რეზონანსი
10.03.2021

ნიკა ჩიტაძე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორი

როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის ჯერ-ჯერობით საბოლოოდ არ არის დადგენილი სახელმწიფო საზღვარი. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული სახელმწიფო საზღვრის 40%-ზე მეტი, რაც გარკვეულ ტერიტორიულ თუ სასაზღვრო პრობლემებს წარმოშობს. ეს ფაქტორი კი განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებში პოულობს თავის განსახიერებას. 

კერძოდ, სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული უდაბნოს მონასტრისაკენ მიმავალი გზა პირველად აზერბაიჯანული მხარის მიერ 2012 წლის მაისში მთელი ორი კვირით ჩაიკეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ რომ  დავით გარეჯის კომპლექსთან და ზოგადად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა უკვე წლებია დროდადრო მწვავდება ხოლმე, ხელისუფლებების მოლაპარაკებების შემდეგ კი მხოლოდ დროებით გვარდება.

სახელმწიფო საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის ბედი დღემდე გაურკვეველია. უცვლელია მთავარი კითხვაც: რა უშლის ხელს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დასრულებას?

ქართული მხარის მტკიცებით, მომავალში მხარეები აქტიურად იმუშავებენ, რათა მოგვარდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ზალკალიანმა განაცხადა, რომ პროცესი შეფერხებული იყო „კომისიებში არსებული ცვლილებების გამო“ და რომ „აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა“.

ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის საკითხის მოგვარების საკითხზე საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც შეთანხმდნენ 2019 წლის თებერვალში. კერძოდ, გაკეთდა განცხადება, რომ „განახლდება საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს“.

თუმცა ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ თვეში, პრობლემა ისევ გამოიკვეთა, ხოლო 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დავით გარეჯის საკითხი საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის მწვავე დაპირისპირების საგნად გადაიქცა. კერძოდ, მოქმედმა ხელისუფლებამ და მმართველმა ძალამ - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს წინა ხელისუფლებას და ყოფილ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის ისტორიული ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემასა და ქართული ისტორიული მიწების გასხვისებაში დასდო ბრალი. ოპოზიაციამ აღნიშნულს ცილისწამება უწოდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია ჩატარებულ იქნეს ისტორიული ექსკურსი და გაანალიზებულ იქნეს ის ხელშეკრულებები, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბჭოთა მმართველობის დროს გაფორმდა და რომელთა შედეგებს საქართველო დღემდე იმკის. 

ისტორიული ექსკურსი 

როგორც ცნობილია, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პერიოდიდან - 1921 წლიდან, 1935 წლის ჩათვლით, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ნებით თუ ენებლიეთ, 19 191, 46 კვ.კმ ქართული მიწა გაასხვისა. კერძოდ, აზერბაიჯანს გადაეცა ზაქათალის (3 985,55 კვ.კმ) ოლქის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები, სულ 15 844,94 კვ.კმ.

გარდა ამისა, გასაბჭოების შემდეგ, თბილისისა და სიღნაღის მაზრებიდან აზერბაიჯანმა დამატებით მიიღო 1093 კვ.კმ - გარეჯ-ყარაიისა და ელდარის სტეპების ნაწილი. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ 1921 წელს, ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგად: 

არაიაზის ველი და, მათ შორის, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა მონასტრის თხემზე ისე, რომ სამონასტრო კომლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა: ბერები, ტურისტები და მომლოცველები ვერ გრძნობდნენ მესაზღვრეების არსებობას.

ტერიტორიების გადანაწილების მანკიერი პრაქტიკა განსაკუთრებით საბჭოთა სინადვილეში დამკვიდრდა, როდესაც ყოველი მოკავშირე რესპუბლიკა მხოლოდ ფორმალურად იყო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული წარმონაქმნი, და არ წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს. ამდენად, რესპუბლიკების სასაზღვრო ტერიტორიების გასხვისება-გადანაწილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ანგარიშგაუწევლად და ხშირად ცენტრალური მთავრობის მაღალჩინოსანთა ნებით ან კარნახით ხდებოდა, რომლის ძირითად მიზანს “დაყავი და იბატონე”-ს პრინციპი წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლშევიკურმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულმა მოწყობამ ბევრგან, მათ შორის საქართველოშიც, საკონფლიქტო ნაღმები და მოუგვარებელი სასაღვრო პრობლემები დატოვა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ეტაპზე აზერბაიჯანს გარეჯის ტერიტორიაზე  მდებარე ძეგლები "ალბანური კულტურის კუთვნილებად მიაჩნია და თავს მათ სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს".

რა შეიძლება სურდეს აზერბაიჯანს?

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანი ვერ თმობს უდაბნოს მთას, რომელზეც ამავე დასახელების მონასტერი მდებარეობს, ეს ისტორიული ძეგლი მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეა, რომლის დათმობაც არ სურთ.

დიდი ალბათობით, სწორედ ეს ფაქტორია მთელი პროცესის მთავარი შემადგენელი ნაწილი და სანამ საზღვრის დემარკაციის პროცესი არ დასრულდება და ორი ქვეყანა სახელმწიფო საზღვარზე საბოლოოდ არ შეთანხმდება, მსგავსი ინციდენტები, რაც 2019 წლის აპრილში წინასააღდგომოდ მოხდა, ისევ შეიძლება განმეორდეს.

ამ პრობლემის გადაჭრა საქართველომ ადრეც რამდენჯერმე სცადა და აზერბაიჯანს გამოსავლად ე.წ. „ტერიტორიის გაცვლა“ შესთავაზა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია.

საქართველომ, აზერბაიჯანს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას შესთავაზა ტერიტორიის გაცვლა ბერთუბნის მონასტერთან მიმართებით. თუმცა, მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. შემდეგი მცდელობა იყო უკვე უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით, ოღონდ, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დროს, მაგრამ აზერბაიჯანმა  კატეგორიული უარი განაცხადა. 

შესაძლებელია, რომ ჩიხიდან გამოსვლის ერთდერთ გზას ტერიტორიების გაცვლა წარმოადგენდეს. 

საერთო ჯამში აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ უდაბნოს და ჩიჩხიტურის (ეს უკანასკნელი, შეუთანხმებელი საზღვრების მიხედვით, აზერბაიჯანებელებს თავიანთი ტერიტორიის კუთვნილებად მიაჩნიათ) მონასტრები არ მოწყდნენ იმ ერთიან, 24 მონასტრიან კომპლექსს, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მდებარეობს მდინარე მტკვარსა და მდინარე იორს შორის.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. და სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.

საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

დავით გარეჯი - საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ევროპულ ძეგლს შორის

სანამ საზღვრის თაობაზე შეთანხმება ისევ არ არსებობს, სამონასტრო კომპლექსსა და მასში შემავალი მონასტრების მდგომარეობაზე ღელავენ ისტორიკოსები თუ ხელოვნებათმცოდნეები.

2018 წელს დავით გარეჯის კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პან-ევროპული გაერთიანების „ევროპა-ნოსტრას“ მიერ შეყვანილია ევროპული კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ნუსხაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძეგლზე განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო, თუმცა, დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება ის ამბავი, რომ ძეგლის ერთ ნაწილს აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებს და ქართველი სპეციალისტებისიათვის უცნობია, მაგალითად, როგორია დღეს ბერთუბნის კომპლექსის მდგომარეობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავით გარეჯი წარმოადგენს ერთმნიშვნელოვნად ქრისტიანულ, შუასაუკუნეობრივ მემკვიდრეობას, რისი გახლეჩაც არალოგიკურია. მაგალითად, უდაბნოს გამოქვაბულებში არის უნიკალური ფრესკები, ხოლო იქ კლდეების ნაწილია ჩამონგრეულია და მიხედვა სჭირდება. ბერთუბანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანებული ძეგლია, სადაც თამარის და ლაშა-გიორგის პორტრეტებია შემორჩენილი. 

საერთო ჯამში, ცალკე ბუნებრივი მიზეზებით და და ცალკე ანთროპოლიგიური გავლენის გამო, დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა:

მონასტრები, როგორც ცნობილია, კლდეშია ნაკვეთი. კლდე კი აგებულია საკმაოდ რბილი ქვიშაქვებით, რომელიც ბუნებრივად იშლება, გამოქვაბულებიც დროდადრო ჩამოიქცევა ხოლმე, ამას ემატება ტურისტების თავისუფალი მიმოსვლაც, ხან კედლებზე წარწერებს ტოვებენ, ხან ფრესკები ზიანდება. 

კლდის მასივის დაშლის პროცესი ახლაც გრძელდება. საბერეები კი, როგორც ცნობილია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია.

მას შემდეგ რაც კომპლექსი მოხვდა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ნუსხაში, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს მასშტაბური კვლევა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. მათ შორისაა საბერეები, თეთრი უდაბნო, ნათლისმცემელი, წინწყარო, ჩიჩხიტური, ქოლაგირი, თეთრისენაკები, დოდოს რქა, დიდი ქვაბები, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, პირუკუღმარი, შავი სენაკები, ბერთა მთა, განსაშორი, ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი, მღვიმე, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა.

დასკვნა 

ზემოაღნული პრობლემის მოგვარების გამოსავალი შეიძლება იყოს ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელშიც შევლენ როგორც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევიც. ის არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის საკითხის გამწვავება, შესაძლოა, გარკვეულ გარე ძალებსაც აწყობდეს, მესამე ქვეყანას - როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები გაფუჭდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )