პეტრე მამრაძე
06.02.2022

„ჩვენ კარგა ხანია სიფრთხილეს ლაჩრობა დავარქვით, გონიერებას მოღალატეობა და უპასუხისმგებლობას - პატრიოტიზმი“, - თქვა რამდენიმე დღის წინათ პოეტმა დავით მაღრაძემ. მისი ინტერვიუ ძირითადად ეხება იმას, რომ ნაცები და მათი მომხრეები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ხსენებას და სათანადო ეპითეტებით შემკობას ითხოვდნენ. მაგრამ მას კარგად ახსოვს, რომ ატმოსფერო, რომელიც ანტიეროვნულ ძალებს აძლევს ასეთი დემაგოგიის საშუალებას, ჩვენში კარგა ხნის წინათ დამკვიდრდა - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის წევრების დიდი ნაწილი სკოლაში დადიოდა.

„ქართველებმა თავიანთი ნაციონალიზმის მხოლოდ ხმამაღალი დეკლარირების უნარი გამოავლინეს. ქართველები არ მოქცეულან როგორც ერი. ურთიერთკომპრომისებზე წასვლისა და გაერთიანებული ძალებით რუსეთის დაწოლაზე წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, რეგიონალური და ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერები ყოველთვის მზად იყვნენ მიყიდულიყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებს, რათა თავიანთ ქართველ ოპონენტებთან ანგარიშსწორების შანსი მისცემოდათ. რუსეთის დაახლოებით ორსაუკუნოვანი ბატონობის შემდგომ, საქართველომ, როგორც ჩანს, დაკარგა დამოუკიდებლად არსებობის უნარი“, წერდნენ 1994 წელს ცნობილი ამერიკელი მეცნიერები უ.ოდომი და რ.დუჯარიჩი.

გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს საქართველოში ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ პირველი საჯარო აქციები გამართა. სულ მალე ეროვნულ მოძრაობაში რადიკალიზმმა იმძლავრა: ყველაზე დიდ პატრიოტად და მებრძოლად იმას მოჰქონდა თავი, ვინც სხვაზე უფრო მწვავედ, ისტერიკულად და ხმამაღლა, ლანძღავდა კომუნისტებს, სუკს, რუსეთის იმპერიას; უფრო ემოციურად მოითხოვდა, რომ „პირსისხლიანი ოკუპანტები გათრეულიყვნენ საქართველოდან“ და ა.შ.

1990 წლის მარტში მწერალმა ვაჟა გიგაშვილმა ამ მოვლენას „ლექის აღზევება“ უწოდა. გიგაშვილი აღნიშნავდა რომ „ლექი“ მუდმივი კომპონენტია ყოველი საზოგადოებისა, მაგრამ პრობლემაა მისი პროპორცია საზოგადოების შემადგენლობაში და მისი აღზევების პირობების შექმნა-არშექმნა.

გავიდა წლები და გავიგე, რომ ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა შორის მრავლად იყვნენ სუკის აგენტები, ინფორმატორები, „კავშირზე“ მყოფი პირები და მათი დიდი ნაწილი პირდაპირ მოსკოვს ექვემდებარებოდა და ეს დიდად უწყობდა ხელს ჩვენში „ლექის აღზევებას“. მინდა ვურჩიო ყველას, განსაკუთრებით კი ახალგარზდებს, ნახონ იუ-თუბზე განთავსებული „ღირსების სასამართლო“, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერები ერთმანეთს სუკის აგენტებს უწოდებენ და „შუბლში ტყვიის ჩაჭედებით“ ემუქრებიან. 

იმავე პერიოდში გამოიკვეთა მკვეთრი სხვაობა საქართველოში და ბალტიის ქვეყნებში განვითარებულ პროცესებს შორის. რუსეთის ხელისუფლების ზეწოლამ ბალტიის ქვეყნებში ეროვნული მოძრაობების კონსოლიდაცია გამოიწვია. იქაური სახალხო ფრონტები და სხვა ჯგუფები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ თავის „კომუნისტურ“ ხელმძღვანელობასთან; თანხმდებოდნენ იმაზე, ვის და როდის უნდა ეთქვა ან მოეთხოვა რამე. უფრო მეტიც - ბალტიის სამივე ქვეყნის მოსახლეობა, სახალხო ფრონტები და კომუნისტური ხელმძღვანელობა ერთ მუშტად შეიკვრნენ და აქციებსაც ერთად ამზადებდნენ.

სულ სხვა ვითარება იყო საქართველოში, სადაც რადიკალიზაციის ხარისხი სწრაფად იზრდებოდა. სწორედ რადიკალიზმმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის მწვავე კონკურენციამ განაპირობა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, რომლის შედეგად უკვე მთელი მოსახლეობის რადიკალიზაცია მოხდა. იმ ღამით ერის სულიერმა წინამძღოლმა მოუწოდა მომიტინგეებს გადასულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიაში და მასთან ერთად ელოცათ, რათა ერს თავიდან აეცდინა მოვლენების ტრაგიკული განვითარება. მიტინგის ლიდერებმა ეს არ დაუშვეს! - პირადი პოლიტიკური ამბიციები და ბელადობისათვის ბრძოლა მათ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენეს.

წიგნში „ჟამი ჭეშმარიტი (დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა)“ გიორგი წიქარიშვილი აღწერს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართულ საქართველოს სახალხო ფრონტის სრულიად მარაზმატულ ყრილობას, რომელიც „...რასაკვირველია, აყალ–მაყალში, გნიასში, დედის გინებასა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა“.... ამ დროს გაზეთ „იზვესტია“-სათვის მიცემულ ინტერვიუში ლიტვის „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს: „ხშირად გვსაყვედურობენ, თითქოს „სოიუდისი“ (ლიტვის სახალხო ფრონტი) ნაციონალისტური ორგანიზაციაა. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. უბრალოდ გვინდა ლენინური პრინციპების გატარება რესპუბლიკათშორის ურთიერთობებში და ამ გზით ჩვენი კავშირის (საბჭოთა კავშირის!) განმტკიცება, მისი დემოკრატიზაცია - ლენინური მოძღვრების ფუძემდებლური დებულებები უეჭველად მოითხოვენ რესპუბლიკათა სუვერენიტეტის გაზრდას და მისი რეალური შინაარსით შევსებას“.

ერთი სიტყვით „თავისმომჭრელი“ სტატია იყო.

რამ განაპირობა ასეთი სხვაობა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის? ვფიქრობ ყველასათვის ცხადია, რომ რადიკალებმა და სუკის აგენტებმა ვერ წამოყვეს თავი ბალტიის ქვეყნებში სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოების აქტიურ და ინტელექტუალურ ნაწილში ნამდვილი პატრიოტიზმი და საღი აზრი დომინირებდა. პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმულ ლიდერებს ესმოდათ, რომ რადიკალური ლოზუნგები მათთვის მომაკვდინებელი იქნებოდა - მათ მაშინავე ამხელდნენ, როგორც ანტიეოროვნულ ელემენტებს, კრემლის ინტერესბში მოქმედ სუკის აგენტებს და ა.შ. ,,სოიუდისის’’ ლიდერს შეეძლო ემტკიცა, რომ მას სხვებთან ერთად უნდოდა „ლენინური პრინციპების“ გატარება, ვინაიდან ყველას ესმოდა, რომ ეროვნული ინტერესების განხორციელებისათვის ასეთი რამეების თქმა იყო საჭირო, რათა მინიმალური დანაკარგებით გასულიყვენენ სსრკ-დან და ღირსეული ადგილი დაეკავებინათ ევროპულ ოჯახში. ჩვენში კი ე.წ. ეროვნული მოძრაობის გაჩენისთანავე აშკარა გახდა ეროვნული ელიტების მწვავე დეფიციტი, რაც რიგი ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური მიზეზით იყო განპირობებული.

დღეს საქართველო ის აღარ არის, რაც 1989 ან 2008 წელს იყო. საკმაოდ ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ „გავრილოვის ღამე“ და გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის საჯარო ლანძღვა რუსი ჩეკისტების და მათი ქართველი აგენტურის ერთობლივი ოპერაცია იყო, მაგრამ წლების წინ აღზევებული ლექი ბოლომდე დალექილი არ არის: ყალბი პატრიოტიზმი და არანაკლებად ყალბი პროდასავლურობა ნაძირალებისათვის ისევ ბოლო თავშესაფრად რჩება და მათი ანტიეროვნული მოქმედება ახლაც არ იწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას. ნაძირალა „პატრიოტები“ კი კვლავ ამტკიცებენ, რომ სიფრთხილე ლაჩრობაა, გონიერება - მოღალატეობა, ხოლო უპასუხისმგებლობა - პატრიოტიზმია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×