაკზე რომელიღაც საინფორმაციო ბლოგმა ჩვენი გიორგი კეკელიძის მიერ გავვრცელებული ახალი ამბავი გვამცნო: "დღეს, შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკის გათბობა-კონდიცირების მოწყობაში ბუდუ ზივზივაძის ოჯახი დაგვეხმარა"-ო. მშვენიერი ახალი ამბავია. ჩემი გულითადი მადლობა ბუდუს და მის ოჯახს! ბუდუ, მაგგარრი ადამიანი ხარ!... მადლობა, აგრეთვე, გიორგი კეკელიძეს.
რასაც აქ დავწერ, გიორგის კრიტიკად ნუ მიიღებთ. "შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკა", როგორც მივხვდი, რუსთავში დაუარსებიათ. გიორგი იქნება ამ კარგი საქმის მომქმედი. მადლობა და ჩემი დიდი პატივისცემა რუსთავს და რუსთაველებს. ოღონდ, არის ერთი "მაგრამ"...
ეს, ხშირად უხეირო სიტყვა, ხშირად უსიამოს მომლოდინე თუ წინმსწრები და, ასევე ხშირად, სიკვდილივით აუცილებელიცაა. აი ეს "მაგრამ": კი "მაგრამ", შინდისის გმირები ჩვიდმეტნი არიან?! შინდისში ჩვიდმეტი ქართველი შეეწირა საქართველოს - მემორიალზეც ჩვიდმეტი გმირია.
აი, შინდისელები - მარლენ ბარამია, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, უჩა გუგუჩია, მიხეილ დვალიშვილი, რომან ზოიძე, ფელიქს კაკაურიძე, ოთარ კალმახელიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე, შმაგი კუპატაძე, ლევან მელქაძე, მირზა მალაზონია,
ალექსანდრე ონიანი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ილია შეყლაშვილი, თენგიზ ცანავა, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ირაკლი ჯანელიძე და ვეფხია ჯიშკარიანი - ქართველი მებრძოლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს 11-ს მტრის ჩასაფრებას გადააწყდნენ გორის რაიონის სოფელ შინდისთან და დაუფიქრებლად ჩაებნენ მრავალრიცხოვან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. ოცდაერთი ყოფილან შინდისთან მებრძოლი ქართველები.
ჩვიდმეტი მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. უჩა გუგუჩია, ოთარ კალმახელიძე, მირზა მალაზონია და თენგიზ ცანავა - ოთხი გმირი გადაურჩება შინდისის ბრძოლას. გადარჩენილი ოთხი გმირიდან ერთს, ოთარ კალმახელიძეს, რამდენიმე წელიწადში გული უღალატებს და მარადისობაში შეუერთდება შინდისელ ძმებს.
შინდისთან, ჩემს და შენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს შეწირული ბიჭები ჯერჯერობით უფრო გვტკივა, ვიდრე მათი სახელებით ვამაყობთ. წლების და საუკუნეების მერე კი, შთამომავლობა იამაყებს. დიახ, იამაყებს! ჩემს თაობას ნაკლები აქვს საამაყო. მითუმეტეს მათ, ომის დროს ქვეყანას ქედზე რომ ასხდნენ და ცხინვალიდან, ომის მიწურულს, ამ ბიჭების შენაერთი უსაფრთხოდ ვერ გამოიყვანეს.
ბიჭებმა კი, სამშობლოს ჯარისკაცებმა, ვაჟკაცურად, ქართულად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე და შეაკვდნენ ჩასაფრებულ მტრებს. "შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკა"-ო, ეს სახელი მიუნიჭებიათ ბიბლიოთეკისთვის. ამაზედაც გმადლობ უფალო! მაგრამ, ეს ოთხეული, დაჭრილ-დასახიჩრებული მებრძოლი, რომლებიც სოფელ შინდისის მაცხოვრებლებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს, შინდისელები არ არიან?! თუ, რახან ცოცხლები დარჩნენ, გმირები არ არიან?! როგორ არ გავიხსენო აქ, სხვა გმირებიც?!
წინა ომში დაჭრილ-დასახიჩრებული ჩვენი გმირი ბიჭები, აფხაზეთიდან ცოცხალ-მკვდრები რომ ჩამოიყვანეს და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. მათგან, - სახელმწიფომ და ჩვენ ბედის ანაბარა რომ მივატოვეთ, - მომისმენია (თქვენც მოგისმენიათ, ალბათ):
‘ჩვენი დანაშაული ისაა, იქ ბრძოლის ველზე რომ არ მოვკვდით"-ო. ზუსტად იგივე სიტყვები, პირადად მომისმენია ერთი, სასწაულებრივად ცოცხლად დარჩენილი ბიჭისგან, უჩა გუგუჩიასგან. დანარჩენი ორი შინდისელის ბედი, ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცი. ღმერთმა სიკეთით ატაროთ! რა გამოდის, ძვირფასო თანამემამულეებო?!...
მხოლოდ ბრძოლის ველზე დაცემული ვაჟკაცია გმირი და ცოცხლად გადარჩენილი არა?!... ნეტავ, ყველა ცოცხალი გადარჩენილიყო - ისინი, ყველანი ერთად, გმირები არიან, შინდისელი გმირები! ბიბლიოთეკას, თუ მაინცდამაინც, "შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკა"-ს კი არ დავარქმევდი, არამედ "შინდისის ბრძოლაში შეწირულთა (ან, გმირულად დაცემულთა) ბიბლიოთეკას".
რატომ ვტკენთ გულს ჩვენს გმირ ბიჭებს?! თუ „განდიდების მანიაში" არ ჩამომართმევთ, ცხრა წელიწადი ვწვალობდი, ვცოდვილობდი, ვწერდი პიესას „შინდისელები". ხალხში ლეგენდებად გავრცელებული ამბების გამოძახილიცაა პიესაში - ამას გვერდს არა და ვერ ავუვლიდი. მაპატიეთ, გადახვევისთვის - გნებავთ, ლირიული გადახვევა დაუძახეთ.
ბევრს ნახავთ, გნებავთ მსოფლიო ლიტერატურაში ასეთ სახეს? „ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ..." ამის ავტორი ოციოდე წლის შინდისელი ბიჭია, მიხეილ დვალიშვილი. ამ ბიჭებს ერთმა გმირმა გოგონამ, პოეზიის გმირმა გოგონამ, მეტად მწარედ, მტკივნეულად მწარედ ადრე წასულმა გოგონამ, მათი ღირსების შესაბამისი მიაგო: „ამ ნასისხლსაც მალე ბარდი გადაფარავს, ეკლიანი მიწებია, შვილო, ქართლში.
ეს ბიჭები, მიწასამოფარებული, საქართველოვ, მშვი-დო-ბა-ში!" ნინო ნეკერაშვილი, ნეკერაა, ეს გმირი გოგონა - ნათელი შინდისთან შეწირული ბიჭების და მის სულებს. გავკადნიერდები („განდიდების მანია" დაუძახეთ, თუ გინდათ) და ერთ ნაწყვეტს მოვიტან პიესიდან „შინდისელები": სცენაზე შემოდის მტრის პოლკოვნიკი. მას უკან მოჰყვება სამი ჯარისკაცი.
მოროდიორები ფეხზე წამოხტებიან და სმენაზე გაიჭიმებიან. სამხედრო სალამს აუღებენ პოლკოვნიკს. პოლკოვნიკი: ჩტო სდეს პროისხოდიტ? სკოლკო იხ? ერთი წვირიანი ჯარისკაცი: (თვალს მოავლებს ირგვლივ. ითვლის) იხ სდეს სემნადცატ. პოლკოვნიკი: სემნადცატ?!...
ზნაჩიტ, ვსეგო ლიშ ვზვოდ ვოევალ. ა ნამ კაზალოს ჩტო იხ ცელიი ბატალიონ... ნუუ, მოლოდცი ხლოპცი!... ატლიჩნო სრაჟალის! მეორე წვირიანი ჯარისკაცი: ასტალნიე, კაჟეტსია, უდრალი, გასპადინ პოლკოვნიკ. პოლკოვნიკი: - კუდა უდრალი, დებილ?!... ონი ბილი ოკრუჟენი... სრაჟალის ხლოპცი დო პოსლედნეგო! (მეოცნებე სახით) მნე ბი ტაკიხ, ტამ, ვ გარახ!... (ციტატის დასასრული).
გულში ხინჯად მაქვს ცოცხალი გმირების ნათქვამი: „მაპატიე, ჩემო სამშობლოვ, ბრძოლის ველზე რომ არ დავრჩი მკვდარი!"-ო. დამნაშავე ვარ, თქვენს წინაშე დებო და ძმებო, შვილებო! ყველასთან, ბრძოლის ველზე დაცემულებთან და სიცოცხლემისჯილებთან!... დამნაშავეები ვართ! გვაპატიეთ!...
სოლომონ ნერგაძე