რა უნდა ავუხსნა იმ იმ მხატვრებს, რომლებმაც სამხატვრო აკადემიის დიპლომები ერთმანეთის შეფურთხებით მოიპოვეს!
რეზონანსი
26.04.2023

ლიანა სუთიძე, სტუ-ს პროფესორი

“გაზეთი და ტელევიზია ყოველთვის როდი ეუბნება სიმართლეს ხალხს. გინდაც ეუბნებოდეს, უკრიტიკოდ დარჩენილი სიმართლე მაინც ნაკიანია, ჩრდილოვანი, არასრულყოფილი“, - ეს ჩვენი გენიოსი მწერლის, ოთარ ჭილაძის სიტყვებია და მეც, ერთმა ჩვეულებრივმა მკითხველმა და მოქალაქემ, გადავწყვიტე კრიტიკულად განვიხილო პუბლიკაცია (ინტერვიუ), რომელსაც ორი მთლიანი გვერდი დაუთმო ერთ-ერთმა ბეჭდურმა გამოცემამ. აქვე აღვნიშნავ, რომ  ამ სტატიის დაწერამდე უკვე ნანახი და მოსმენილი მაქვს იმ ახალგაზრდა კაცის სასამართლო პროცესი, რომელმაც დაუნანებლად გადაწვა და გაანადგურა სახელმწიფო ქონება და დაუნანებლად გაიმეტა პოლიციელები სასიკვდილოდ. ასევე მოვისმინე პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში.

პუბლიკაციაშიც, სასამართლოზეც და პრეზიდენტის სიტყვაშიც ნაწილობრივ არის აღიარებული სიმართლე. ასეთ დროს, როგორც წესი, ნაწილობრივ სიმართლეს სიცრუის კასკადი მოსდევს ხოლმე და ასეა ბექა ქურხული ინტერვიუშიც.

სიმართლეა წინა ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტის ნათქვამი და ფაქტები სასამართლოდან, რაც შეეხება მოქმედ ხელისუფლებას, “დაფეთებულებმა ერთ შეცდომას მეორე, უფრო უარესი მიუმატეს და უაზროდ და უადგილოდ დაიწყეს მშვიდობიანი მიტინგის დარბევა“, - წერს ბატონი ქურხული (რაც შეეხება “მშვიდობიანი მიტინგის უაზრო და უადგილო დარბევას“, ამას მოგვიანებით დავუბრუნდები).

აუღეს თუ არა ალღო სიმართლეს ქართველმა მწერლებმა და ვინ არიან ისინი?

ისიც ხომ სიმართლეა, რომ ინტელიგენცია და მათ შორის მწერლებიც, ისევე, როგორც მთლიანად ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, ორად (თუ მეტად არა) არის გახლეჩილი და ერთმანეთს დაპირისპირებული. მაინც, ვინ არიან ახლა ის “მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატორები“, რომლებიც „ქვეყნისა და ერთმანეთის სადარაჯოზე მართლა მგლების ხროვასავით დგანან“ (ქურხულის სიტყვებია). აი, ისინიც, მწერალი ქალები: კატო ჯავახიშვილი, დეა მეტრეველი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, თონა დოლენჯაშვილი, რომლებმაც, ქურხულის თქმით, “მტკიცე და გამბედავი პოზიცია დაიკავეს აქციაზე“.

ავტორი რატომღაც არ ახსენებს მწერალ მამაკაცებს, თორემ სათავეში ალბათ ლაშა ბუღაძეს ვიხილავდით. საერთოდ კი, ასეთი 50 წელს მიღწეული უცნობი მწერლების მრავალათასიან სიას რომ ვხედავ, ყოველთვის აკაკის სიტყვები  მახსენდება, ვარდენ ღვანკითელს რომ მიმართა: „წერე, წერე, ჩემო ვარდენ. მტერს დაასე ისარიო, თუ მწერალი არ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო“.

არ ვიცი, ისწავლეს თუ არა წერა - ჩემს ნაცნობ-ახლობლობაში მათი შედევრები არავის წაუკითხავს - ის კი ვიცი, რომ მათი უმრავლესობა იმ არასამთავრობოებშია მოკალათებული, რომლებსაც სწორედ რომ არ აწყობთ გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებამ არ იცოდეს არც მათი დაფინანსების რაოდენობა და მით უმეტეს ის, თუ რა მიზანს ისახავს ესა თუ ის პროექტი, რომლებსაც "ენჯეოები" ახორციელებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინკოგნიტოდ დარჩნენ პროექტების განმახორციელებლები და ბენეფიციარები, რომელთა შორისაც მრავლად არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, ექსპერტებს და ა.შ. უწოდებენ.

აი, რატომ იდგნენ ეს მწერლები ასე მედგრად აქციაზე და აპროტესტებდნენ იმას, რაც ბოლომდე ან საერთოდ არ წაუკითხავთ და უბრალოდ ლომჯარიების, გიგაურების, მაქარაშვილების, პატარაიების, მშვენიერაძეების და სხვათა ინსტრუქციებს ასრულებენ. აი, როგორ აუღო ალღო სიმართლეს ბექა ქურხულმა და მისმა სანაქებო მწერალთა ჯგუფმა.

„ბოროტების სათავე არასწორი ინფორმაციაა“, - ბრძანებს ოთარ ჭილაძე. ცხადზე ცხადია, რომ „ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა და იჩქარა, საზოგადოებას არ მიაწოდა მომზადებული კანონპროექტის სრული განმარტება და შინაარსი, და ვერც სახელი შეურჩია მისაღები. ამით ისარგებლეს რადიკალურმა ოპოზიციამ და არასამთავრობოების მდიდარმა ნაწილმა და გამოუშვეს სიცრუის კასკადი, გათვლილი შეუმზადებელ საზოგადოებაზე. ყველაზე გაუმჭვირვალე და მდიდარი არასამთავრობო სექტორი მტრულად შეხვდა კანონპროექტს, მათ კი „მტკიცედ და გაბედულად“ შეუერთდა მწერალთა ერთი ჯგუფი. „ამ კანონის მიღებით აღარ დაფინანსდებიან სტუდენტები, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფები, დაიხურება უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ქველმოქმედებასო“, - ასეთი ტყუილებით მოწამლეს ახალგაზრდების ნაწილი და  ნაცების ხელმძღვანელობით, ორგანიზებულად შეუდგნენ რუსთაველის გამზირის რბევას.

„ამიტომაც არის მათი პროტესტი ასეთი კეთილშობილური, სუფთა და თავზეხელაღებული“, - ასკვნის ქურხული.

არა, აქციაზე არ იდგა მთლად ბნელი, გაუთვითცნობიერებული ხალხი, რომელმაც ეს სიცრუე დაიჯერა. ძირითადად ეს იყო სტუდენტობა, რომელიც სიმართლის მოსასმენად მივიდა და დარჩა მოტყუებული და გამოყენებული. როგორც უკვე აღვნიშნე, აქციაზე ძირითადად  იმყოფებოდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელთა საქმიანობასაც ფარდას ახდიდა კანონი, მივიდა წინასწარ შემზადებული, ხელისუფლებასთან საბრძოლველად, შეიარაღებული მოლოტოვის კოქტეილებით, ქვებით და ვინ იცის კიდევ რით. ასეთ ახალგაზრდები, რომლებსაც ქურხული უწოდებს „ფანტასტიკურს“, „გაარღვევენ ბოლო, მეხუთე ბარიკადას“ და არც თვითონ აპირებს გვერდიდან ყურებას. ბოლომდე მივეხმარებით, ჩხუბიც ვიცით და გინებაცო, - წერს იგი და რას გულისხმობს „ბოლომდე“-ში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ეს არის ის სიმართლე, რომელსაც კარგად აუღო ალღო ბატონმა ქურხულმა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად.

სწორედაც რომ ფანტასტიკური იყო იმ ახალგაზრდების მოქმედება, რომლებიც პოლიციელების მისამართით ისროდნენ ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, აყირავებდნენ და წვავდნენ მანქანებს, გააჩინეს ხანძარი პარლამენტში და ისეთი წარწერებით დატოვეს, რომლებსაც, უკაცრავად და, ფერმის ღორიც თვალს აარიდებს.

და თქვენ იცავთ მათ, არ გინდათ, რომ დაისაჯონ და მიეზღოთ კანონის შესაბამისად. ეს კარგად გამოჩნდა ვინმე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე.

„ჩვენმა ახალგაზრდებმა ნათლად დაგვანახეს, რომ ნაცებიც და ქოცებიც, ეს ერთი ჯოხის ორი ბოლო, სამუდამოდ და სამარცხვინოდ ჩაბარდნენ წარსულს, რომ ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლთან შეკრებილებს ჩაესმით ილიას „მომავალი თქვენია“ და აკაკის „და აწ კი ახალგაზრდებო, გამოდით, თქვენი ჭირიმე“, - ხანდახან, ათასში ერთხელ, დიდ წინაპრებასც იშველიებენ, ოღონდ ეს მოშველიებაც შერჩევითია, დამახინჯებული და მერკანტილური.

კარგია, ჩვენი სახელოვანი წინაპრების სიტყვები რომ გვახსოვს, მაგრამ რა კეთდება იმისათვის, რომ ეს ახალგაზრდობა ამ ურთულეს დროსა და სივრცეში მზად იყოს გლობალური გამოწვევების დასაძლევად?! აქ კი უფროსი თაობის მაგალითია საჭირო. საუბედუროდ, იმ ჯოხის ერთმა ბოლომ სამარცხვინო ფურცლები ჩაწერა და „ცოცხებითა“ და ორი გვამის მოთხოვნით („პრემია იქნება დიდი“) შევიდა საქართველოს ისტორიაში.

ამ სტატიის დაწერა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ვნახე და მოვუსმინე, თუ როგორ იცავს ფაშისტური სამეული ხულიგანს, რომელმაც პოლიციელი დასაწვავად  გაიმეტა, საქართველოს ეროვნული, ხუთჯვრიანი დროშა კი - ასფალტზე სათრევად.

ჯოხის მეორე ბოლოზე რესპონდენტმა ობიექტური ბალანსის ილუზიის შესაქმნელად ე.წ. ქოცები დასვა, რომელსაც “უნიათო და გაბითურებული, უმწეო და გაკოტრებული“ უწოდა. ორი მხარე ყოფილა თურმე აქციაზე: ერთი - ხელისუფლების, თავის მომხრეებთან ერთად და მეორე - საქართველოს მოწინავე საზოგადოება. სად გააქრო ავტორმა მესამე, თუ არა პირველი - რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები?

„სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ მიგრძვნია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას, თუნდაც გარედან პროვოცირებულს, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალა ჭირდება. აქ კი, ერთ მხარეს გაკოტრებული, უმწეო ხელისუფლება... მეორე მხარეს კი -  საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მეცნიერები, სტუდენტები, მწერლები, ხელოვანები, სპორტსმენები“, - ამბობს ქურხული.

არადა, როგორ სურდათ ოპოზიციას და მათ მიერ წაქეზებულებს ორი გვამი! განა ვერ ვხედავდით, როგორ თათბირობდნენ ფოფხაძე, ვაშაძე და სხვა ადგილობრივი „ჩე გევარები“, რათა აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრილიყვნენ. საბედნიეროდ, ამ ბოროტ განზრახვას არ შეუერთდა აქციის მონაწილეთა საღად მოაზროვნე ნაწილი, ძირითადად სტუდენტობა და მეორე დღეს საკადრისი პასუხი გასცეს პროვოკატორ პოლიტიკოსებს. აქ კი სიმართლეს ვერ გაექცა ქურხული, თუმცა აქცენტი სტუდენტთა ე.წ. გამარჯვებაზე, რაც, ვითომდა მათ ხელისუფლებაზე მოიპოვეს გააკეთა.

სიმართლეს ბოლომდე ვერ აუღო ალღო ბატონმა ქურხულმა, როდესაც ის წერს, რომ ხელისუფლება პრორუსულია და რუსული კანონის მიღება სურდა ქვეყნის ჯაშუშების გამოსავლენად. არც იმას მიიჩნევს სიმართლედ, რომ ეს ხელისუფლება ცდილობს ქვეყანას აარიდოს ომი და ამბობს, რომ კონფრონტაცია უკრაინის ხელისუფლებასთან საქართველოს ხელისუფლების ბრალია.

ასე, ერთი ხელის მოსმით გადაწერა ქურხულმა ისტორია - სტრატეგიული ობიექტები რუსეთისთვის „ოცნებას“ ჩაუბარებია, მასვე ჩაუბარებია რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი და მასვე უწოდებია ამ ტერიტორიებისთვის „ქვების გროვა“.

„ბედაურები გადაშენდნენ და ვირებს დარჩათ ბურთი და მოედანიო“, - წერს ქურხული. საინტერესოა, ვის გულისხობ ბედაურებში და ვის ვირებში. ერთი ბედაური არაჟნის ქილებში დამალული ტრაილერით შემოიპარა, მეორე ბედაური კი, გაიპარა და ახლა ქართული ჯარისთვის და ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით აფინანსებს ნინო ჟიჟილაშვილის ჟურნალისტიკას, თაკო ჩარკვიანის პუბლიცისტიკას, კოტე ყუბანეიშვილის ლექსებს და საქართველოს დროშის ფეხქვეშ გათელვას იქ, სადაც საქართველოსთვის დაღუპული გმირები განისვენებენ.

ქურხულს რომ კითხო გრიგორიადისია გმირი, მართალია ჰერაკლეს 12 გმირობამდე ბევრი უკლია, თუმცა „გუგლის, "სერჩის" და ორი ღერი ინგლისურის“ მცოდნე ადამიანი იოლად გაეცნობა მის ორ საგმირო საქმეს - როგორ დაჭრა საკუთარი მამა და როგორ გაიმეტა დასაწვავად პოლიციელები.

და ქურხული კიდევ რამდენიმე უსამართლო განცხადება: თურმე, ჩვენ კავკასიის მასშტაბით ყველაზე მცირერიცხოვანი და მოუვლელი არმია გვყავს. ამ განცხადების განხილვაში არ შევალ, სპეციალისტებისთვის მიმინდია, მაგრამ რატომ ავიწყდება (ივიწყებს) კეზერაშვილის მიერ მიტაცებული 5 მილიონი და რაც არ ვიცით, ის კიდევ სხვაა.

არც მწვადის და არც შამფურის არდაწვის პრინციპით, ქურხული ალაგ-ალაგ სიმართლესაც გვთავაზობს, ოღონდ აქაც გულმოდგინედ იცავს ნაც-ენჯეოშნიკურ ნარატივს: „...ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს - კრემლი და რუსეთი, პრორუსული ხელისუფლება საართველოში და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებაში ყველა გასვრილი და დრომოჭმული ვიგინდარა უნდა დავიყენოთ გვერდით“, - წერს ქურხული. აქ მტრად მოიხსენიებს ხელისუფლებას, რომელსაც პრორუსულს უწოდებს და გაკვრით მიუთითებს 7 ნოემბერსა და 26 მაისზე და მათ გვერდით 20 ივნისისა და 7-9 მარტის ამბებზე.

მწერალი თავისი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ზღვარს ვერ ავლებს სიმართლესა და სიცრუეს შორის და საზოგადოებას თავზე ახვევს დამამცირებელ ეპითტებს მისთვის არასასურველი პიროვნებებისა და ხელისუფლების მისამართით. სწორედ რომ ნაირ-ნაირი შარლატანები და სპეკულანტები აღზევდნენ წინა ხელისუფლების დროს და ივანიშვილის შედარება მეჯღანუაშვილებთან დიდი უზნეობაა, თანაც ყველაფრის მკადრებლად რომ მოიხსენიება.

9 აპრილმაც ჩაიარა და დაანონსებულ მრავალათასიან აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი თუ მივიდა, მათ შორის ალბათ ის მწერლები, რომელთა ტექსტები არავის წაუკითხავს; ის ხელოვანები, რომელთა ხელოვნება არ გასცდენია საკუთარ სახლში მოწყობილ სალონებს... მარტო ბუღაძეების ხელოვნება და მათი აზროვნება რად ღირს! ცხადია, მივიდოდნენ ის მომღერლები, რომლებიც დითირამბებს უძღვნიან სპონსორებსა და დამფინანსებლებს, ისინი, ვინც სოროსის გამოგზავნილით იკვებებიან და რაღაც კარიერული ლუკმის მოლოდინში არიან, ის სპორტსმენები, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩნენ...

გმირები ბრძოლებში იბადებიან და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე, როცა ფეხქვეშ თლავენ საკუთარი ქვეყნის დროშას და სხვა ქვეყნისას აფრიალებენ.

თუმცა, რა უნდა ავუხსნა იმ მწერლებს, რომლებმაც წერა ვერ ისწავლეს, იმ მომღერლებს, რომლებიც ფონოგრამის გარეშე ნაბიჯს არ დგამენ, იმ პოეტებს, რომლებსაც მუზა მხოლოდ საპირფარეშოში აკითხავთ და იმ მხატვრებს, რომლებმაც სამხატვრო აკადემიის დიპლომები ერთმანეთის შეფურთხებით მოიპოვეს!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×