რეზონანსი
21.03.2021

ცნობილია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. შესაბამისად, ევროკავშირში სრულ ინტეგრაციაზე ორიენტირებულ საქართველოში, პირველ რიგში, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს ჩამოსაყალიბებელი, რისთვისაც „უზენაესი კანონით“ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შევქმენით, რომელიც დანიშნულებას ვერ ამართლებს (კიდევ კარგი, მასაც „უზენაესი“ არ დავარქვით...). 

ამ ბოლო დროს პოლიტიკოსები ხშირად ახსენებენ, რომ „საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა“, რომელშიც „კანონის უზენაესობაა“ დაცული, თუმცა რეალურად პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოვყალიბდეთ, პირველ რიგში, სწორედ პარლამენტის წევრებმა უნდა დაიცვან კანონები, მათ შორის _ საკუთარი რეგლამენტი („კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის მუშაობის წესს“). 

რეგლამენტის თანახმად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული იუს-ს წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა (მუხლი 208.6). ამასთან, პარლამენტმა სასამართლოსაც განუსაზღვრა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადა, რომელიც ჩვეულებრივ ორ თვეს, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, მაქსიმუმ, ხუთს (სსსკ, მუხლი 59). შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოში პარლამენტიც ვალდებულია, დაიცვას მის მიერვე დადგენილი კონკურსის ჩატარების ვადები და სასამართლომაც, თუნდაც პარლამენტი იყოს მოპასუხე, კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

2017 წლის იანვრის ბოლოს მე–9 მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა, რომლითაც 2016 წლის 30 დეკემბერს (?!) გამოცხადებული იუს-ს არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი გასაჩივრდა. კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა _ პარლამენტის თავმჯდომარეს (პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ შესაბამისი ბრძანება უნდა გამოეცა), „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები შინაარსობრივად და რედაქციულადაც არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან (კონკურსის პირობა კანონს ეწინააღმდეგებოდა...), კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი არ წარუდგენია „შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოს“ (ამ „ორგანოების“ ხელმძღვანელებმა წარადგინეს...) და დოკუმენტურად არც ის დგინდებოდა, რომ მისი წარმდგენი ა(ა)იპ–ები „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“.

ვინაიდან მომდევნო კონკურსებიც პარლმენტმა რეგლამენტისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების აშკარა დარღვევით ჩაატარა, იმავე წელს სასამართლოში კიდევ ორი სარჩელი შევიდა, რომლებითაც იუს-ს დანარჩენი 4 არამოსამართლე წევრის გამწესების პროცედურების უკანონოდ ცნობა იყო მოთხოვნილი (ფაქტობრივად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურების მიერ წინასწარ შერჩეული პირები კონკურსის გარეშე გამწესდნენ თანამდებობებზე).

გასაგები მიზეზების გამო, პარლამენტის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ისე ამოიწურა და გადაწყვეტილება უუნარო იუს-ს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ „უზენაეს სასამართლოში“ (სხვათა შორის, ტოტალიტარიზმის ეპოქაში „უმაღლესი“ ერქვა...), რომ სასამართლოში 4 წლის წინ შესულ პირველ საქმეზეც კი საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოტანილი (2019 წლის სექტემბრიდან საკასაციო საჩივარი „უზენაესში“ თაროზეა შემოდებული და უკვე რამდენიმე მოსამართლემ აიცილა...).

საგულისხმოა, რომ გასული წლის 17 დეკემბერს პარლამენტში ორი საკანომდებლო წინადადება შევიდა. ერთით, იუს-ს არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსების ღია წესით ჩატარება იყოს შეთავაზებული (როგორც ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცედურით არის გათვალისწინებული),რითაც ასარჩევ პირთა წრეც საგრძნობლად გაფართოვდებოდა და პარლამენტსაც აღარ მოუწევდა კანონის, თუნდაც უნებლიე დარღვევა. მეორე საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის „საჯარო განცხადებით“ კი არ უნდა გამოცხადდეს, არამედ _ შესაბამისი ბრძანებით, რაც დაინტერესებულ პირებს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტი საკანონმდებლო წინადადებების განხილვისთვისაც ადგენს ზღვრულ ვადას (მაქსიმუმ, 2 თვეს), დღემდე არ არის განხილული და არც იუს-ს წევრობის ახალი კანდიდატია შერჩეული. არადა, 2016 წლის ბოლოს, თანაც მხოლოდ 10 დღის ვადით გამოცხადებულ „საახალწლო“ კონკურსში „გამარჯვებულ“ შოთა ქადაგიძეს 23 მარტს ეწურება უფლებამოსილების ვადა... არადა, 4 წლის წინ პარლამენტმა „არამოსამართლე წევრად“, როგორც ადვოკატთა წარმომადგენელი აირჩია, თუმცა 2001–2008 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობდა, ხოლო 2007– დან 2013 წლის 1-ელ აპრილამდე _ თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში. ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის წევრი, რატომღაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნა წარდგენილი, ხოლო 150 დეპუტატიდან მხოლოდ 90 –მა დაუჭირა მხარი მის გამწესებას...

როგორც ჩანს, მე–10 მოწვევის პარლამენტს გადაავიწყდა, რომ იუს–ში არამოსამართლე წევრი ჰყავს შესარჩევი ან იმედი არ აქვს, რომ საკმარის ხმას მოაგროვებს...

ცხადია, იმ ვითარებაში, როდესაც მიკერძოებული მოსამართლეებიც არღვევენ კანონს, პარლამენტი, თუ რეალურად უნდა „სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება“, თავად უნდა იყოს „კანონის უზენაესობის“ გარანტი. ამდენად, თუ სტატიის გაცნობის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების წევრები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დაწერენ განცხადებებს, დარწმუნებული ვარ, იმაში მაინც დამეთანხმებიან, რომ სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება თუ ვერ ვისწავლეთ და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის „უზენაესობაც“ კი ვერ უზრუნველვყავით, „სტრატეგიული პარტნიორებიც“ უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს…

თუ „სამართლებრივი სახელმწიფო“ ვართ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელება (ის მაინც ჩანს მკაფიოდ, რომ სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება, კომუნისტების დროინდელივით, ისევ ერთი „პოლიტბიუროდან“ იმართება...) პარლამენტის მესვეურების გადადგომას თუ არა, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტს მაინც გამოიწვევს... ხოლო, თუ არავითარი რეაგირება არ მოჰყვა (დეპუტატებმა ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ „ტექნიკური შეცდომებისთვის“...), შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლებაც (სამივე „შტო“...), „გაერთიანებული ოპოზიციაც“, „რეიტინგული“ ტელევიზიებიც და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მართლაც „ერთი გუნდია“... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )