შს მინისტრს საპატრულო პოლიციელების ღია ფერის საზაფხული ფორმით შემოსვას ურჩევენ
რეზონანსი
04.06.2023

მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ საპატრულო პოლიციელები, რომლებიც დაუღალავად იღწვიან ქვეყანაში მართწესრიგისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. არ უნდა იყოს სადავო, რომ პოლიციელს ეფექტური საქმიანობისთვის სახელმწიფომ ღირსეული (ნორმალური) პირობები უნდა შეუქმნას. შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალე საზოგადოების ყურადღება, ერთი შეხედვით თითქოს არაარსებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თითოეული საპატრულო პოლიციელისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო, რომელიც ზაფხულის დადგომისთანავე ხდება აქტუალური. 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიციელების შავი ფორმა შეიცვალა, მუქი ლურჯი ფერის მაისურები და ამავე ფერის კეპები, ზაფხულში, ისეთივე ცხელია, როგორც ადრინდელი (მხოლოდ იმით არის უკეთესი, რომ ქუდს ხელოვნური ტყავის სარჩული აღარ აქვს). აღნიშნულის გამო, პოლიციელები კონდიცირებულ ავტომობილებში ყოფნას ამჯობინებენ, ხოლო თუ გადმოსვლა უწევთ, მზის სხივებისგან დასაცავად ჩრდილს აფარებენ თავს. 

სავსებით შესაძლებელია, აშშ-ის ჩრდილოეთით მდებარე რომელიმე შტატის ან კანადის პოლიციელებს მთელი წლის განმავლობაში ეცვათ შავი ფორმა, მაგრამ საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, მაისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაუსაძლისი სიცხეა, უაღრესად არაგონივრულია (არაჰუმანურიც) გზებზე წესრიგის დამცველებს შავი ან მუქი ლურჯი ფორმა ჩააცვა (მით უმეტეს, ამავე ფერის ქუდიც დაახურო...), ვინაიდან მუქი ფერი მზის სხივებს შთანთქავს და სითბოდ აქცევს. არც საზაფხულო ფორმის ტანსაცმლის ხელოვნური ქსოვილისგან შეკერვაა გამართლებული, ვინაიდან სინთეთიკური მასალა სითბოს კარგი გამტარია და მზის ენერგიას უშუალოდ სხეულს გადასცემს, რის გამოც მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა სრულიად აუტანელი ხდება (ფაქტია, ზოგიერთ პოლიციელს, სხეულის გადახურების გამო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საზეიმო ღონისძიებების მსველობისასაც კი დასჭირდა). 

ცნობილია, რომ პოლიციელებს, ავტომობილით გადაადგილების გარდა, ქუჩაში დგომა და მოძრაობის რეგულირებაც უწევთ, ხოლო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე ნახაზსაც თვითონ ადგენენ და მოწმეებსაც ახსნა-განმარტებებს აწერინებენ, რაც ზაფხულის მზიან დღეებში მუქ ფორმაში გამოწყობილებისთვის, ფაქტობრივად, მარტენის ღუმელთან დგომის ტოლფასია... 

სამწუხაროდ, სამსახურის დაკარგვის შიშით, პოლიციელები პრეტენზიების საჯაროდ გამოთქმას და საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ბედავენ, თუმცა გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ დიდი სურვილი აქვთ, ღია ფერის საზაფხულო ფორმა მოირგონ, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის თანახმად, პოლიციელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამდებობრივი ფუნქციის ჯეროვნად შესასრულებად აუცილებელი პირობებით. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ზაფხულში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ზონაში მყოფი საპატრულო პოლიციელები, ფაქტობრივად, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან და წამებას განიცდიან, რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას. 

მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციელებისთვის ღია ფერის საზაფხულო ფორმის შემოღების საკითხზე შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესვეურებს წლების განმავლობაში მივმართავ, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. არადა, შეიძლებოდა, ერთი პირისგან მომსახურების მიღების გზით, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ შეესყიდათ ღია ფერის (მაგ., თეთრი, ღია ნაცრისფერი, კრემისფერი, ცისფერი...) ბამბის საზაფხულო პერანგები, ხოლო შემდგომ ეტაპზე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულიყო შარვლები, პერანგები (მაისურები) და ფორმის ქუდები, რომლის ზედა ნაწილი მზის სხივების ამრეკლი ფენით იქნებოდა დაფარული, ხოლო გვერდებზე ჰაერის სამოძრაოდ ექნებოდა ნახვრეტები.

ამასთან, სრულიად გაუგებარია, რამ განაპირობა პოლიციელების ახალ ფორმაზე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერების დატანა, რაც კონსტიტუციის აშკარა ხელყოფას წარმოდგენს (წარწერა „პოლიცია“ მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესრულებული ან, შესაძლებელია, ლათინურადაც იყოს დუბლირებული). ფაქტია, რომ მსგავსი შეცდომა 2004 წელსაც იქნა დაშვებული, თუმცა, 2008 მაშინდელმა შს მინისტრმა უკანონობა რამდენიმე წლის შემდეგ აღკვეთა და ახალი ბრძანებით მაისურებზე მხოლოდ ერთი წარწერა დაწესდა (ცხადია, სახელმწიფო ენაზე), ხოლო ქურთუკებზე წინ უცხო ენაზე უნდა ყოფილიყო მცირე ზომის შესაბამისი წარწერა, ხოლო ზურგზე დიდი ზომის ქართული ასოებით.

ვინაიდან საპატრულო პოლიციისთვის წლების წინ შემოყვანილი მუქი ფერის ამერიკული ავტომობილები, თანდათანობით, ევროპული წარმოების ავტომობილებით ჩანაცვლდა, რომლებზეც ძირითადად უკვე თეთრი ფერი დომინირებს, იმედი მაქვს, მომავალში, ღია კონკურსის გზით საპატრულო პოლიციელებისთვისაც შეირჩევა ყველასთვის მისაღები ღია ფერის საზაფხულო ფორმა და ჩვენი საამაყო სამართალდამცავებიც ევროპელი კოლეგებივით ღირსეულ (ნორმალურ) სამუშაო პირობებში გააგრძელებენ წესრიგის დაცვას და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რისთვისაც, პირველ რიგში, სეზონის შესაბამისადაც უნდა იყვნენ შემოსილები და სახელმწიფოსთან ასოცირებულ ფორმაში თავს კომფორტულადაც უნდა გრძნობდნენ.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×