COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები
რეზონანსი
29.05.2022

დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, საინტერესოა COVID-19-ის პანდემიის დროს საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესწავლა, რათა აღნიშნული პროცესი უფრო ეფექტიანი გახდეს. კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა COVID-19-ის პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტებისა და პედაგოგების პერსპექტივიდან.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები და პედაგოგები. აღნიშნული სამი უნივერსიტეტი შეირჩა, რათა წარმოდგენილი ყოფილიყო როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები. კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იყო რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა წინასწარ სტრუქტურირებული ონლაინ­­კითხვარი, რომელიც აეწყო Google Forms-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 417 სტუდენტმა (ბაკალავრები – 80.6%, მაგისტრანტები – 18.5% და დოქტორანტები – 4,1%), მათ შორის 26 (6.2%) უცხოელმა სტუდენტმა და 47 პედაგოგმა.

დისტანციური სწავლების თავისებურებები

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და საერთოდ ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე უდიდესი გავლენა მოახდინა. იგი შეეხო სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო პროცესებს. პანდემიის თანამედროვე სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ კრიზისის შედეგები ყველა დონეზე წლების განმავლობაში გაგრძელდება და საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას.

მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად, საჭირო გახდა სპეციალური ღონისძიებების გატარება, რასაც საფუძვლად უდევს სოციალური დისტანციის კონცეფცია. სოციალური დისტანცია მიზანმიმართულად ზრდის ფიზიკურ სივრცეს ადამიანებს შორის, ავადმყოფობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

COVID-19-ის პანდემიამ სტუდენტების ყოველდღიური ცხოვრება განსაკუთრებით შეცვალა. ვირუსის გავრცელების შემცირების ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა მან მრავალი გამოწვევა განაპირობა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის და, უფრო მეტიც, მათი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, დამსაქმებლებისთვის და, შესაბამისად, საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის. შეიძლება ითქვას, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სრულად გაიხსნება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისინი მაინც ვერ დაუბრუნდებიან პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მოსალოდნელია არსებული სტანდარტების ძირეულად შეცვლა, რომლებითაც ვხელმძღვანელობდით ჩვენი ცხოვრების მრავალ სფეროში.

თანამედროვე საინფორმაციო ხანაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ უკვე კარგა ხანია, შეცვალა სასწავლო დაწესებულებებში სწავლების ტრადიციული პრაქტიკა: დაინერგა სწავლების ინოვაციური მეთოდები. გაიზარდა სწავლების პროდუქტიულობა, ინტერნეტის საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ, მოიპოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ათასობით კილომეტრის დაშორებით მოისმინონ მათთვის სასურველი ლექციები პირდაპირ, ან ასინქრონულად, ასევე დაუკავშირდნენ და ურთიერთობა დაამყარონ პედაგოგებთან.

დისტანციური განათლება თავისი კონცეფციით და პრაქტიკით გადაიქცა „ნებისმიერ ადგილას“ და „ნებისმიერ დროს“ სწავლების მეთოდად. დისტანციური სწავლება არის განათლების ფორმა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობისა და ინტერნეტის გამოყენებით, სადაც სწავლების პროცესში პედაგოგები და სტუდენტები ერთმანეთისაგან ფიზიკურად განცალკევებული არიან.

გამოყოფენ ონლაინსწავლების ასინქრონულ, სინქრონულ და შერეულ მოდელებს. სინქრონული ონლაინსწავლების დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგი და სტუდენტი ერთდროულად უნდა იყვნენ ონლაინ, თუმცა შესაძლოა, იმყოფებოდნენ უნივერსიტეტისგან დაშორებულ, სხვადასხვა ადგილზე, ხოლო სასწავლო პროცესი დროში გაწერილია. ასინქრონული ონლაინსწავლება არ მოითხოვს მასწავლებლისა და მოსწავლის ერთდროულად ონლაინ ყოფნას და არ არის მკაცრად დროში გაწერილი (მაგ., ონლაინკურსები, ფორუმები, სოციალური ქსელები). შერეული სწავლების მეთოდი აერთიანებს სინქრონული და ასინქრონული სწავლების კომპონენტებს.

ტრადიციული სწავლებიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ დიდი გავლენა მოახდინა სტუდენტების სწავლების პროცესის მიმართ დამოკიდებულებაზე. შეიცვალა სტუდენტების პრაქტიკა აკადემიურ მუშაობასთან დაკავშირებით, მათი სოციალური ცხოვრება (დაიხურა საერთო საცხოვრებლები, მეგობრებთან, უნივერსიტეტის კოლეგებთან შეხვედრების არარსებობა, წვეულებებისა და მოგზაურობების გაუქმება და ა.შ.), ისევე როგორც მათი ფინანსური მდგომარეობა (სამუშაოს დაკარგვა) და ფსიქიკური ჯანმრთელობა (შიში, იმედგაცრუება, შფოთვა).

მიუხედავად გამოწვევისა, ონლაინსწავლებას მრავალი სარგებელი მოაქვს სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა დისტანციური სწავლების ახალი მეთოდების შესწავლა, რომლებიც მანამდე არ იყო გამოყენებული (ვიდეოკონფერენციები, გამოცდებისა და საშინაო დავალებების ონლაინჩატარება, ონლაინლექციების ჩაწერა მათი შემდგომი მოსმენის მიზნით). ონლაინსწავლება განათლების პროცესს უფრო სტუდენტზე ორიენტირებულს, შემოქმედებითს და მოქნილს ხდის. მისი მეშვეობით იქმნება შედარებით თავისუფალი გარემო, სადაც მეტი შესაძლებლობაა ნებისმიერ დროს ადამიანებთან ვირტუალური კომუნიკაციის დასამყარებლად. მცირდება სტრესი, რადგან ლექციების მსვლელობა ფიზიკურ ჩართულობას არ მოითხოვს. პედაგოგებისა და სტუდენტების ერთ სივრცეში ყოფნა ხელს უწყობს ფამილარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გამოცდების ონლაინპირობებში ჩაბარებას უპირატესობა ენიჭება, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად არის შესაძლებელი საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა ნაკლებად სტრესულ გარემოში. გარდა ამისა, ონლაინსწავლება პედაგოგებთან მუდმივ ჩართულობას გულისხმობს და, შესაბამისად, ამცირებს დისტანციურობას.

ონლაინსწავლება ხელს უწყობს განათლების ხარჯების შემცირებას, კერძოდ, მცირდება საცხოვრებელი ბინის ქირაობისა და ტრანსპორტირების ხარჯები.  იგი ასევე ამცირებს სასწავლო ადგილის ქირაობის და სწავლებისთვის საჭირო ინვენტარის (მერხები, სკამები) ხარჯებს. იქმნება შესაძლებლობა, სტუდენტებმა მარტივად მიიღონ სხვადასხვა სასწავლო რესურსი დროისა და ადგილის შეზღუდვის გარეშე. ონლაინსწავლება განსაკუთრებით ეფექტიანი და ადვილად ხელმისაწვდომია სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის. თვითმართვადი ელექტრონული სწავლება საშუალებას აძლევს სტუდენტს, დამოუკიდებლად წარმართოს თავისი საქმიანობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იგი აღიქმება, როგორც საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების საჭირო ინსტრუმენტი, განსაკუთრებით – განვითარებად ქვეყნებში.

მიუხედავად ელექტრონული სწავლების მოქნილობის, სიმარტივისა და ეკონომიურობისა, მას თან სდევს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის პრობლემა, ტექნოლოგიური სირთულეები, პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტსერვისების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, დამწყები ონლაინსტუდენტებისთვის უცნობ ტექნოლოგიებთან ადაპტირების სირთულე.

პირველ რიგში, ეს არის ტელეკომუნიკაციური ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. საქართველოში ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ინფრასტრუქტურული დონე საშუალოზე დაბალია. ლექციების დროს კავშირი შეიძლება გაწყდეს და სტუდენტებს თავიდან უწევთ შესვლა სესიის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, ზოგ სტუდენტს ნაკლებად მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და მხოლოდ გამოცდების დროს ახერხებს მის გამოყენებას. მთლიანობაში ტექნოლოგიური განუვითარებლობა აფერხებს ონლაინსწავლების პროცესში სრულფასოვნად და ადეკვატურად ჩართვას.  ტექნოლოგიისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში უთანასწორობა განსაკუთრებით თვალში საცემია ღარიბი სტუდენტების შემთხვევაში. პანდემიამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს სტუდენტებს შორის განსხვავება, რაც უარყოფითად აისახება მათ განათლებაზე.

ონლაინსწავლების მეთოდი განსაკუთრებით პრობლემატურია ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა მსგავსი დარგები, სადაც პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შეზღუდული შესაძლებლობა იკვეთება. მედიცინის სტუდენტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გარემოში პაციენტებთან ურთიერთობით შეძენილ სწავლას და ის სრულად ვერ ჩანაცვლდება დისტანციური სწავლებით. გარკვეულწილად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ვირტუალური პაციენტების (VP) და რეალური კლინიკური სცენარების სიმულაციის გამოყენებით.

საუნივერსიტეტო სასწავლო სივრცე, აუდიტორიები სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, დაამყარონ პირდაპირი, უშუალო კომუნიკაცია ერთმანეთთან. იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ახალგაზრდების სოციალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, იძლევა ინტერაქციისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას. საგანმანათლებლო პროცესის ონლაინფორმატში გადანაცვლებამ ნეგატიური გავლენა იქონია სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და გამოიწვია ისეთი პრობლემები, როგორიცაა სტრესი, სოციალური იზოლაცია და დეპრესია. სოციალური იზოლაცია და აქტივობების მკვეთრი შემცირება აქვეითებს ახალგაზრდების მოტივაციას, იწვევს არაპროდუქტიულობის განცდას, საქმის გადადებას.

კვლევაში მონაწილე სტუდენტებმა და პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს დისტანციური სასწავლო პროცესი. -ბალიან სკალაზე სტუდენტების საშუალო შეფასებამ 3,2 ქულა შეადგინა, ხოლო პედაგოგებისამ – 3 ქულა.

სტუდენტების უმრავლესობა ეთანხმება (43.9%) და მეტ-ნაკლებად ეთანხმება (27.8%) დებულებას, რომ ონლაინსწავლებისას მეტი დრო ეზოგება სწავლაზე. ამასთან, სტუდენტების მეტი ნაწილი ეთანხმება (45.3%) და მეტ-ნაკლებად ეთანხმება (36.9%) მოსაზრებას, რომ დისტანციური სწავლების პირობებში მეტი თავისუფალი დრო რჩებათ, რადგან არ უწევთ დროის დაკარგვა გზაში, უნივერსიტეტში წასვლა-წამოსვლაზე და შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ ამა თუ იმ დისციპლინის სრულფასოვან შესწავლას ან დაკავდნენ მათთვის საინტერესო საქმიანობით.

სტუდენტების 65.7% და პედაგოგების 68% აღიარებს, რომ ზოგადად მოსწონთ სახლიდან მუშაობა. სტუდენტების 78.4%-ისა და პედაგოგების 85%-ის მტკიცებით, მათ დისტანციური სწავლებისათვის სახლში კომფორტული პირობები აქვთ, რადგან დისტანციურად ლექციის ჩატარება შეიძლება იყოს მობილური და სტუდენტს ან პედაგოგს შესაძლებლობა აქვს, ლექციაზე ჩაერთოს ნებისმიერი ლოკაციიდან –  მთავარია, ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა.

კვლევის მიხედვით, ონლაინსწავლების მომხრეები თვლიან, რომ იგი ამცირებს აუდიტორიულ გაკვეთილებზე დასასწრებად საჭირო სამგზავრო ხარჯებს. ონლაინსწავლება განსაკუთრებით ეფექტიანი და ადვილად ხელმისაწვდომია სოფლებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ დისტანციური სწავლებით, რადგან მათ მიეცათ შესაძლებლობა, დაზოგონ საცხოვრებელი ბინის ქირაობის ხარჯები.

სტუდენტების უმრავლესობა სრულად ეთანხმება (41%) ან მეტ-ნაკლებად ეთანხმება (33.1%) მოსაზრებას, რომ ისინი მეტად ახერხებენ ლექციებზე დასწრებას დისტანციური სწავლების პირობებში. სტუდენტთა აზრით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ მათ ახალი, გამოსადეგი უნარები და გამოცდილება შესძინა (79,7%), ხოლო უნივერსიტეტის მიერ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ორგანიზების ხარისხი ძალიან კარგია (80%). ონლაინსწავლის დროს შესაძლებელია ლექციების ჩაწერა, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს დამოუკიდებელ სწავლაზე, თავად გამოიმუშაოს მოქმედების უნარ-ჩვევები. სტუდენტი ეუფლება თვითგანათლების, თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის, დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის უნარებს.

აგრეთვე აქვს საშუალება, გაეცნოს და პრაქტიკულად გამოიყენოს საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობები. სტუდენტთა 85.1%-ისა და პედაგოგთა 91.5%-ის აზრით, ინტერნეტთან წვდომა არ იყო პრობლემური და, შესაბამისად, მათ დროულად ჰქონდათ წვდომა ონლაინლექციებზე. სტუდენტთა და პედაგოგთა უმრავლესობა მზად იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასავლელად, რადგან მანამდეც ჰქონდათ ლექციები ონლაინრეჟიმში. ამის შესახებ განაცხადა სტუდენტების 50.6%-მა და პედაგოგების 83%-მა. რაც შეეხება წინარე გამოცდილებას, სტუდენტების 20.3%-სა და პედაგოგების 17.1%-ს პანდემიამდე ნაკლებად ჰქონდა, ან საერთოდ არ ჰქონდა ონლაინსწავლების რეალური პრაქტიკა და გამოცდილება და ბევრი რამის სწავლა დასჭირდა ან ყველაფრის სწავლა ნულიდან მოუწია. ისინი იძულებული გახდნენ, დაუფლებოდნენ ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს (Zoom; Teams; Skype.), აგრეთვე ვიდეოკონფერენციების ჩაწერის, ეკრანის გაზიარების და სხვადასხვა ტექნიკურ უნარს.

სტუდენტების (69%) და პედაგოგების (81%) უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს. ამ მეთოდით კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფლად მცხოვრები სტუდენტები (77%), ქალაქად მცხოვრები სტუდენტები (67.7%), დაუსაქმებელი სტუდენტები (69%), სწავლის პარალელურად სრულ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები (65%) და უცხოელი სტუდენტები (100%). აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ სწავლების სინთეზური მეთოდი ყველაზე უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას. ასეთი არჩევანი საშუალებას აძლევს მათ, ვინც ამჯობინებს განათლების მიღებას დისტანციურად, აირჩიონ ონლაინკურსი, ხოლო მათ, ვინც კარგად ითვისებს მასალას მხოლოდ უშუალო კომუნიკაციის საშუალებით – აირჩიონ აუდიტორიული სწავლება. ამ მხრივ, აუცილებელია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს, თავად გადაწყვიტოს, ლექციას აუდიტორიაში დაესწროს თუ სწავლას ონლაინრეჟიმში შეუერთდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა უდავოდ ეფექტიანი აღმოჩნდა კოვიდპანდემიისაგან თავის დასაცავად, არსებობს ბევრი ხარვეზი. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს დისტანციური სწავლების შეზღუდული კომუნიკაციით, ტექნიკური სირთულეებით და არაკომფორტული გარემოთი. ყველაზე პრობლემური სტუდენტებისათვის დისტანციური სწავლებისათვის საჭირო კომფორტული სამუშაო ადგილია. პედაგოგების აზრით, ონლაინსწავლებისას ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სტუდენტების მიერ გამოყენებული ტექნიკის სუსტი ტექნიკური შესაძლებლობები (59.6%). პედაგოგთა 57% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მათ მეტი ძალისხმევის გაღება ესაჭიროებათ ონლაინმეთოდით სწვალებისას.

კვლევის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა ნაწილის (15.6%) ინტერნეტთან წვდომა იყო პრობლემური. იგი პირველ რიგში დაკავშირებულია საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში (განსაკუთრებით, სოფლებში) ინტერნეტის დაბალ ხარისხთან და გაუმართაობასთან, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ ჩართვას როგორც სალექციო, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ყოველივე ეს კი იწვევს სტუდენტის ცოდნის დაბალ ხარისხს. აღსანიშნავია, რომ რაიონებიდან ჩამოსულ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი დაბრუნდა რაიონებში, რომ დაეზოგათ ბინის ქირის გადასახადი, თუმცა, ამ დროს შეექმნათ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, შესაბამისად, ონლაინსწავლება მათთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.

ზოგ შემთხვევაში დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის გამოცდილების არარსებობის გამო, საწყის ეტაპზე, ლექციის ტექნიკურ ორგანიზებაზე იხარჯებოდა ძალიან დიდი დრო (პლატფორმაზე შემოსვლა, მიკროფონის ჩართვა, კამერის გასწორება და ა.შ.), რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა ონლაინლექციის ხარისხზე.

პედაგოგებისათვის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა სტუდენტის ჩართულობის ფორმა (სტუდენტის უფლება, „დაფაროს“ თავისი სახე). სტუდენტს უფლება აქვს, არ ჩართოს ვიდეოთვალი, ანუ „დაფაროს“ თავისი სახე, რაც გამორიცხავს ვიზუალურ კონტაქტს და არღვევს ცოდნის გადაცემის ბუნებრივ, მოსმენისა და ყურების სინთეზს. შესაბამისად, პედაგოგს უძნელდება იმის გაგება, რამდენად აღიქვეს ახსნილი სალექციო მასალა სტუდენტებმა. ამასთან, გამორთული ვიდეოთვალის შემთხვევაში, შესაძლებელია, სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ვერ ახერხებდნენ მასალაზე კონცენტრაციას. სტუდენტები თვლიან, რომ კომპიუტერის ეკრანთან სწავლების პროცესი მოსაწყენია და ნაკლები მოტივაცია უჩნდებათ, რომ ლექციებში ჩაერთონ.

სტუდენტების (72.7%) და პედაგოგების (76.6%) უმრავლესობის აზრით,დისტანციური სწავლების რეჟიმი ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე, მიუხედავად იმისა, რომ,  მათი პასუხების მიხედვით, ლექციებზე დასწრების სიხშირე გაიზარდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტის ცოდნის შეფასების ტესტური მეთოდიკა. ზოგჯერ ცოდნის შესამოწმებლად იყენებენ დახურული ტიპის ტესტირებას, რომელსაც თან ახლავს „შპარგალკა“ – რამდენიმე სავარაუდო პასუხი. ეს მეთოდი მეხსიერებას უფრო ამოწმებს, ვიდრე ცოდნას და გამორიცხავს სტუდენტის აზროვნებას, მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას.

კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციური სწავლების დროს შეცვლილ გარემოში რთულდება სტუდენტების სოციალური ურთიერთობები და ინტერაქცია. დისტანციური სწავლების დროს ისინი კარგავენ სოციალიზაციის და ახალი მეგობრების შეძენის ადგილს. ჩვეულებრივ, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო შთაბეჭდილებების მომტანი და დასამახსოვრებელია, როგორც ბედნიერი წარსულის მოგონება. ამასთან, სტუდენტებს ტრადიციული სწავლის დროს უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ლექტორებთან არა მარტო აუდიტორიებში, არამედ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კაფეებში, სხვადასხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, სადაც ხდებოდა სასარგებლო ინფორმაციის ურთიერთგაზიარება. ამ მხრივ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია უცხოელი სტუდენტების ფაქტორი, რომელთა სოციალიზაციის ერთადერთი წყარო უნივერსიტეტია.

კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებისა და პედაგოგების უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ტექნიკური მოწყობილობა, რაც სჭირდება დისტანციურ სწავლებას (კომპიუტერი, პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური ტელეფონი და სხვ.). მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება: ინტერნეტრესურსებიდან აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი სასწავლო პლატფორმა და კომფორტული აქტივობა. სტუდენტების 68.3% და პედაგოგთა 64% ონლაინსწავლების რეჟიმისთვის ძირითადად Moodle-ის პლატფორმას იყენებს. თუმცა, ასევე იყენებენ WhatsApp-ის, Skype-ის პლატფორმებს (სტუდენტების 14%, პედაგოგების 38%). დისტანციური სწავლის დროს ასევე ხშირად მიმართავენ მობილურ ტელეფონებს სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებით. მობილური მოწყობილობები მარტივი და კომფორტული გამოსაყენებელია და ისინი სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში მობილური ტელეფონების გამოყენება დაკავშირებულია კომპიუტერების არქონასთან, რის გამოც სტუდენტები ვერ ახერხებენ მიცემული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, ანუ უხდებათ ხელით წერა, შემდეგ სურათის გადაღება და მეილით ან ე.წ. მესენჯერით გადმოგზავნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი სტუდენტი კომპიუტერულ ტექნოლოგიას სათანადო დონეზე ვერ ფლობს.

ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ XXI საუკუნის ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიური პროცესები დიდ ზეგავლენას ახდენს განათლების პროცესებზე. Covid-19-ის ეპიდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განსაზღვრა განათლების სფეროში ცოდნის უწყვეტად და ხარისხიანად მიღების ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის აუცილებლობა. პანდემიისგან თავის დასაცავად შემოვიდა სწავლების ონლაინრეჟიმი თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით, რამაც სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა როგორც სტუდენტი, ასევე პედაგოგი. ონლაინსწავლება სტუდენტებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების შეძენაში ეხმარება, ზრდის თვითორგანიზების უნარებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს. თუმცა, დისტანციური სწავლების რეჟიმმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტუდენტის პიროვნულ განვითარებას. შესაბამისად, დისტანციური სწავლების დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ფსიქოლოგების რეკომენდაციები. მიზანშეწონილია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს, თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინრეჟიმში ჩართვა.

თენგიზ ვერულავა

მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×