რეზონანსი
28.03.2021

მედიით ვრცელდება ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვის საგრძნობი მატებისა და ქალაქების „ჩაკეტვის“ თაობაზე . ამასთან, ექსპერტები „მესამე ტალღას“ არც საქართველოში გამორიცხავენ. არადა, კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს გადარჩენის იმედსაც დაუკარგავს და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „ლეგიტიმურ რევოლუციასაც“ შეუქმნის სოციალურ საფუძველს. დროა, გამოსავალზე ვიფიქროთ.

ვინაიდან სამართლის ნორმებს ადამიანები ადგენენ, ბუნებრივია, შეცდომები არც ევროპულ სამართლებრივ სივრცეშია გამორიცხული (ანგელა მერკელმაც კი მოიხადა ბოდიში...). შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ე.წ. კოვიდრეგულაციების საკანონმდებლო ბაზა საქართველოშიც გაუმართავია, რაც ცალკე მსჯელობის თემაა. ამჯერად ის უფრო მნიშვნელოვანია, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ჰუმანურ მიზანს მათი ძირითადი უფლებების (მათ შორის, სიცოცხლის, თავისუფალი გადააგდილების, საკუთარი ქონებით დაუბრკოლებელი სარგებლობის) გაუმართლებელი ხელყოფა არ მოჰყვეს. მით უმეტეს, ვაქცინამაც იმსხვერპლა ახალგაზრდა ქალი, ხოლო რამდენიმე მოქალაქემ შემოსავლების გარეშე დარჩენის გამო მოიკლა თავი... 

ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობის #368–ე დადგენილებით (15.06.2020), მხოლოდ საგაზაფხულო „ლოქდაუნის“ მოხნის შემდეგ გახდა სავალდებულო პირბადის ტარება „დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ: საჯარო და კერძო დაწესებულების მისაღებში, ასევე, შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა“. თუმცა, ზაფხულში პირბადეები, მაგ., თუნდაც აჭარაში ფაქტობრივად არავის ეკეთა...

მიუხედავად იმისა, რომ არც იმპორტირებული პირბადეების ხარისხზე დაწესებულა მკაცრი კონტროლი და არც რომელიმე ექსპერტს უთქვამს, რომ პირბადე მაგ., ცარიელ ქუჩაში ან პარკში სეირნობისას უნდა გამოვიყენოთ, მთავრობის #660 დადგენილებით 3 ნოემბრიდან უკვე „ღია საჯარო სივრცეშიც“, ყოველგვარი დათქმის გარეშე, აიკრძალა პირბადის გარეშე ყოფნა. თუმცა, არაჯეროვანი რეგულაციისა და კონტროლის გამო, როგორც აღმოჩნდა, პირბადეებს მოსახლეობის ნახევარი არ იყენებს, ხოლო დისტანციის დაცვა, ფაქტობრივად, მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული...

ვთვლი, რომ ერთი წლის წინ მთავრობის მიერ დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვების შემდეგ, რომლებსაც მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით მოეკიდა, სწორედ არაგონივრულმა სამართლის ნორმებმა და მათ შესრულებაზე არაეფექტურმა კონტროლის მექანიზმმა განაპირობა ვირუსის სწრაფი გავრცელება შემოდგომაზე („მეორე ტალღა“). არადა, პირდაბის ტარება გაზაფხულიდანვე რომ დაგვეკანონებინა და მაკონტოლებელთა რიცხვიც გაგვეზარდა ამოღებული ჯარიმებითაც შეინახავდა თავს...), დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის მასშტაბური გაჩერება აუცილებელი არ გახდებოდა, ხოლო ვითარების გაუარესების შემთხვევაში, მხოლოდ „წერტილოვანი შეზღუდვებით“ შემოვიფარგლებოდით. შესაბამისად, არც ტრანსპორტის გაჩერება მოგვიწევდა და არც ბავშვების სახლში გამოკეტვა... 

ვინიდან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა რელიგიური შეხედულებების, ჯანდაცვის მესვეურებისადმი უნდობლობის თუ „მსოფლიოს ფარული მთავრობის“ („მასონების“) შელახული რეპუტაციის გამო, როგორც სჩანს, არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, ეკონომიკის (ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის) გადარჩენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ისევ სამედიცინო პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება, რაზეც ექსპერტებიც თანხმდებიან.

ამდენად, ადამიანებიც რომ ნაკლებად დაზარალდნენ და ქვეყნის მდგრად განვითარებასაც რომ არ შეექმნას პრობლემა, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს იმ მაკონტროლებელთა რაოდენობა, რომლებსაც კოვიდრეგულაციების დაუცველობისთვის მოქალაქეთა გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლებათ. ამ მიზნით საპატრულო პოლიციის (განსაკუთრებით, ე. წ. ქვეითი პატრულის), ე.წ. უბნის ინსპექტორების, მერიის ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლების, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინსპექტორებისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლების (მათ შორის, კერძოს) გარდა, შეიძლებოდა, თადარიგში გასული ან რეზერვში მყოფი ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიც გამოგვეყენებინა (ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდებოდნენ შრომის უსაფრთხოების ინსპექციაში ამ თვითმმართველობის ორგანოებში). მით უმეტეს, რომ კანონმდებლობა თბილისის მერიასაც აძლევს საშუალებას, თანამოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების უფლებამოსილება, ფაქტობრივად, ნებისმიერ პირს მიანიჭოს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩადებული არაგონივრული ნორმაა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში შეიძლებოდა, საზოგადოების ინტერესებში გამოგვეყენებინა). 

საგანგაშო ვითარებიდან გამოდინარე, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ უნდა შექმნას „მუნიციპალური პოლიცია“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დედაქალაქში წესრიგის დაცვაში დაეხმარება, ხოლო, პირველ ეტაპზე, საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეში კოვიდრეგულაციების შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფს (მით უმეტეს, რომ ამოღებული ჯარიმებითაც შეინახავდა თავს...). ფაქტია, რომ მადრიდის მუნიციპალურ პოლიციას უკანონო წვეულებების გამოვლენაც ევალება...

თუნდაც, მხოლოდ პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის წესების დაკანონების, აგრეთვე კონტროლის ეფექტური მექანიზმის დანერგვის (სამართლდამრღვევი პირების მაქსიმალურად გამოვლენისა და მათ მიმართ ადეკვატური სანქციების გამოყენების) შემთხვევაში, ვფიქრობ, საჭირო არ გახდებოდა მოვაჭრეთა ან მომსახურების სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება. საკმარისი იქნებოდა მხოლოდ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი და დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა. ამასთან, „ღია სივრცეში“ პირბადის ტარება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს სავალდებულო, როდესაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. 

ამდენად, ქვეყნის ეკონომიკური ფუნდამენტი რომ არ მორღვეულიყო (ბიზნესის გადასარჩენად), უმჯობესი იქნებოდა, მოქალაქეებისთვის პირბადის ტარებასთან ერთად, ერთმანეთისგან დისტანცირებაც თავიდანვე კანონმდებლობით დაგვევალებინა. ამასთან, ვირუსთან ბრძოლის სამართლებრივ ჩარჩოში მოსაქცევად გონივრულად მიმაჩნია, ყველა სავალდებულო რეგულაციის საფუძველზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, სკრინინგი, ტესტირება, კარანტინის გავლა, ტრანსპორტით მგზავრობა და სხვა), მთავრობას შეემუშავებინა ერთიანი, მაგ., „ვირუსული უსაფრთხოების (ან ანტივირუსული) წესები“ (საგზაო მოძრაობის წესების მსგავსად), რომლებსაც პარლამენტი სპეციალური კანონის სახით მიიღებდა ან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონს ცალკე თავის სახით დაუმატებდა. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ კანონით იხელმძღვანელებდენ, ხოლო მთავრობა ძირითად ძალისხმვევას იმ რეკომენდაციების მომზადებას მოახმარდა, რომლებიც მორიგი ვერაგი ვირუსისგან დაიცავდა მოქალაქეებს. 

დარწმუნებული ვარ, გონივრული სამართლებრივი შეზღუდვებისა და ეფექტური კონტროლის მექანიზმის ამოქმედების პირობებში, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებით ან/და სანქციით შიშით დაემორჩილება დადგენილ რეგულაციებს (როგორც ეს უსაფრთხოების ღვედების შემთხვევაში მოხდა) და არა მარტო პირბადეების გამოყენების მაჩვენებლით, არამედ კანონმორჩილების მხრივაც სამაგალითები გავხდებით მსოფლიოში, რაც ევროპულ კავშირში ინტეგრაციაშიც შეგვიწყობდა ხელს. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )