რეზონანსი
11.03.2021

3 მარტს „საქართველოს რესპუბლიკაში" ჩემი ვრცელი სტატია გამოქვეყნდა სათაურით „კმარა დაპირისპირება!" გულისტკივილით აღვნიშნე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ვიღაც მესამე" სულ ცდილობს საზოგადოების „ამისტებად" და „იმისტებად" დაყოფას (მორის ფოცხიშვილს ჰყავს ლექსში ნახსენები ეს „ვიღაც მესამე", რომელიც მაშინ „ხარობს, როდესაც ძმებს ღალატობენ ძმები", ხოლო გალაკტიონისთვის ეს „ვიღაც მესამე მახინჯია"...). შედეგად, ერთად დგომის ნაცვლად ქართველები 30 წელია, ფაქტობრივად, მხოლოდ „პოლიტიკური შეხედულებებისთვის" ვლანძღავთ და ვასისხლიანებთ ერთმანეთს, ამასთან უკვე სპორტსმენები (ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მკლავჭიდელები, რაგბისტები...) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...

გუშინ კი ოკუპანტი რუსეთის მრავალგზის მძლეველი „ბორჯღალოსნების" ერთიანი ოჯახის წევრებს შორისაც ვიხილეთ მორიგი „შერკინება"... არადა, მრავალგზის დისკრედიტირებული ხელისუფლების ფონზე (მის სამივე შტოს ვგულისხმობ...), ფაქტობრივად, მხოლოდ დედა ეკლესია და ქართული რაგბი გვაერთიანებდა, თუმცა, როგორც ჩანს, „ვიღაც მესამე" მათაც მიადგა...

იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში საკანონდებლო ორგანოს არჩევნებიც აშკარად უსამართლო პროცედურით ტარდება, ხოლო ოპოზიცია „აჯანყების უფლებასა" და „ლეგალურ რევოლუციაზე" ალაპარაკდა, ყველა შემთხვევაში, გამოსავალი მოქალაქეთა სამართლებრივი კულტურის ამაღლებასა და რეგულაციების გამართვაშია... (ილია მართალიც ამას გვირჩევდა...). სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მოწესრიგება ცალკე მსჯელობის თემაა. ამჯერად, ქართული პოლიტიკური სივრცის გარდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდით, რაგბის „დეესკალაციაც" გაგვიხდა საზრუნავი...

ფაქტია, რომ აშშ-სა და სხვა „სტრატეგიული პარტნიორებისგან" განსხვავებით, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საქართველოს მოქალაქეების (მათ შორის, პოლიტიკოსების...) აბსოლუტურ უმრავლესობას, არა მარტო პარლამენტის რეგლამენტის, არამედ საარჩევნო კოდექსისა და „სახელმწიფო („ნაციონალური") დროშის" შინაარსის თაობაზეც არ აქვთ წარმოდგენა. ამდენად არ გამიკვირდება, რომ მორაგბეების 99 პროცენტს საკუთარი პროფესიული კავშირის (ფედერაციის) წესდება არ ჰქონდეს წაკითხული (კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეც არ დევს...). წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, „ნამდვილი წევრის" შერჩევის პროცედურითაც დაინტერესდებოდნენ და პრეზიდენტის არჩევაში პირადად მონაწილეობასაც მოითხოვდნენ (თუნდაც ისე, როგორც „ნაციონალებმა" აირჩიეს ახალი თავმჯდომარე...) ამასთან, საერთო კრებასაც (ყრილობას) წესდებით განსაზღრულ ვადაში ჩაატარებდნენ, რითაც საჯარო რეესტრსაც არ მისცემდნენ ადრე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.

დარწმუნებული ვარ, ბატონი სოსო ტყემალაძე ღირსეული მამულიშვილი, რაგბის შემდგომი განვითარების მოსურნე და კარგის მენეჯერია, რომელიც გონიერი მეწარმისთვის დამახასიათებელი წინადახედულობით იმოქმედებს და იმ მოსალოდნელ რისკებსაც გაანალიზებს, რაც მისი თანამდებობაზე გამწესების მიმართ გაჩენილ კითხვებს უკავშირდება. როგორც იურისტი და რაგბის რიგითი ქომაგი პრობლემის მოგვარებისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელის სტატუსის ლეგიტიმაციის ხარისხის ამაღლების ერთ გზას მეც შევთავაზებ.

ისევე, როგორც პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს საარჩევნო კოდექსის არსებითად შეცვლით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, ვთვლი, რომ ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეკრიბოს უფლებამოსილი ორგანო წესდებაში ცვლილებების შესატანად და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. გონივრულად მიმაჩნია, კავშირის წინამძღოლის არჩევაში უმაღლესი ლიგის ყველა მოქმედმა ან/და ვეტერანმა რაგბისტმა მიიღოს მონაწილეობა (შესაძლებელია, არჩევნებში მონაწილეებს ასაკობრივი ცენზიც დაუწესდეთ, რომ დაინტერესებული სუბიექტების მხრიდან „პენსიონერებზე" ზემოქმედების საშუალება გამოირიცხოს), ხოლო ხმები ნეიტრალურმა პირებმა დაითვალონ (მაგ, ნოტარიუსებმა ან/და გულშემატკივრების წარმომადგენლებმა). ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატების გამოვლენა ე. წ. ელექტრონული გამოთხვითაც შეიძლება.

რაგბისტებს სამაგალითოდ შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს ადოკატთა ასოციაციის გამოცდილება, როდესაც 10 000-მდე წევრი თავმჯდომარეს საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს, ხოლო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რეგისტრირებულ ადვოკატთა უმრავლესობა ესწრება. ანუ, ასოციაციის (კავშირის) მესვეურს ამ პროფესიული გაერთიანების აქტიურ წევრთა (ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ხმის მიცემაში) არანაკლებ მეოთხედმა მაინც უნდა გამოუცხადოს ნდობა...

თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილარმონიაში 2500-მდე, ხოლო სპორტის სასახლეში 10 000-მდე დასაჯდომი ადგილია, ქართველ მორაგბეთა ერთი დიდი ოჯახის ყველა წევრის ერთ სივრცეში შეკრება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ხოლო, როდესაც უმრავლესობის მიერ მოწონებული პრეზიდენტის მესვეურობით (ცხადია, მთავრობის ხელშეწყობითაც...) ქართველ მორაგბეთა რიცხვი 10 000-ს გადასცდება, შეიძლებოდა, ლიდერის არაპირდაპირი გზით არჩევაზე გადასვლაზე გვეფიქრა.

იმედი მაქვს, ქართველი მორაგბეები ამჯერადაც დამოუკიდებლად („ვიღაც მესამის" ჩარევის გარეშე...) მოაგვარებენ პრობლემას (ოჯახშიც ხდება კონფილქტები), ხელისფლებას ღირსეული ქცევის და „სამართლიანი არჩევნების" ჩატარების მაგალითსაც აჩვენებენ და და მომავაშლიც გაგვახარებენ გამარჯვევებით.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )