23 მაისს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ 4 წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვას იწყებს...
რეზონანსი
21.05.2023

უზენაესი კანონის თანახმად, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. სწორედ მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა კონსტიტუციური ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი, მასაც „უზენაესი“ არ დავარქვით...), რომლის წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრა. 

სამწუხაროდ, „სტრატეგიული პარტნიორებიც“ უკვე დიდი ხანია, ღიად მიგვანიშნებენ იუს-სა და მთლიანობაში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით არსებულ პრობლემებზე, ხოლო ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „დეოლიგარქიზაციასთან” და „დეპოლარიზაციასთან” ერთად, ფაქტობრივად, იუს რეფორმირებაც უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც იუს წევრების შერჩევის პროცედურაც იყო გადასახედი.

ფაქტია, მეოთხე პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსი აშკარა კანონდარღვევებით ჩატარდა. ამასთან, მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტების, მათ შორის წარმდგენი ორგანიზაციების ხელმძღვანელი კოლეგიური ორგანოების წარდგინებების მისაღებად მხოლოდ 10 დღე ჰქონდათ გამოყოფილი... ვინაიდან საახალწლოდ მოქალაქეების დიდი ნაწილი, როგორც წესი, გადის ქალაქიდან, კონკურსში „გამარჯებულმა“ კანდიდატმაც კი ვერ მოახერხა ყველა საჭირო ცნობის შეგროვება... ამასთან, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერაც ყალბი რეკომენდაცია იყო გაცემული. შესაბამისად, კონკურსის ბათილობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი იქნა შეტანილი. თუმცა, „სამართლიანობის აღდგენა“ ვერ მოხერხდა, ვინაიდან იუს არამოსამართლე წევრად დანიშნული, არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა იურისტი, საქართველოში ყველაზე გავლენიანი მოსამართლის „ახლობელი“ აღმოჩნდა... 

სწორედ იმის გამო, რომ 2017 წელს იუს-ის 5-ვე არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსები პარლამენტმაც არსებითი ხასიათის დარღვევებით ჩაატარა (პირველი კონკურსი 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა...), ხოლო „გამარჯვებული“ (3 სასამართლოს, ხოლო 2 პარლამენტის მესვეურების შერჩეული...) კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, მის წინააღმდეგაც შევიდა სარჩელები სასამართლოში, რომლებითაც კონკურსებისა და იუს არამოსამართლე წევრების არჩევის შესახებ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. 

მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, თავმჯდომარეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოქვეყნებინა...), ხოლო კონკურსების დაწყების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოცემულიყო; კონკურსის პირობა (პარლამენტის რეგლამენტიდან აღებული ნორმა) არსებითად განსხვავდებოდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმისაგან, რასაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნაც ადასტურებდა; კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ „შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს“ და დოკუმენტურად არც ის დგინდებოდა, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ–ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“, როგორც ამას კანონი ითხოვდა; კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ), ამასთან, კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ–ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა პირველ ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია...). 

ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე, კონკურსების შეჩერება იყო მოთხოვნილი, რაც სწორედ იმ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა (თანაც „ზეპირი მოსმენის გარეშე“...), რომელიც სადავო შემადგენლობის იუს–მა შემდგომ პარლამენტს წარუდგინა და უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა...

ამის შემდეგ, სარჩელები, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა, გაერთიანდა და მხოლოდ 2019 წლის დასაწყისში განიხილა იუს მიერვე სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლემ. ცხადია, მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო... შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოში იქნა „დაწინაურებული“...

მიუხედავად იმისა, რომ საქმეების განსახილველად კანონით, მხოლოდ ხუთ თვემდე ვადაა გამოყოფილი, 2017 წელს შეტანილ სარჩელებზე საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 2016 წელს არჩეულ მე-9 მოწევის პარლამენტს და მის მიერ იუს–ში 2017 წელს „არჩეულ“ 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადები ამოეწურათ. ამასთან საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით, სადავო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეულმა და პარლამენტის მიერ უვადოდ არჩეულმა უზენაესი სასამართოს მოსამართლეებმა (საჩივრის განმხილველი 3 მოსამართლიდან ორი თანამდებობაზე 2019 წლის ბოლოს იყო არჩეული...), ფაქტობრივად, საკუთარი თავის მიმართ „დაადგინეს“, რომ თანამდებობაზე კანონიერად გამწესდნენ... 

ფაქტია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არ დაწყებულა უშუალოდ იუს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსების შეჩერება პროცედურის გაუმართაობის და იუს არამოსამართლე წევრთა ლეგიტიმურობის თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იყო მოთხოვნილი. პირველი სხდომა მხოლოდ მ. წ. 23 მაისს, ფაქტობრივად, თითქმის 4 წლის შემდეგ ჩაინიშნა.. 

იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეების განსახილველად კანონით, მხოლოდ ხუთ თვემდე ვადაა გამოყოფილი, გამოდის, რომ პარლამენტთან ან იუს-თან დაკავშირებული სამართლწარმოება არაგონივრული ვადით სწორედ მოპასუხეების ინტერესებში ჭიანურდება. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ სრულად გაიზიარა პარლამენტის აბსურდული პოზიცია იმის თობაზე, რომ თურმე კონკურსის დაწყების თაობაზე თავმჯდომარის განცხადება მხოლოდ მისი აზრის გამოხატვაა და არ საჩივრდება, ხოლო კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარებულა, ამით დადასტურდა, რომ საქართველოში ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებს და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიჩნეულ ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპს.

ძნელად დასაჯერებელი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს, ერთი შეხედვით, „პროევროპელმა“ მე-5 პრეზიდენტმაც 2020 წელს იუს-ში საკუთარი არამოსამართლე წარმომადგენელი აშკარა კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან კონკურსში „გამარჯვებული“ კანდიდატი („დასანქცირებული“ გავლენიანი მოსამართლის ნათესავი) თსუ-ის აკადემიურ საბჭოს ნაცვლად, სხვა უნივერსიტეტის რექტორის (იმავე გავლენიანი მოსამართლის ნათესავის...) მიერ ერთპიროვნულად აღმოჩნდა წარდგენილი... 

„ქართულ-ჯიგრულად“ ჩატარებული კონკურსების შედეგად, იუს უკვე წლებია, ფაქტობრივად, არამოსამართლე წევრების გარეშე „მოღვაწეობს“, ხოლო თითქმის ორი წელია, რეალურადაც აკლია 5 წევრი, რითაც კონსტიტუციაც ირღვევა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონიც და პარლამენტის რეგლამენტიც...

გასულ წელს ქვეყანას „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელ პერსპეტივასთან“ ერთად, იუს რეალურად დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრებით შევსების შანსი მიეცა, თუმცა, სამწუხაროდ პარლამენტმა არ გაიზიარა, საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც კანონმდებლობაში შესაბამისი ცელილებების შეტანა იყო შეთავაზებული (საკომიტეტო განხილვებზე ავტორი არ მიუწვევიათ, ხოლო კენჭისყრისას კომიტეტის წევრებმა პოზიციის გამოხატვისგან „თავი შეიკავეს“...). არადა წინადადებების გათვალისწინების შემთხვევაში, იუს წევრის ასარჩევი კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყებოდა, კანდიდატს არ დასჭირდებოდა „კოლეგიური ორგანოების წარდგინებები“ და „სარეკომენდაციო წერილები“, ამასთან, სასამართლოში საქმეთა განხილვაში მონაწილეობის გამოცდილება კანდიდატს მოეთხოვებოდა და არა მის წარმდგენ არასამთვრობო ორგანიზაციას. შესაბამისად, პარლამენტის გადაწყვეტილება იუს წევრების ასარჩევი კონკურსის დაწყების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში აისახებოდა, კონკურსის პირობას სამი (ა, თ და ზ) პუნქტი მოაკლდებოდა და კანდიდატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, არა მარტო მკაფიო, არამედ გონივრულიც გახდებოდა.

შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით (29.09.2022) დაიწყო 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევი მორიგი კონკურსი, რომლის პირობის ორი ფორმულირება ერთმანეთს აშკარად ეწინააღმდეგება (ერთი, პარლამენტის რეგლამენტიდან მეორე ორგანული კანონიდან არის აღებული), რის გამოც კონკურსში მონაწილე ზოგიერთი კანდიდატის დოკუმენტები ორგნიზატორებმა ხარვეზიანად მიიჩნიეს. ამასთან, ორგანული კანონიდან სიტყვა „შესაბამისი“, რატომღაც არ იქნა გადატანილი კონკურსის პირობაში, რის გამოც გამოვიდა, რომ რამდენიმე წევრიან არასამთავრობო ორგანიზაციებს უნივერსიტეტებსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე გაცილებით ფართო უფლებამოსილება გააჩნიათ, ვინაიდან კონკურსზე რომელიმე საწარმოს იურისტის გარდა, იმ პროფესორებისა და ადვოკატების წარდგენაც შეუძლიათ, რომლებსაც კოლეგები იუს წევრობის ღირსად არ მიიჩნევენ.

გარდა იმისა, რომ ისიც გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ან რა აუცილებელია „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“ (რატომ არ შეიძლება კანდიდატი ან მისი წარმდგენი ორგანიზაციის ხელმღვანელები უშუალოდ წარმართავდნენ საქმეებს სასამართლოში?), სრულიად ულოგიკოა კანდიდატისთვის „სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილების“ საკმარისად მიჩნევაც, იმ დროს, როდესაც იუს წევრს მაგ., უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაც ევალება...

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფაქტობრივად, კონკურსის გამოცხდებისთანავე წარედგინა კონკურსის პირობის კანონთან შეუსაბამობის და არაგანჭვრეტადობის (ბუნდოვანობის, არაგონივრულობის, გაუმართაობის...) დამადასტურებელი არგუმენტები და რეგულაციების მოწესრიგებამდე კონკურსის შეჩერება ურჩიეს (10.10.2019), იმის თობაზეც გააფრთხილეს, რომ კანდიდატებთან გასაუბრება არათანაბარ პირობებში ჩატარდა, რამდენიმე დღის წინ „წარმატებული“ კენჭისყრის პირველი ეტაპი გაიმართა...

„პოლიტიკური ნების“ არსებობის შემთვევაში მე-10 მოწვევის პარლამენტს საკმარისი დრო ჰქონდა, იუს რეფორმირებისთვიაცს და სამართლიანი კონკურსის ჩასატარებლადაც, მაგრამ, როგორც ჩანს, ისევ „ტრადიციულად („ქართულ-ჯიგრულად“) გადაწყვიტა იუს შევსება, რის შედეგადაც იუს 3 არამოსამართლე წევრი ისევ „მოსამართლეთა კლანის“ , ხოლო 2, სავარაუდოდ, ისევ პარლამენტის მესვეურების წარმომადგენელი იქნება. შედეგად, ალბათ, მიმდინარე კონკურსიც გასაჩივრდება, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიმდინარე მეოთხე „სასამართლო რეფორმის“ მე-4 სტადიაზე („ტალღაზე“) მყოფ საქართველოს სასამართლოებში საქმის მოგების შანსი, იმდენივეა, რამდენიც სდართველოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების... 

და ბოლოს, თუ საქართველოში სამართლიანი არჩევნების (კონკურსების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ, და სასამართლო ხელისუფლების რეალური (ამასთან, გონივრული და გააზრებული...) რეფორმა არ განვახორციელეთ, „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, წინამდებარე სარჩელზე საკასაციო საჩივრის შეტანა, უარეს შემთხვევაში, რუსეთის, ხოლო უკეთესში - „აღმოსავლეთ სლავების კავშირის“ (როგორც აცხადებენ, კონფედერაციის შექმნას მომავალ წელს გეგმავენ...) უმაღლეს სასამართლოში მოგვიწევს... არადა, მაგდანას ლურჯას“ ეკეტერინე გაბაშვილისეული „ჰეფი ენდიდან“ გამომდინარე, მგონი, „სამართლიანობის აღდგენის“ მეტი შანსი უნდა გვქონდეს და, თან გაცილებით გონივრულ ვადაში... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×