ვიზიტორების ყურადღებას ბუნებრივი გარემო და რელიეფთან ჰარმონიაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იპყრობდნენ და არა ლითონის ბრჭყვიალა კონსტრუქციები
რეზონანსი
23.01.2022

ფაქტია,ამერიკელმა რეპერმა პრესტიჟულ ავტომობილში „მაიბახ ექსელერი“ 8 მილიონი დოლარი გადიხადა, ხოლო გასული საუკუნის 50 წლებში გამოშვებული ლეგენდარული „Ferari 250 GTO“-ის ფასი აუციონებზე 50 მილიონ დოლარამდე აღწევს (150 მილიონზე მეტი ლარია...). ამასთან, ბრიტანელი „ქუჩის ხელოვანის“ ბენქსის („Banksy“) ნახატი, რომელშიც ის იმპრესიონისტ მონეს აშარჟებს („მაჩვენე მონე“) სოთბისის აუქციონზე თითქმის 10 მილიონად შეიძინა, ხოლო 2009 წელს შექმნილ მის მეორე ნამუშევარში („Devolved parliament“) მყიდველმა 9.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი (40 მილიონ ლარზე მეტი)არ დაინანა... აღარაფერს ვიტყვი თავად იმპრესიონისტების მიერ შემნილი შედევრების ფასებზე...

ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს მთავრობამ, ე. წ. რიყის დოქებისთვის ფუნქციის მოძებნის მიზნით, მათი აუქციონის გზით გაყიდვა გადაწყვიტა. მაშინ, ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას დედაქალაქის მერმაც დაუჭირა მხარი.აუქციონი უკვე მეხუთედ ჩატარდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა საწყისი ფასი 95 მილიონი ლარიდან, 35 მილიონამდე ჩამოიყვანეს, მყიდველი მაინც არ გამოჩნდა... გამოდის, რომ ეს გაურკვეველი დანიშნულების ობიექტი თანამედროვე ინგლისელი მხატვრის ერთი ნახატის ან გერმანული ავტომობილისღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასადაც შეიძლება გასხვისდეს და ადგილზე დარჩეს... 

არადა მეც მიმაჩნია, რომ „რიყის დოქები (მილები)“ ურბანული ვანდალიზმის მკაფიო ნიმუშია და მათი ამოქმედება კი არა, რიყიდან დაუყოვნებლივ მოცილებაა აუცილებელი. არაგონივრულია, რიყის კიდევ ერთი მინა-ლითონის კონსტრუქციით გადატვირთვა, აგრეთვე, უშუალოდ ბარათაშვილის აღმართის იერსახის დამახინჯებასთან ერთად, აღმართიდან და მიმდებარე ქუჩებიდან თბილისის ულამაზესი ხედების შეზღუდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი და უნიკალური ისტორიული ძეგლები უნდა დომინირებდნენ. 

გონივრული იქნებოდა, სანამ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სახელმწიფოსა და დედაქალაქის მესვეურებს გარემოსთან აშკარად შეუსაბამო და წლების განმავლობაში დაუსრულებელი ამ ობიექტის ბედიც გადაეწყვიტათ. ყველა შემთხვევაში, ბარათაშვილის აღმართის მხრიდან ნაგებობაში შესასვლელი კიბეები უნდა მოშლილიყო, რაც ტროტუარისა ან/და საავტომობილო გზის გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „დოქების“ ამოქმედების შემთხვევაში, პრობლემებს, ავტობუსებისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლზე („ბასლაინზე“) გაჩერებული ავტომობილებიც შექმნიან... 

იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტებული საკონცერტო დარბაზი, თავისთავად, შესაძლებელია, შედევრია და უთუოდ დაამშვენებდა ნებისმიერ გარემოს, სადაც სხვა არაფერია ღირშესანიშნავი, მაგრამ ძველი თბილისის გულში, მითუმეტეს, ბუნებრივ ლანდშაფტურ ძეგლს, ბარათაშვილის აღმართის „ვერტიკალურ ბაღსა“ და ანჩისხატის ათასწლოვან ტაძარს შორის, აშკარად, ზედმეტია. 

ამდენად, აუქციონის გზით გასხვისებული წაქცეული დოქების თუ მილების ფორმის თანამედროვე ნაგებობა ახალმა მესაკუთრემ, შეიძლება, მაგ., დიღომში, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბაკურიანში, ბიჭვინთაში, ცხინვალში, ბაქოსა თუ ერევანშიც კი განათავსოს, მაგრამ რიყეზე მისი დატოვება დაუშვებლად მიმაჩნია. ამ ტერიტორიაზე მყოფი პირის („ვიზიტორის“) ყურადღებას ბუნებრივი გარემო და რელიეფთან ჰარმონიაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იპყრობდნენ და არა, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად (ფაქტობრივად, თვითნებურად...), ჩადგმული ლითონის ბრჭყვიალა კონსტრუქციები...

ჩემი პოზიციის მართებულობაში დამარწმუნა „იმედის კვირაში“ გასულმა სიუჟეტმაც („სააკაშვილი - დიქტატორების არქიტექტურული ვნებების ქართული კარიკატურა“), რომელშიც აღინიშნა, რომ ეს ნაგებობა „ამახინჯებს ქალაქის იერსახეს“, ხოლო ცნობილმა არქიტექტორებმა აღნიშნეს, რომ „დოქები“ რიყეზე თვითნებურად (კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაუცველად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე) და არქიტექტურის ფუძემდებლური პრინციპების (პროპორცია, ჰარმონია, რელიეფთან შესაბამისობა) უგულვებელყოფით განთავსდა. 

თბილისის საპატიო მოქალაქემ, აკადემიკოსმა, არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრმა, ძველი თბილისის რეკონსტრუქცია–რეგენარაციის პროექტების ავტორმა, ბატონმა გიგა ბათიაშვილმა ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ „რიყის მილები თავხედურად შემოჭრილია ისტორიულ გარემოში და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან წინააღმდეგობაშია ლანდშაფტთან, მასშტაბი არ არის ადეკვატური და ყველა ტაძარზე დიდია...“ (https://www.imedi.ge/ge/video/48957/saakashvili--diqtatorebis-arqiteqturuli-vnebebis-qartuli-karikatura#!?page=2)

ვინაიდან, ისევ არ არის გამორიცხული, რომ „დოქები“ ადგილზე დარჩეს, თავი ვალდებულად ჩათვალე, მთავრობის მესვეურებისთვის და საზაგადოებისთვის ამჯერად უკვე, ფაქტობრივად, პოლიტიკური არგუმენტებიც გამეცნო, რომლებზეც საჯაროდ საუბარსადრე თავს ვივებდი. 

თუ დემონტაჟი არ განხორციელდა, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მარცხენა სანაპიროზე განთავსებული ობიექტებით ნაკლებად არის დაინტერესებული, დიდი ალბათობაა, „დოქები“ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებმა შეიძინონ, რომელთა ლიდერის ხუშტურებითაც თბილისში ურბანული ვანლდალიზმის არაერთი აქტი განხორციელდა (ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე ორჯერ მაღალი და განიერი „პრეზიდენტის რეზიდენციის“ აღმართვა , ღამის კლუბის რიყეზე მოსაწყობად მისი 200 მილიონიანი „რეაბილიტაცია“, საპატრიარქოს გვერდით „კაზინოს“ განთავსება და მისი კლიენტების ღამის კლუბში კომფორტულად („მშვიდობით“) გადასავლელად ორ არსებულ კლასიკურ ხიდს შორის მესამის –შემინულის ჩადგმა, კორტების ადგილზე „იუსტიციის სახლის“ აგება და მასში მომსახურების მისაღებად, ყოველდღიურად, 20 000–მდე მოქალაქის დედაქალაქის ცენტრში მიყვანა, სპორტის სასახლის გარშემო და „აკადემიური ქალაქის“ ტერიტორიაზე „ბეტონის ჯუნგლების“ გაშენება და სხვა). 

ფაქტია, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესში არც სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის და არც სხვა „დაკავშირებული პირებისთვის“ ჩამოურთმევია ვინმეს ქონება, არც ადეიშვილისთვის, არც მერაბიშვილისთვის და არც კეზერაშვილთვის, რომელმაც საფრანგეთის სასამართლოში წარდგენილ დეკლარაციაში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება ასახა... შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, აუქციონებში გამარჯვებულად ბოლოს რომელიმე ე. წ. ოფშორული კომპანია მოგველინება და „დოქები“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ამოქმედდება... მართალია, ოფიციალურად საკონცერტო-სახელოვნებო-გასართობი ცენტრის დანიშნულება ექნება და მფლობელები სახელსაც რაიმე ეროვნულს („ნაციონალურს“) შეურჩევენ, გარდა იმისა, რომ წინასაარჩვენო კამპანიის პროცესში, ხშირად წამოსძახებენ ხელისუფლებას განვლილი ათწლეულის განმავლობაში „დაპაუზებულ აღმშენებლობას“ (მართლებიც იქნებიან...), ფაქტობრივად, ოცნების პარტიული ოფისის წინ, მდინარის მეორე მხარეს, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს განათავსებენ, რომელიც რევოლუციური „ავრორას“ ფუნქციას შეასრულებს... 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არა მარტო დედაქალაქის ინტერესებში იქნება, არამედ გონივრულიც, თუ მორიგ აუქციონზე ეკონომიკის სამინისტრო „რიყის დოქებს“ სიმბოლურ ერთ ლარად გამოიტანს, იმ პირობით, რომ მყიდველი მათ საკუთარი ხარჯით დაშლის და რიყის ტერიტორიიდან გაიტანს, ხოლო, თუ დაინტერესებული ისევ არავინ გამოჩნდება და აუქციონი უშედეგოდ დასრულდება, ნაგებობის დემონტაჟი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა განხორციელდეს. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×