არ იყიდოთ საახალწლო მაშხალები! თუ იყიდით, ერთაბზაციან ინსტრუქციას მაინც გაეცანით!
რეზონანსი
09.01.2022

წინასაახალწლოდ გავრცელდა თბილისის ზოოპარკის მესვეურების მიმართვა, რომელშიც მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებს სთხოვდნენ, მაშხალები ზოოპარკის ტერიტორიის მიმართულებით მაინც არ გაეშვათ. აღმოჩნდა, რომ სინათლით და ხმაურით დაფეთებული ბინადრები ბარიერებს აწყდებიან და ზიანდებიან, ხოლო ზოგიერთებს შიშისგან გული უსკდებათ... სტრესისგან რომ დაიცვან, ცხოველებს და ფრინველებს თურმე დამამშვიდებელ ნემსებს უკეთებენ... 

ადამიანები ნაკლებად ზარალდებიან?! წელი არ გავა, ათეულობით ოჯახს დღესასწაული ტრაგედიად არ ექცეს. მედიით უკვე გვამცნეს ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებულების თაობაზე. მტერს არ ვუსურვებ, შვილის გასახარებლად საკუთარი ხელით ნაყიდმა მაშხალამ საზეიმო დღეები საავადმყოფოში გაატარებინოს, ხოლო ბავშვს ხელის ან თუნდაც ერთი თითის ამპუტაცია დასჭირდეს... ქირურგებმა განმარტეს, რომ ზოგიერთ დაზარალებულს სახეც აქვს დამწვარი , ხოლო რამდენიმეს აფეთქების ტალღამ მტევანი ან თითები ადგილზე მოაგლიჯა... 

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პიროტექნიკის სრული აკრძალვის მომხრე ვარ და მერიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ფოიერვერკი (სალუტი) სრულიად საკმარისად მიმაჩნია, წელს მეც ვუყიდე პატარებს მცირე ზომის მაშხალები, მაგრამ არც მათი მოხმარების წესებს გავეცანი (მით უმეტეს, მხოლოდ უცხო ენაზე და წვრილი შრიფტით იყო დატანილი...) და გასროლის მომენტშიც ხელში ერთად გვეჭირა... მეორე დღეს კი, მაშხალების მთელი შეკვრა გვაჩუქეს, რომლებსაც ისევ უცხო ენაზე ჰქონდათ დაკრული მცირე ზომის ტექსტები, თუმცა მთლიან შეკვრას ცალკე ფურცელზეც ახლდა ინსტრუქცია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ვინაიდან ტექსტს გავეცანი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საქმეები გადამედო და თანამოქალაქეებისთვის მეცნობებინა, თუ რის თაობაზე გვაფრთხილებენ მაშხალების მწარმოებელი და იმპორტიორები. მით უმეტეს, რომ მასშტაბური ბათქაბუთქი თბილისში შობის ღამესაც ატყდა, ხოლო აფეთქებების „მესამე ტალღა“ სრულიად საქართველოს სულ რამდენიმე დღეში, ე. წ. ძველი სტილით ახალი წლის დადგომისას გადაუვლის...

საახალწლო მაშხალა („რომაული სანთელი“) საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკური ნაკეთობაა და გამოიყენება მხოლოდ ღია სივრცეში (შენობის გარეთ). ვინაიდან ხანძარსაშიშია, მისი შეძენისა და გამოყენების უფლება მხოლოდ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს აქვთ. აკრძალულია ნაკეთობის ხელში დაჭერა, მისი გამოყენება ნასვამ მდგომარეობაში, აშკარა დაზიანების დროს, ვადის გასვლის შემდეგ. ნაკეთობა უნდა დამაგრდეს ვერტიკალურად გრუნტში (გამკვრივებულ თოვლში) წინასწარ მომზადებულ ნახვრეტში, „მისი სიგრძის 2/3-ზე“ (სავარაუდოდ, გულისხმობენ 1/3 ით ჩასმას), ისე რომ არ წაიქცეს. ჩამაგრების ადგილი „ადამიანებისგან, შენობებისგან, ხეებისგან, გზიდან არანაკლებ 15 მეტრით უნდა იყოს დაშორებული“, ფითილს წინ გაშვერილი ხელით უნდა მოვუკიდოთ და 4-6 წამის განმავლობაში უნდა დავცილდეთ 8 მეტრით... თუ ნაკეთობა არ ამოქმედდა, 15 წუთის განმავლობაში არ უნდა მივუახლოვდეთ....

საგულისხმოა, რომ რუსულ ტექსტში გაცილებით მკაცრი მოთხოვნებია: მაგ., ნაკეთობა ადამიანებისგან ან გზიდან არანაკლებ 30 მეტრით უნდა იყოს დაცილებული, ფითილის ანთების შემდეგ აუცილებლად უნდა მოტრიალდეთ და დაუყოვნებლივ დავტოვოთ 5 – მეტრიანი სახიფათო ზონა. ამასთან, ამოქმედებული ნაკეთობის შენელების დროც არის მითითებული და ის სახიფათო ფაქტორებიც, რომლებმაც ზიანი შეიძლება გამოიწვიონ (მაგ., ხანძარსაშიში ელემენტების გაფანტვა ან გამოსხივება...). აღნიშნული კი იმ გარემოებით უნდა იყოს განპირობებული, რომ, როგორც ჩანს, დსთ-ის სივრცეში „პიროტექნიკური ნაკეთობების უსაფრთხოების შესახებ “ ტექნიკური რეგლამენტიც მოქმედებს და იმპორტირებული საქონელიც ჯეროვნად კონტროლდება. 

ფაქტია, რომ ჩემ მიერ მაღაზიაში შეძენილ, აგრეთვე ნაჩუქარ ჩინურ მაშხალებზე მოხმარების წესები მხოლოდ უკრაინულ ენაზე იყო გადაკრული. არადა საქართველოს კანონმდებლობა იმპორტიორს ავალდებულებს ინსტრუქცია სახელმწიფო ენაზე გამაცნოს. აქედან გამომდინარე, თუ პიროტექნიკის გამოყენებას არ კრძალავს, სახელმწიფომ კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა მაინც უნდა უზრუნველყოს, რომ მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე გააფრთხილოს. ამასთან, აუცილებელია, წინასაახალწლოდ ტელევიზიებით ისეთი ე. წ. სოციალური რეკლამაც განთავსდეს, რომელიც მოქალაქეებს მაშხალების გამოყენებას თუ ვერ გადააფიქრინებს, უსაფრთხოდ გამოყენების წესებს მაინც აუხსნის თვალსაჩინოდ. 

ცხადია, როდესაც მწარმოებელიც, იმპორტიორიც და ნაკეთობის ცალობით რეალიზატორიც დეტალურად გააფრთხილებენ მისი მოხმარების წესის თაობაზე გონიერი ადამიანისთვის ნათელი გახდება, რომ მაშხალის სახით, პირველ რიგში, საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უაღრესად სახიფათო ნაკეთობასთან აქვს საქმე. თუ არა, ყველა შემთხვევაში, ის მაინც უნდა გავიხადოთ ჩვევად, რომ ნებისმიერი საქონლის (ნივთის, ნაკეთობის, პროდუქტის, მედიკამენტის) შეძენისას ინფორმაცია მისი წარმოშობის და შემადგენლობის, აგრეთვე გამოყენების წესის თაობაზე („ინსტრუქცია“) ქართულ ენაზე მოვითხოვოთ. 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, რომელშიც მათი „ურყევი ნებაა“ ასახული (არადა, ფაქტობრივად, სახელმწიფოს აშენების ინსტრუქციაა...). უმრავლესობა მართვის მოწმობის ასაღებად მხოლოდ ტესტებს იზუთხავს და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გაცნობას არ თვლის საჭიროდ (არადა, ფაქტობრივად, მანქანის უსაფრთხოდ მართვის ინსტრუქციაა...). ბანკიდან იპოთეკური სესხის აღებისას ხელშეკრულება არც მე წამიკითხავს და ლოკდაუნის გამოცხადებისას დაფარვის გადავადების თაობაზე მობილურ ტელეფონზე მიღებულ შემოთავაზებას ისე დავეთანხმე, პირობებს არ გავცნობივარ, რის გამო „მთავრობის ხელშეწყობა“ საკმაოდ ძვირი დამიჯდა...

ამდენად, თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას და ევროპულ კავშირში ინტეგრაციას ვაპირებთ, მოქალაქეებმა ერთაბზაციანი ინსტრუქციების წაკითხვა–გააზრება მაინც უნდა ვისწავლოთ, ხოლო ხელისუფლება მეწარმეებისა და რეალიზატორთა ინტერესებთან ერთად, მოსახლეობის უსაფრთხოებაზეც მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×