რეზონანსი
26.06.2022

ბატონი აკაკი ბაქრაძე არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. სტუდენტობისას რამდენჯერმე მოვახერხე მის ლექციებზე დასწრება. ლიტერატურულ მითებსა და იდეალებზე საუბრობდა, მაგრამ გონიერი ადამიანი ხვდებოდა, რომ კომუნიზმი უტოპია იყო, ხოლო მისი მქადაგებლები - ნომენკლატურული ფლიდები. 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაც დააინახა, თუმცა საზოგადოების „კიჩიზაცია ” (გაპრიმიტიულება) და ქვეყნის პრეზიდენტად ყოფილი „ცეკას პირველი მდივნის” არჩევა, „დიდ გაბითურებად” აღიქვა და გულისტკივილით აღნიშნა „მთელი ცხოვრება მეგონა, სინათლეს ვაღვიძებდი, სიბნელე გამიღვიძებიაო!”.

პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის მხრივ, რომ ქვეყანაში ისევ სრული წყვდიადია, ქართველი პოლიტიკოსების ერთმანეთისადმი და, თუნდაც „უზენაესი კანონისადმი” დამოკიდებულებაც ცხადყოფს. ფაქტია, ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციას მოქალაქეები რეფერენდუმით იღებენ (ჩვენ ისე შეგვაქვს ცვლილებები, თითქოს ჯიხურის ნისიების რვეული იყოს…) და საარჩევნო სისტემასაც მმართველი „პოლიტიკური ელიტის“ ინტერესებში არ ცვლიან, ხოლო გამორჩეულ ადგილებზე, სასამართლო შენობები აქვთ აღმართული და არა პოლიციის... 

მიუხედავად იმისა, თითქოს, უკვე 30 წელია, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაზე შევთანხმდით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელისუფლება აჯანყება–რევოლუციების გზით ორჯერ უკვე შევცვალეთ (როგორც ჩანს, მესამე ცდისთვისაც ვემზადებით...), რის შედეგადაც საქართველოში იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმი დამკვიდრდა, რომ „ხუთოსნებმა“, კონსტიტუციასთან ერთად, თვითნებურად სახელმწიფო სიმბოლიკაც შეცვალეს, რესპუბლიკის მოედანს „რევოლუციის” სახელი დაარქვეს და დემოკრატიული წესწყობილების ნაცვლად, ფაქტობრივად, პლუტოკრატიული ტირანია (სირუეზე, ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული) რეჟიმი დაამკვიდრეს... მიუხედავად ამისა, პარლამენტში დღესაც ძირითად ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ და ევროინტეგრაციის მესვეურობაზე აქვთ პრეტენზია... 

ფაქტია ისიც, რომ ყოველი ათწლეული, ფაქტობრივად, ხელისუფლების „დათმობა-გადაბარებით“ იწყება, თუმცა ხელისუფლების სამივე შტოს, ფაქტობრივად, სულ ერთი და იგივე „კლანი“ („ვიღაც მესამის“ ინტერესების გამტარებელი...) მართავს. ამდენად, არჩევნების „ქართული მოდელის“ სპეციფიკურობიდან გამოდინარე, ლოგიკური იქნებოდა, დედაქალაქის ცენტრში ხმლიან „ქართლის დედასთან“ ერთად, ხელში ამომრჩეველთა სიებიანი ბრგე დედაკაცის („კოორდინატორის“) განზოგადებული მონუმენტიც იდგეს, ვინაიდან შპს „საქართველოს“ ყველა „მმართველი გუნდი“ ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, მისი მოყვანილია. ამასთან, გაურკვეველი წარმომავლობის ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩამწკრივებულ პოლიტიკოსებში (როგორც „ნაცებსა“ და „მეოცნებეებში“, ასევე მათთან ასოცირებულ პარტიებში) „პორტირებული“ ყოფილი მოქკავშირელები და მათი „მემკვიდრეები“ ჭარბობენ... 

ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეები, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ, ფაქტობრივად, ისევ შუაზე ვართ გახლეჩილი და გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე „ევროკავშირში გაწევრიანებაში“ ან „კანდიდატობის მინიჭების ნათელ პერსპექტივაში“ ვხედავთ პრობლემების მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის“) გზას. 

ვინაიდან პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ ვყოფილვარ და ცხოვრების ნახევარი, დამოუკიდებლობის აღდგენამდე მაქვს გავლილი, მახსოვს, რომ გასული საუკუნის 80 წლებისთვის კომუნიზმში ცხოვრებას გვპირდებოდნენ. ვინაიდან „ნათელი მიზნის“ მიღწევა გაჭიანურდა, ე. წ. განვითარებული სოციალიზმის მშენებლობით დავკავდით, შემდეგ მისი სრულყოფის ეტაპიც გავიარეთ და უკვე „განვითარებული სოციალიზმის მომწიფებულ ფაზაში“ ვიყავით, როდესაც ტოტალიტარული კავშირი დაიშალა... საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებიც უმალ ჩამოიხსნა შენობებიდან და ლოზუნგებიც „წინ, კომუნიზმისაკენ!“, ხოლო პარტიულმა ნომენკლატურამ ე. წ. ბიზნეს სექტორსა და არანაკლებ შემოსავლიან „ქართულ-ჯიგრულ პოლიტიკაში“ გადაინაცვლა, სადაც დღემდე ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს... (ფაქტობრივად, იგივე მოხდა ყოფილ „მოძმე რესპუბლიკებშიც“). 

ვთვლი, გამიმართლა, რომ საქართველოში დავიბადე, საბჭოთა კავშირშიც მომიწია ცხოვრება, დამოუკიდებლობის აღდგენასაც მოვესწარი და შესაძლებლობაც მომეცა ქვეყნის „აღმშენებლობაში“ მიმეღო მონაწილეობა... თუმცა, სამწუხაროა, რომ განლილი 30 წელი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გავატარეთ, გარედან თავსმოხვეული არაგონივრული „რეფორმების“ შედეგად კი, განვითარებული ქვეყანა „განვითარებადი“ გავხადეთ და ბუნებრივი რესურსებიც გავყიდეთ... 

ფაქტია ისიც, ვინაიდან დსთ-ში არ გავერთიანდით და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ნება გამოვხატეთ, რუსეთი, ფაქტობრივად, სამჯერ დაგვესხა თავს, ტერიტორიებიც მიისაკუთრა და მილიონამდე მოქალაქეც „შეიფარა“. ერთი ამდენიც ევროპასა და ამერიკაშია თავის სარჩენად გადახვეწილი, ხოლო „უცხოელი მეგობრები“ ხან ასოცირებას გვპირდებიან, ხან „მაპ-ს“, ხან მასზე უკეთესს... ბოლოს კი მხოლოდ „კანდიდატობის ნათელი პერსპეტივა მოგვანიჭეს“, თუმცა კანდიდატობას 2008 წლიდან ველოდებოდით... 

არადა დსთ-ს წევრებიც კი მიიღეს კანდიდატებად... სწორადაც მოიქცნენ, ვინაიდან მოლდავეთს ნამდვილად აქვს პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანდეს, თუ ტერიტორიის ნაწილს რუსეთს დაუთმობს, ხოლო დარჩენილით რუმინეთს შეურთდება. უკრაინასაც, თუ ოკუპანტ მეზობელთან ვერ მორიგდა, აქვს გარკვეული შანსი, ანექსიას გადარჩენილი ტერიტორიით ევროკავშირში შევიდეს. საქართველოს კი, რომელიც არც გეოგრაფიულად შედის ევროპაში და ჯერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აქვს 12 პუნქტიანი დავალება 6 თვეში შესასრულებელი (რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია), რა პერსპეტივა აქვს ევროინტეგრაციის?! ან კანდიდატად მიღების შემდეგ, კიდევ 25 წელი გვალოდინებენ თურქეთივით? 

მოკლედ, თუ მანამდე, სანამ ყველა კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ, თვითონ ევროკავშირი არ დაიშალა, შეძლება ჩვენ დაგვშალონ იუგოლავიასავით, ხოლო ნატოში დამოუკიდებელი აჭარა ან/და „ბორჩალო“ მიიღონ... 

მართალია, ევროკავშირი რეალურად არსებობს, მაგრამ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში კომუნიზმის მშენებლობის იდეა ევროკავშირში გაწევრიანების „ნათელმა მიზანმა“ ჩაანაცვლა და „წინ ევროპისკენ“ ისევე გააუცნობიერებლად, ისევ სხვისი („ვიღაც მესამის“) კარნახით და რეალური ე. წ. გეოლიტიკური ვითარების გაუთვალინებლად მივისწრაფვით. არადა, განვლილი 30 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ქვეყანაც დაიცალა და შობადობაც, კომუნისტებისდროინდელთან შედარებით, განახევრებულია... მე კი, საქართველო უქართველებოდ, არც კომუნისტური მინდა და არც ევროპული... ამასთან, თუ ადრე წარმატებებისთვის „ხუთწლედის გეგმა“ უნდა შეგვესრულებინა, დღეს არანაკლებ შეუცხმყოფელი კითხვარების შევსება და დავალებების (პირობების) შესრულებას გვიწევს...

ფაქტობრივად, ისევ სხვის დაკრულზე ვცეკვავთ... არადა, სასამართლო რეფორმა ამერიკელი „სტრატეგიული პარტნიორების“ ზედამხედველობით არ განვახორციელეთ?! ჩვენს რეფორმებს მსოფლიო ბანკის ექსპერტები არ მიიჩნევდნენ წარმატებულად?! არჩევნებში დამკვირვებლებად ევროპელი მეგობრებს არ ვიწვევდით?! ან რომელ ევროპულობაზეა ლაპარაკი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზები სხვენსა და სარდაფებში ახლახან განვათავსეთ... ამასთან, დღემდე საგზაო ნიშნები და მონიშვნა დედაქალაქშიც ვერ მოვაწესრიგეთ, მძღოლებს კომუნისტების მიერ მიღებული კოდექსით ვაჯარიმებთ, ხოლო სახანძრო უსაფრთხოების წესების დამრღვევებს - 1992 წლამდე სსრკ-ში მოქმედი რუსულენოვანი ტენიკური რეგლამენტით... 

ამდენად, თუ თვითონ მოქალაქეებმა ჯეროვნად ვერ გავიაზრეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად, თუნდაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებაა საჭირო („დეპოლარიზაციაც“, „დეოლიგარქიზაციაც“, „დეკორუფციზაციაც“ და „დენეპოტიზმიზაციაც“...), კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის თაობაზე მუხლი რატომ დავამატეთ?!

ვთვლი, რომ საქართველოს გამიჯვნა იმ ჯგუფიდან, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩაგვსვეს (საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის წარმომადგენლებს ტრენინგებსაც ერთად უტარებდნენ) და კანდიდატობის გადავადება საქართველოს ხელისუფლებაში მორიგ „გეგმიურ როტაციას“ უკავშირდება.

ე. წ. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების სიმრავლეც მხოლოდ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის ილუზიას ქმნის, თუმცა, ვინაიდან არც საარჩევნო გარემო შეცვლილა არსებითად და იგივე პროცედურები დარჩა, მაღალი ალბათობაა, რომ „კოჰაბიტაცია“ ვადამდელი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს... როგორც ჩანს, მანდატების უმრავლესობას ევროინტეგრაციისა და ლიბერალური იდეოლოგიის პლატფორმით კოალიციად გაერთიანებული „გაერთიანებული ოპოზიცია“ (ან „ახალი სახალხო მოძრაობა“) დაეუფლოს (პირობითად, „რესპუბლიკელები“), ხოლო ყოფილი „მოქალაქეების“, „ნაცებისა“ და „მეოცნებეების“ მეორე ნაწილი (პირობითად, „დემოკრატები“) საპარლამენტო უმცირესობაში ვიხილოთ. 

ამდენად, დროა რუსთაველისა და ილიას შთამომავლები ცოტა გონს მოვეგოთ, პრიორიტეტულად განათლება ავირჩიოთ, როგორც აკაკი ბაქრაძე იტყოდა „ვასალური აზროვნება დავძლიოთ”, „სინათლე გავაღვიძოთ” და კონსტიტუციური (ევოლუციური) გზით დავამკვიდროთ დამოუკიდებელი სამართლებრივი სახელმწიფო. თუ წარსულში დაშვებული შეცდომები არ გავითვალისწინეთ, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ევროპიდან ყველაფერი საუკეთესო არ გადმოვიღეთ (პირველ რიგში, დამოუკიდებელი სასამართლო!) და ისევ „აჯანყება-რევოლუციებით” გავაგრძელეთ სვლა, „ხუთჯვრიან სტადიამდე” მისულ ქვეყანას ვეღარაფრით განვკურნავთ და ევროპულს ვინ ჩივის, რომელიმე აზიურ კავშირშიც არავინ გაგვიკარებს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×