13 მარტს ვალერი კოჩაროვს 75 წელი შეუსრულდებოდა...
რეზონანსი
12.03.2023

ფაქტია, ვინაიდან სამართლებრივის რა მოგახსენოთ და ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი მაინც ნამდვილად დიდი ხანია ვართ, კარგი იქნებოდა, ოთხი ლეგენდარული ლივერპულელისა და მათი გენიალური მუსიკის პოპულარიზატორის (ვალერი კოჩაროვის) ხსოვნის უკვდავსაყოფად, თბილისის ცენტრალურ პარკში, ვაკის პარკში ან სხვა უფრო შესაფერის ადგილზე „ბითლზების“ ორიგინალურ სკულპტურულ კომპოზიციაში აღმართულიყო, რომელშიც, თუნდაც სიმბოლურად (ფაქტობრივად, ჯგუფის მე-5 წევრად) ის ადამიანიც ასახულიყო, რომელმაც ლივერპული და თბილისი, მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ „დააძმობილა“... 

სამწუხაროდ, ვალერი კოჩაროვი (თბილისის კოლორიტი, ნიჭიერი მხატვარი და მუსიკოსი, საქართველოში „კინეტიკური არტის“ და „ქართული როკის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი, 30-მდე პერსონალური გამოფენის ავტორი, კლასიკური ავტომობილების მოყვარული...) ჯორჯ ლენონთან შესახვედრად გასულ წელს გავაცილეთ... თვითონაც ხშირად ამბობდა საჯაროდ, მაგრამ, მგონი, ლენონის სული (ნაწილი მაინც...) მართლაც მასში იყო გადმოსული... 

ვინაიდან, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, ფაქტობრივად, ბითლზების შემოქმედების პროპაგანდას მიუძღვნა, სრულიად ლოგიკურია, რომ ვალერი კოჩაროვის საფლავის ქვაზეც ლენონის გენიალური შეგონება (ფაქტობრივად, „მე-11 მცნება“) არის ამოკვეთილი: “ALL YOU NEED IS LOVE”... არადა, რამდენიმე წლის შემდეგ სულმნათმა გურამ დოჩანაშვილმაც აღმოაჩინა, რომ სიყვარული მარტო ადამიანებს კი არა, „დედამიწასაც სჭირდება, რომ იტრიალოს“... კოჩაროვიც მთელი თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით ცდილობდა ჩვენთვისაც აეხსნა „ბითლზების“ პოპულარულ სიმღერაში გენიალურად მარტივად გადმოცემული სახარებისეული (ლევიანნი 19.18, მარკოზი 12.31) სიბრძნე სიყვარულის მნიშვნელობის თაობაზე: „ყველაფერი რაც შენ გჭირდება (საკუთარი თავის, მოყვასის, მტრის, ქვეყნის, სიცოცხლის...) სიყვარულია!“. არადა, აგრესიულ პოლიტიკოსებს მუსიკოსებისთვის მაინც რომ დაეგდოთ ყური, თვითონაც გაიხარებდენ და დედამიწაზე ომებიც არ იქნებოდა...

აქედან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა „ბითლზების“ მემორიალისთვის მერიას ისეთი პარკი ან სკვერი შეერჩია, რომლის სიახლოვეს საკონცერტო დარბაზი თუ არ იქნებოდა, მუსიკოსებთან შეხვედრების ან თანამედროვე (თუნდაც, ე. წ. პროგრესული) მუსიკალური ფესტივალების (ან კონცერტების) გამართვა მაინც იქნებოდა შესაძლებელი.

ჩემი აზრით, მემორიალისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე შეიძლება გამოიძებნოს, სადაც „თბილისის ცენტრალური პარკის“ მოწყობა იგეგმება, თუმცა დედაქალაქის სხვა პარკებში (ვაკის, ვერის, მთაწმინდის, რიყის, „მზიურში“ ) შეიძლება მოინახოს შესაბამისი სივრცე. მემორიალის განთავსება თბილისის ზღვის, აგრეთვე ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიაზეც შეიძლება, აგრეთვე დიღმისა და ორთაჭალის ჭალებშიც, რომლებშიც პარკების გაშენებაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი. 

ვინაიდან „ბლექ სი არენასთან“ საყოველთაოდ აღიარებული „მუსიკოსების პარკი“ მოეწყო, რომელსაც დამთვალიერებელი არასდროს აკლია, კარგი იქნება, თუ თბილისში, ჯერ მხოლოდ „ბითლზების“ პარკისთვის ან სკვერისთვის მაინც შეირჩევა სპეციალური სივრცე (ცხადია, „ლეგენდარულ ოთხეულს“ “ რომ ეკადრება ისეთი...), რომელიც კონკურსში გამარჯვებული პროექტით მოეწყობა, ხოლო ცენტრალურ ადგილს „ბითლზების“ ორიგინალური მემორიალი დაიკავებს.

დარწმუნებული ვარ, „ბითლზების“ („ლენონის“, „კოჩაროვის“) პარკი ან სკვერი ახალგაზრდობის თავშეყრის პოპულარულ ადგილად იქცევა, დედაქალაქის ნებისმიერ უბანს დაამშვენებს (გაახალისებს) და ვიზიტორებისთვისაც საინტერესოს გახდის, მით უმეტეს, თუ მემორიალის გარშემო განლაგებულ სკამებში აუდიო სისტემა დამონტაჟდება, რომლითაც „ბითლზების“ საყოველთაოდ აღიარებული „ჰიტები“ 24 საათის განმავლობაში გაჟღერდება, როგორც ეს „მუსიკოსების პარკშია“. 

ცხადია, „ბითლზების“ მემორიალის თაობაზე თბილისელების აზრიც საინტერესოა, ხოლო იდეის მხარედაჭერის შემთხვევაში, კონკურსი არა მარტო მემორიალის, არამედ მისი განთავსების ადგილის შესარჩევადაც შეიძლება გამოცხადდეს. ამასთან, სასურველია ღია კონკურსში უცხოელებმაც მიიღონ მონაწილეობა, ხოლო საუკეთესო პროექტი ავტორიტეტულმა კომისიამ დაინტერესებული საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გამოავლინოს. ამასთან, თუ დედაქალაქის ბიუჯეტში საამისოდ თანხა ვერ გამოიძებნა, შეიძლება, მერიამ სპეციალური ფონდი დააარსოს, რომელიც „ბითლზების“ მემორიალის თბილისში განთავსების იდეას პოპულარიზაციას გაუწევს და მას მოქალაქეები მიზნობრივი შემოწირულობებით განახორციელებენ. გარდა ამისა, მერიას შეუძლია ინგლისის საელჩოს ან უშუალოდ ლივერპულის მერიას (ან დაძმობილებულ ბრისტოლს) მიმართოს და, არა მგონია, უარი თქვან „ბითლზების პარკის (ან სკვერის)“ მოსაწყობად თანხის გამოყოფაზე. მით უმეტეს, როგორც ვიცი, თბილისში „ვილნიუსის სკვერი“ ლიტველებმა დააფინანსეს და ამისთვის რამდენიმე მილიონი ევრო გამოყვეს... 

ცხადია, არ არის აუცილებელი „ბითლზების“ ძეგლი ან მონუმენტი შეკვეთილის „მუსიკოსების პარკში“ არსებულის მსგავსად, კლასიკურ (ტრადიციულ) სტილში იყოს გადაწყვეტილი. სავსებით შესაძლებელია, ყველასთვის მისაღები პროექტი ე. წ. მოდერნისტული ან სრულიად ორიგინალური ფორმის აღმოჩნდეს, თუმცა, სასურველია მასში სიყვარულის მნიშვნელობის სახარებისეული (ლენონისეული, დოჩანაშვილისეული) გააზრება იკითხებოდეს ამასთან, სასურველია მემორიალზე ინგლისური (“ALL UOU NEED IS LOVE”) და მისი ქართული შესატყვისი („ყველაფერი რაც გჭირდება სიყვარულია“) დომინირებდნენ (სახარებიდან და რუსთაველიდანაც შეიძლება სიყვარულის თაობაზე ციტატების გამოყენება, მაგ., „გიყვარდეს მოყვასი შენი...“, „სიყვარული აგვამაღლებს“...), ხოლო მსოფლიოს ყველა ქვეყნის თუ არა, ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნების სახელმწიფო ენებზე თარგმნილი ლენონის “ALL YOU NEED IS LOVE” შედარებით მცირე ასოებით იქნებოდა გამოსახული... 

აღნიშნული იდეის თაობზე თბილისის მერიას მივმართე. დარწმუნებული ვარ, მისი რეალიზაცია თბილისელთა ინტერესებშიც იქნება და საქართველოს ევროინტეგრაციასაც შეუწყობდა ხელს, ვინაიდან ევროპელი მეგობრებიც დაინახავდენ, რომ ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი ნამდვილად დიდი ხანია ვართ.

ავთანდილ კახნიაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×