მოსამართლეთა „კლანის“ გავლენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასმოსამართლე წევრების შერჩევის პროცესზე
რეზონანსი
18.12.2022

დარწმუნებული ვარ, პარლამენტის წევრებმა იციან, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციისთვის, პირველ რიგში, დამოუკიდებელი სასამართლო გვჭირდება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი იქნება. თუმცა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკვე მეოთხე „სასამართლო რეფორმის“ მე-4 ეტაპზეც („ტალღაზე“) კი დედაქალაქში მართლმსაჯულება სავაჭრო ცენტრის უკან მდგარი, სასამართლოსთვის სრულიად შეუფერებელი, შენობის სხვენსა და სარდაფში ხორციელდება... მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხზე კი მკაფიო წარმოდგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა (იუს) და უზენაესი სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა გვიქმნის, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი ე. წ. გავლენიანი ჯგუფის („კლანის“) მიერ შერჩეული იურისტებით არის დაკომპლექტებული... 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით (29.09.2022) დაიწყო იუს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსი, თუმცა რეგლამენტის (კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის მუშაობის წესს) თანახმად, კონკურსი წელიწადნახევრის წინ უნდა ჩატარებულიყო... 

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის პირობის კანონთან შეუსაბამობის და არაგანჭვრეტადობის გამო, რეგულაციების მოწესრიგებამდე, პარლამენტს კონკურსის შეჩერება ვურჩიე, 8 დეკემბერს კანდიდატებთან გასაუბრება მაინც დაიწყო... ამჯერად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსში მონაწილეებისთვის კითხვების დასმა გადაწყვიტა (2017 წელს იუს 4 არამოსამართლე წევრი კითხვების დასმის გარეშე „აირჩიეს“, რის შედეგადაც, მინიმუმ სამი, ფაქტობრივად, მოსამართლეთა ინტერესების დამცველი აღმოჩნდა...), თუმცა, მათ მოსასმენად, რატომღაც, ისევ მხოლოდ 5 წუთი გამოჰყო, რაც აშკარად არასაკმარისია... მართალია, ზოგიერთმა კანდიდატმა რამდენიმე წუთში „ჩაატია“ სათქმელი, მაგრამ, გონივრულად მიმაჩნია, თუ 20 - წუთამდე მაინც მიეცემოდათ დრო სასამართლოების წინაშე მდგარი გამოწვევების თაობაზე საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად, როგორც ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის მსურველებისთვის არის დადგენილი. 

ცხადია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ზოგიერთ კანდიდატთან გასაუბრებას კომიტეტის 10-12 წევრი დაესწრო და არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს, ხოლო ზოგიერთს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს, ამასთან ფრიდონ ინჯიამ აქტიურად გააპროტესტა ერთ-ერთი კანდიდატის მიერ 5 - წუთიანი რეგლამენტის გადაცილება, თუმცა მას ერთი კითხვაც არ დაუსვა, საფუძვლიანი ვარაუდი გამიჩნდა, რომ იუს-ში გასამწესებელ პირთა წრე ისევ წინასწარ არის განსაზღვრული... შესაბამისად, კომიტეტის წევრები ზოგიერთ კანდიდატს თავის გამოჩენის მეტ საშუალებას აძლევენ (არც წინასწარ შეთანხმებული კითხვების დასმაა გამორიცხული), ზოგიერთს პირიქით, „ჩამჭრელ“ კითხვებს უსვამენ, ხოლო ზოგიერთი „არასასურველი“ კანდიდატის არც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე გამოცემული წიგნები, სამეცნიერო სტატიები ან/და საგაზეთო პუბლიკაციები აინტერესებთ 

კარგი იქნებოდა ,კომიტეტის წევრებს თავი შეეკავებინათ მოსამართლეთა ე. წ. გავლენიან ჯგუფთან („კლანთან“) მიმართებით კითხვების დასმისგან და არც სასამართლოში წარმართული რომელიმე კონკრეტული საქმის ან ევროკომისიის „საშინაო დავალების“ თაობაზე კანდიდატების აზრით დაინტერესებულიყვნენ, ვინაიდან იუს-ში დასაქმების მსურველი, თანამდებობაზე გასამწესებლად საკმარისი ხმების მოსაგროვებლად, იძულებული ხდება, პასუხის გაცემისას, შეკითხვის ავტორის პოლიტიკური ორიენტაცია გაითვალისწინოს... 

ფაქტია, ხელისუფლებისა ან/ და ოპოზიის წარმომადგენელთა წინაშე საკუთარი პოზიცია ღიად რომ გამოხატოს, შესაძლებელია, იგივე დაემართოს, რაც ერთ აღიარებულ მეცნიერს და წარმატებულ ადვოკატს, როდესაც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, იუს წევრებმა, ფაქტობრივად, ყველაზე დაბალი ქულებით შეაფასეს. არადა ბატონი როინ მიგრიაული, პიროვნული და პროფესიული თვისებებით სრულად შეესაბამება ე. წ. ვენეციის კომისიის მიერ მოსამართლეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს („რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი“...) და იუს წევრობასაც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს (ქალბატონი ლია მუხაშავრიაც, რომელიც სახალხო დამცველიც საუკეთესო იქნებოდა...) 

რაც შეეხება მოსამართლეთა ე. წ. გავლენიან ჯგუფს („კლანს“), ჩემთვის რომ კითხვა დაესვათ, კომიტეტის სხდომაზე პასუხისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ საჯაროდ აზრის გამოთქმას არ მოვერიდები. სასამართლოში ასეთი ავტორიტეტული ჯგუფი ნამდვილად არსებობს და, როგორც ჩანს, ზეგავლენის მოხდენა, არა მარტო მოსამართლეების, არამედ პარლამენტისა და პრეზიდენტების გადაწყვეტილებებზეც შეუძლია. ამის დასტურია თუნდაც მოსამართლეების ინტერესებს აშკარად მორგებული კანონმდებლობა და ის ფაქტიც, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმაც, აგრეთვე მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებმაც მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის მიერ შერჩეული იურისტები გაამწესეს იუს-ში, მიუხედავად იმისა, რომ მათგან, ფაქტობრივად, არავინ იყო „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი“ და არც კონკურსზე წარდგენილი მათი დოკუმენტები შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს... 

ვთვლი, რომ მოსამართლეების „გავლენიან ჯგუფს“, რომელიც კომუნისტების მმართველობის წლებშიც არსებობდა, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი დააკლო და მასში მხოლოდ „თაობათა ცვლა“ მოხდა... . შედეგად, 1991 წელს მოსამართლეთა 90 %-მა შეინარჩუნა თანამდებობა, 1999-ში უზენაესი სასამართლოსთვის ცალკე („შეღავათებიანი“...) კანონი იქნა მიღებული (ხოლო მისმა თავმჯდომარემ სტრასბურგში გააგრძელა მოღვაწეობა...), „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მესამედ „რეფორმირებული სასამართლო“ კი „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უცვლელად გადმოიბარა.... ამასთან, როგორც ჩანს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების მესვეურები, ფაქტობრივად, ისევ ურთიერშეთანხმებით მოქმედებდნენ, რამაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც კი გააოცა თუ გააოგნა... (სანდრო გირგვლიანის საქმის გამხილვისას). 

საქართველოს პარლამენტზე კი, არა მარტო მოსამართლეების, არამედ ბანკირებისა და მეწარმეების გავლენიანი ჯგუფებიც ყოველთვის ახდენდნენ „მავნე ზეგავლენას“, რის დასტურიც კანონმდებლობაში, თუნდაც ისეთი, აშკარად მანკიერი რეგულაციების გაჩენაა, როგორებიც არის მაგ., მხოლოდ მოსამართლეების გადაწყვეტილებით „საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა“ (ამისთვის მოსარჩელის თანხმობა უნდა იყოს საჭირო) და მსხვილი აქციონერის (მაჟორიტარის) უფლება „აქციების იძულებით გამოსყიდვაზე“ 5 %-ზე ნაკლების მფლობელისგან (ევროპაში ეს ინსტიტუტი მინორიტარის ინტერესებშია შემოტანილი და მოთხოვნის შემთხვევაში, მაჟორიტარია ვალდებული მისგან აქციები სამართლიან ფასად გამოისყიდოს... ) ან ბანკებისთვის აქციების ბაზარზე დომინირების უფლების მინიჭება... 

საქართველოში გავლენიანი ჯგუფები („კლანები“) ყოველთვის იყვნენ არა მარტო სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ საქართველოს პარლამენტშიც, მთავრობაშიც და თბილისის მერიაშიც, ერთმანეთთანაც იოლად პოულობდნენ საერთო ენას, რის გამოც „ელიტური“ მოსამართლეები ან მათი ახლობლები („დაკავშირებული პირები“) „კანონიერად“ იგდებდნენ ხელში ლიკვიდურ სახელმწიფო ქონებას თბილისის ცენტრშიც და მის შემოგარენშიც. 

ფაქტია, საქართველოში მოდისა და თბილისის ურბანული განვითარების სფეროშიც კი გყავს გავლენიანი ჯგუფები, რის გამოც წინასწარ ვიცით, თუ ვინ გახდება „მის საქართველო“ ან რომელი აქტიტექტორის პროექტი „გაიმარჯვებს“ კონკურსში, ხოლო რომელი მაღალჩინოსნის „ახლობლის“ საწარმო - „ტენდერში“... 

არადა, საქართველოში ასეთივე გავლენიანი ჯგუფების მოძიება ე. წ. არასამთავრობო სექტორში, მედიასივრცეში და უმაღლესი განათლების სისტემაშიც კი შეიძლება. ფაქტია, რომ 1997 წელს 30-მდე „არასამთავრობო ორგანიზაციამ“ („რეიტინგული“ მედიის მხარდაჭერით) სრულიად უვარგისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, თანაც საზოგადოების უტიფრად მოტყუებით და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, მიღებისთვის აღიარა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე „წლის ადამიანად“... 2008 წელს კი, თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის „რეფორმირებისას“, სამართლის დოქტორების მიერ კონკურსზე წარდგენილი სამეცნიერო კვლევების კონცეფციები მხოლოდ მოსამართლეებისგან შემდგარმა „საკონკურსო კომისიამ“ (ზოგიერთ წევრს აკადემიური ხარისხიც კი არ გააჩნდა...) „ზეპირი მოსმენის გარეშე“ განიხილა და მმართველი პოლიტიკური ძალისთვის (ფაქტობრივად, მე-3 პრეზიდენტისთვის...) მიუღებელი მეცნიერები ცოდნის ტაძრიდან „ჩარეცხა“... სამწუხაროდ, დღესაც კი წინასწარ არის ცნობილი, თუ ვინ გახდება პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორი ან ვინ დაიკავებს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის თანამდებობას (ფაქტია, რომ კონკურსებში, როგორც წესი, მოსამართლეები და პარლამენტის წევრების ახლობლები იმარჯვებენ...). 

ფაქტია ისიც, თუ ტოტალიტარიზმის დროს, მედიასივრცე კომუნისტური პარტიის „გავლენიანი ჯგუფის“ მიერ დაკომპლექტებული აგიატაცია-პროპაგანდის განყოფილების მიერ კონტროლდებოდა, დღეს ტელევიზიები პოლიტიკური ამბიციების არმქონე დამოუკიდებელ მეცნიერებს კი არ იწვევენ სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებში საზოგადოების გასარკვევად, არამედ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურების ერთი გავლენიანი ჯგუფის („კლანის“) მიერ შერჩეულ და მათსავე „მესამე სექტორში“ დასაქმებულ „ექსპერტებს“... 

აქედან გამომდინარე, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დღევანდელი შემადგენლობის დასახელებისგან ამჯერად (ალბათ სხვა დროსაც...) მეც თავს შევიკავებ (ან რა აზრი აქვს, თუ სისტემა არ შეიცვლება და ერთ „მაყურებელს“ მეორე ჩაენაცვლება...). სამაგიეროდ, სამართალდაცავებს ვურჩევ მათთან „დაკავშირებული პირების“ ქონების წარმომავლობითაც დაინტერესდეს... ამასთან, დროა „კლანის“ თითოეულმა წევრმაც შეიგნოს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაა აუცილებელი, რაც მათ ინტერებშიც უნდა იყოს, რომ მომავალში თავადაც იყვნენ დაცული უსამართლოდ მოპყრობისგან... 

ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ „გავლენიანი ჯგუფის“ წევრებსაც უყვართ სამშობლო (ზოგიერთები ტელეკამერების წინაც კი იწერენ პირჯვარს...), სასამართლოში არსებული პრობლემების „ვერდანახვა“, როგორც ჩანს, მხოლოდ მათი „არასათანადო ინფორმირებულობის“ შედეგი უნდა იყოს.... შესაბამისად, პარლამენტის დღევანდელმა შემადგენლობამაც უნდა იზრუნოს სასამართლო ხელისუფლებაში რეალური რეფორმის გატარებისთვის, რისთვისაც იუს რეფორმირებაც და მისი წევრების შესარჩევი კრიტერიუმების გონივრულად განსაზღვრაც იქნება აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, თავადაც სხვა სფეროებში (უმეტესობას, ალბათ, ბიზნესში...) მოუწიოთ დასაქმება, ვინაიდან, თუ ასე გავაგრძელეთ, საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე რუსები განახორციელებენ მართლსაჯულებას (აქვთ კიდეც გამოცდილება... თანაც, როგორც ვიცი, ეკატერინე გაბაშვილის ნაწარმოებში „სუდია“ ლურჯას მაგდანას უბრუნებს...), ნაწილზე - სომხები, ხოლო ნაწილზე - თურქები და აზერბაიჯანელები... 

ამდენად, ვინაიდან მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო” კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, შემდეგ უზენაეს კანონს გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, მხოლოდ პიროვნული და პროფესიული თვისებებით გამორჩეული „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებით“ იუს დაკომპლექტება იქნება იმის რეალური გარანტი (ძირითად, რაც შეიძლება ასაკოვანი, დამოუკიდებელი და გამოცდილი ადვოკატები უნდა გავამწესოთ, რომლებმაც ავტორიტეტიც და ქონებაც კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოიპოვეს...), რომ მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობაც, მათ შორის, ყველაზე ავტორიტეტულების (დანარჩენებზე მხოლოდ სასიკეთო გავლენის მქონე...) ჯგუფიც და მთლიანობაში სასამართლო ხელისუფლებაც ინება რეალურად დამოუკიდებელი. შესაბამისად, თუ სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ და სასამართლო ხელისუფლება რეალურად არ იქცა ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს. ხოლო, თუ მორიგი კონკურსის ჩატარებას ისევ ე. წ. ტრადიციული („ქართულ-ჯიგრული“) მეთოდით ვაპირებთ, უმჯობესი იქნება, იუს 15-ვე წევრის არჩევის უფლებამოსილება მოქმედ მოსამართლეებს ან მათ წარმომადგენლებს („გავლენიან ჯგუფს“) დავუკანონოთ... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×