(ანუ, უტვინო თავმა ფეხებს ძალა დაატანაო)
რეზონანსი
23.04.2021

 ნაწილი II

ახლა მეორე საკითხზე უნდა მოგახსენოთ - ხუდონჰესის მშენებლობის დამთავრება/არ დამთავრების დილემაზე.

დღეს ვიღაცეები ამაყობენ, ხუდონჰესის დამთავრების საშუალება არ მივეცითო იმპერიას და ტექნოკრატებს.

ვკითხო კი არა, ვუბღავლო მინდა - „რა მოიგეთ და რა მოვიგეთ, მშენებლობის არდასრულებით?!"

გთხოვთ დაუკვირდეთ სიტყვათა წყობას - „რა მოვიგეთ მშენებლობის არ დასრულებით"?

ეკოლოგიურად რაც უნდა გაფუჭებულიყო, ის უკვე გაფუჭებელი იყო.

უბრალოდ, მშენებლობა არ დაასრულებინეს.

დიახ, ხმამაღლა ვკითხულობ, რა მოვიგეთ ხუდონჰესის არდასრულებით?

რა მოვიგეთ და ისეთების წინ წამოწევა, ისეთების დაწინაურება საზოგადოებაში, რომლებიც არასოდეს იძირებიან წყალში. დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ შეუძლიათ, მაგრამ არც იძირებიან.

ელექტროენერგიის დეფიციტი კი ისეთ ქრონიკულ დაავადებაში გადაგვეზარდა, რომ ჩვენივე მენტალიტეტისა და გონებით ფიქრის უნარშეზღუდულობისა გამო, არა მგონია, უახლოეს ას წელიწადში 
მოვირჩინოთ.

ჩვენ ისეთი საზოგადოება ვართ, რომელიც სპეციალისტებს არ უსმენს.

ჩვენ დიდი ჰესები უნდა შევუკვეთოთ, მათ ვინც გიგანტომანიითაა დაავადებული, რადგან გარდა წმინდა კომერციული მიზნებისა, ქვენა მიზნებიც გვამოძრავებს.

ახლა მთავრობას უნდა მივმართო და, თან გავაფრთხილო - თქვენ, ვფიქრობ, მყარად გადაწყვიტეთ რევოლუცია მოაწყოთ საქართველოში და დამხობილებმა, საზღვარზე თუ ვერ გადაასწარით, ციხეში გაატაროთ იმდენი ხანი, რამდენიც შეშფოთებულ ევროპას დასჭირდება სათითაოდ თქვენს გარეთ გამოსაყვანად.

ვწუხვარ, მაგრამ ვრწმუნდები, რომ თქვენ ეს სერიოზულად და მყარად გაქვთ გადაწყვეტილი.

ასე რატომ ვფიქრობ, ახლავე აგიხსნით:

1) შვეიცარიის, გერმანიის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის კონსორციუმს რომ აეშენებინა საქართველოში რამდენიმე ჰესი, არა თუ ვერა?!...

(ფრჩხილებში ვიკითხავ - ევროპელები ე.წ. „ატკატებს" არ იძლევიან თუ ცოტას იძლევიან? სხვანაირად, როგორ ამიხსნით, იმ კაბალურ პირობებს, რომელთაც ნამოხვანის ჰესის ასაშენებლად დათანხმდით?)

2) რატომ არ წარმოუდგინეთ ხალხს, ამომრჩევლებს, თქვენს ამრჩევ მოქალაქეებს ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ისტორია 2009 წლიდან ან მისი წინა პერიოდიდან დღემდე?

მე გეკითხებით თქვენ, მთავრობას - ხალხი ფეხებზე გკიდიათ?

მე გეკითხებით თქვენ, მთავრობას, როდემდე უნდა ზემოქმედებდნენ და ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს ქვეგამხედვარი, ღორისსულიანი ადამიანების ვიწრო ჯგუფები?

3) საქართველოში მოქმედმა წინა მთავრობამ ყველაფერი იყიდებაო, განაცხადა (სინდისის გარდაო, კი თქვეს, მაგრამ ასე იმიტომ თქვეს, რომ სინდისის მყიდველის მოძებნა შეუძლებელი თუ არა, ძალიან ძნელი რომაა, მათაც კი უწყოდნენ) და უთავბოლოდ გაყიდა ყველაფერი. უცხოელებს გაუადვილა ქონების გაფორმება. და, ეს მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეები საკუთრებას ვერ იფორმებდნენ.

რა ჰქენით, მოაგვარეთ ეს საკითხი?!

4) ნარკოტიკების ლეგალიზების და მოხმარების ნებადართულობის შესახებ კანონზე ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერაფერი შეგასმენინეთ. მიიღეთ ის და ისე, როგორც ვიღაც მცირე სულის კაცებმა, ქვეყნის და ახალგაზრდობის ბედი რომ ფეხებზე ჰკიდიათ, ისეთმა კაცებმა დაგიწერეს. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოში მოგიგოთ პროცესი ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების მომხრე ერთმა „პოლიტიკოსმა". აი, იმან, კაბებს რომ აცმევს ქართველ წვევამდელებს.

ახლაც ფიქრობთ, რომ სწორად იქცევით?

ახლა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი დაგვპირდა კაზანტიპის მთელი ნარკოეპოპეის შესახებ დაწვრილებით ანგარიშს. რას ფიქრობს დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი?

სადაა ანგარიში?

გულმავიწყები გგონივართ თუ, საქმეები მიფუჩეჩდა და დავიწყებას უნდა მივცეთ?

იქნებ კოვიდ-პანდემია გიშლით ხელს?!

ბოლოს კი ყველაზე დიდი იმედგაცრუების შესახებ უნდა მოგახსენოთ.

5) წინა მთავრობა-ხელისუფლებამ საქართველოს განვითარების მთავარ მიმართულებად ტურიზმი დაასახელა და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მისი წახალისებისთვის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აიღეს სესხები, ჩვენი შვილების მიერ მომავალში გადასახდელი სესხები აიღეს და დახარჯეს. როგორ დაიხარჯა, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით - ეჭვი მაქვს, მათი წონადი ნაწილი ქრთამების სახით წავიდა კერძო ანგარიშებზე.

დიახ, მთავარ მიმართულებად ტურიზმი გამოაცხადეს და სხვა დარგები, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე დაიკიდეს.

წარმოება, მრეწველობა და, რაც ყველაზე გულსაკლავია, სოფლის მეურნეობაც კი, უპატრონოდ მიაგდეს.

გლეხს მიწა შეაზარესო, მთლად ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ არაფერი გააკეთეს გლეხი რომ მიწის მოფერებით დაეინტერესებინათ და წაეხალისებინათ.

წავიდა წინა მთავრობა-ხელისუფლება. იმედია, მოუსვლელში თუ არა, ძალიან დიდი ხნით ჩაბარდა წარსულს.

მაგრამ თქვენ ისე ირჯებით, წარსულს ჩაბარდეს კი არა, ხვალვე შეიძლება მობრუნდნენ.

ჰოლანდია გაგიგონიათ, ძვირად შეფასებულო ხელისუფალნო?

აი, ის ქვეყანა, ახლა ნიდერლანდები რომ ჰქვია.

იცით, ჩვენი ტერიტორიის ნახევარი რომ აქვთ და ჩვენზე ოთხჯერ მეტნი არიან მოსახლეობით?

არ ვარ დარწმუნებული, რომ იცით.

ახლა ისეთ რამეს გეტყვით, წესით, ბევრ თქვენგანს უნდა გაუკვირდეს - ნიდერლანდები მსოფლიოში მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობით.

Sic! სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობით!

არ ვიცი, ხვდებით თუ არა ნათქვამის აზრს.

პირველ ადგილზე ვინაა, იმედია, გეცოდინებათ.

ხოლო, პირველ ადგილზე ვინაა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული სოფლის მეურნეობის ექსპორტის მიხედვით, არა მგონია, მიხვდეთ ან იცოდეთ.

დარწმუნებული ვარ, არ იცით.

იმიტომ არ იცით, რომ ჭკვიანი ხალხი ვერ მოგიძებნიათ მრჩევლებად.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ თქვენც ტურიზმი დასახეთ ქვეყნის განვითარების მთავარ მიმართულებად და სხვა დარგები თვითდინებაზე მიუშვით.

თქვენ ვერც პანდემიამ გასწავლათ ჭკუა და ვერც იმის შეგონებამ, რომ ტურიზმი ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული (მათ შორის სუბიექტურ ფაქტორებზეც), სოფლის მეურნეობის პროდუქცია კი ყოველთვის და ყოველდროს მოთხოვნადი და შეუცვლელია.

მე თქვენ ვერ გატყობთ ამ პრობლემების გასიგრძეგანების უნარს და სურვილსაც კი, ძირფესვიანად შეისწავლოთ. რათა გაერკვეთ და სამომავლო მყარი განვითარების გზები დასახოთ.

ან, შეგნებულად მიდიხართ რევოლუციური სცენარით.

რევოლუცია კი ყველგან და ყოველთვის ნგრევა, სისხლი და ქვეყნის უკან, წარსულში დაბრუნებაა.

ტყუილად ნურავინ შეეცდება რევოლუციების რომანტიულ სამოსელში გახვევას. იგი სისხლია და მრავალი, გაუთვალისწინებლად მრავალი სიკვდილია.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზეც, რაც ხვალ მოხდება.

ღმერთო კი მიშველე - ვრწმუნდები, რომ პასუხისმგებლობას ან ვერ გრძნობთ, ან, საერთოდ არ იცით, იგი რა არის.

თქვენ ვერ იქნებით და ვერც მოგთხოვთ, იყოთ გენიოსები. სამაგიეროდ მოგთხოვთ, იყოთ კეთილსინდისიერები და საქმის მაკეთებლები.

თუ არ შეგიძლიათ, წადით, ბატონებო!... წადით!

მოვლენ თქვენს ადგილას სხვები - ისინი, ვინც არც ნაგვის გახვეტას იუკადრისებენ და ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე იმუშავებენ კეთილსინდისიერად...

დიახ, კეთილსინდისიერად და არა უშუალო უფროსის საამებლად.

ისინი, ვინც მოპარვაზე და საკუთარ კეთილდღეობაზე კი არ იფიქრებენ დილიდან საღამომდე, არამედ პირიქით, ათ-ათ დრაჰკანს დადებენ სახელმწიფოს წინსვლისთვის.

დღეს არაფერს ვამბობ თქვენს „კეკლუცობაზე" ევროპა-ამერიკის დასანახად - აი ასეთი დემოკრატიულები ვართ, აი ისეთი დემოკრატიულები ვართო...

თქვენ ისიც კი ვერ შეგიგნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხართ უპირველესად პასუხისმგებელი და მერე სხვების წინაშე.

მედარდება, ხალხს მართლა ისე არ ამოუყვანოთ ყელში, რომ ისევ ის დაწყევლილი, ყოვლად გამაუბედურებელი ფრაზები ათქმევინოთ: „ოღონდ ესენი არა და თუ გინდა ეშმაკი მოვიდეს!"-ო.

ასე ამბობდნენ, ქართველი „მამები" 90-იანების დასაწყისში... თვით ეშმაკისგან მართული „მამები". მოიყვანეს კიდეც ეშმაკი - დაგვაბნელა და დაგვახინჩა...

მერეც სწორედ ასე, „ოღონდ ესენი არა და თუ გინდა ეშმაკი მოვიდეს!"-ო, ამბობდნენ, ბელზებელისგან უკვე აუტანლად შეწუხებული ადამიანები. ამიტომ ქნეს ვარდების რევოლუცია. მალე კი ცოცხები გაუყარეს საკუთარ ხალხს უკანალში, სამაჩაბლო და აფხაზეთი გააფორმებინეს კრემლს და ზედაც დალის ხეობა და ახალგორის რაიონი დაუმატეს.

და, დღეს, ვიღაც ბოგანოები ყიჟინას სცემენ და გახარებულები ჭყლოპინებენ, რუსებმა კიდევ გადმოსწიესო საზღვარი...

მერე, თქვენ მოხვედით. თქვენით კი არ მოხვედით, ერთმა კაცმა მოგიყვანათ. როგორც ამბობენ, ის კაცი ხელფასის გარდა საკუთარ ფულს გაძლევდათ, ნაღდ ფულს - ოღონდ არ მოიპაროთო...

მაინც იპარავენო, ისეთმა ადამიანმა მითხრა, მჯერა...

იქნებ გგონიათ, თქვენით გაიმარჯვეთ არჩევნებში და თქვენით მოუგეთ სამშობლოს გამყიდველების კასტას?

მე მინდა, მე მოვითხოვ საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებელ კანონმდებლებს და მთავრობას ჩემს ქვეყანაში.

მე მინდა, ნარკობარონების ხელის ბიჭები არ მიწერდნენ კანონებს...

მე მინდა, დეპუტატები ვიღაც მოკლე სულის ადამიანებს კი არ ეხვეწებოდნენ პარლამენტში შემოდითო, არამედ კანონებს წერდნენ.

იცით, როგორ კანონს, მინდა, წერდნენ?

ხალხის გამყვლეფს რომ კერძო ქონების კონფისკაციით პასუხისმგებლობას დააკისრებს, მისჯილ წლებთან ერთად, იმ კანონს;

ნარკორეალიზატორებს და ნარკომანიის წამქეზებელ-მერეკლამეებს რომ იზოლაციაში მოაქცევს ხანგრძლივი დროით, ისეთ კანონს;

გლეხს რომ გაზაფხულზე ტრაქტორებით, სახნავ-სათესი ტექნიკით და საშუალებებით მოემსახურება, ისეთი ფირმების თუ აგროგაერთიანებების ხელშემწყობ კანონს;

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ აგროფირმებს, გაერთიანებებს, ამხანაგობებს რომ წაახალისებს, მთელი დატვირთვით რომ აამუშავებს, ისეთ კანონს;

(ფრჩხილებში, ჩუმად გეტყვით, რადგან არ მინდა ქვეყანამ გაიგოს თქვენი უწიგნურობის ამბავი: იტალიის სახელმწიფო გლეხს რამდენიმე ასეულ ევროს უხდის მისი, გლეხის საკუთრებაში მყოფი ვენახისთვის. აგიხსნათ, რატომ უხდის? იმიტომ, რომ გლეხმა ვენახი არ აჭრას და „ხაბუზაკის" მოყვანა არ დაიყოს ვენახის ადგილას. საზამთროც აუცილებელი პროდუქტია და მეტად მომგებიანი, მაგრამ ვენახს ნუ ააჭრევინებთ გლეხს, გეხვეწებით, ვენახს ნუ ააჭრევინებთ! თქვენ არც ის იცით, ახლა რომ გეტყვით. ძალიან მინდა, დაიმახსოვროთ. გაფიცებთ ყველა საფიცარს, დაიმახსოვრეთ!

ვენახს ჩვენში გლეხი მამულს ეძახის. არ მოგესმათ, მამულს ეძახის.

„სადაა ბაბუა? - იკითხავს ჭიშკარს მომდგარი სტუმარი.

მამულშია, მუშაობს. დავუძახო? - პასუხობს პატარა ბიჭი.

ჩვენ, უბრალო ხალხი, ვენახს, მამულს ვეძახით).

იმედი მაქვს, ამ წერილის ადრესატთაგან რამდენიმე მაინც წაიკითხავთ.

მოგეწონებათ თუ არა, არ ვიცი.

თუ დამიჯერებთ, ხომ კარგი...

თუ არ დამიჯერებთ, თუ ჩემნაირებს არ დაუჯერებთ, მალე მოვა ორი ათას ოცდაოთხი წელი. მაშინ ჩვენ დაგაჯერებთ - ჩვენ ანუ ჩემნაირები მილიონზე მეტი ნამდვილადაა ჩემს ქვეყანაში - აუცილებლად დაგაჯერებთ!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი!

 

სოლომონ ნერგაძე

მოლეკულური ბიოლოგიის ას.-პროფესორი,

პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია)

2021 წლის აპრილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×