რეზონანსი
01.03.2021

კომუნისტებისგან ხელისუფლების მშვიდობიანად გადმობარებისთანავე ბრეჟნევის დროინდელი "ძირითადი კანონის" პირველივე მუხლში შეტანილი ცვლილებით ვამცნეთ მსოფლიოს, რომ საქართველო "დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა". მოქალაქეების "ურყევი ნება, სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა", შევარდნაძის დროს მიღებული "უზენესი კანონის" პრეამბულაში გადავიტანეთ (გონივრული გადაწყვეტილებაა. კონსტიტუციის "უზენაესად" მოხსენიებას კი ვერ გავამართლებ...), ხოლო კობახიძისეულ რედაქციაში, ფაქტობრივად, ისევ გამსახურდიას "უზენაესი საბჭოს" დროინდელი ფორმულირება გადმოვიტანეთ და სამომავლო მიზანი ისევ რეალობად წარმოვაჩინეთ. კი ბატონო, იცოდეს მსოფლიომ, რომ "საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო!" (პუნქტი 4.1), მაგრამ არც მისმა მოქალაქეებმა უნდა დავივიწყოთ, რომ, ფაქტობრივად, უკვე 30 წელია, რაც ხელისუფლებათა დანაწილებისა და კანონის უზენაესობის პრინციპიც ვაღიარეთ, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტულად მივიჩნიეთ.

იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ცივილიზებულ სამყაროში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპულ კავშირში სრულ ინტეგრაციაზე ორიენტირებულ საქართველოში "ევროსტანდარტების" შესაბამისი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო საქმეებს გონივრულ ვადაში უნდა იხილავდეს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გვაქვს გარანტირებული.

თუ რამდენად სამართლიანად ვატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, დაგვიანებით გამოქვეყნებულ "შედეგების შემაჯამებელ ოქმთან" ერთად, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბარიერგადალახული 9 სუბიექტიდან 8 არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რაშიც დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერების მიერ ადრე არჩეული ორივე პრეზიდენტიც (სააკაშვილი, მარგველაშვილი), პრეზიდენტის მოვალეობის ორჯერ შემსრულებელიც და პარლამენტის სამი თავმჯდომარეც (ბურჯანაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი) ეთანხმებიან... დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობას კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობის გარდა, დედაქალაქის გარეუბნის "შუკაში" მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის სხვენსა და სარდაფში XX საუკუნეში განთავსებული "სხდომათა დარბაზები" ადასტურებს...

მისასალმებელია, რომ მთავრობის მიერ "კონტიტუციური წესრიგის" ოპერატიულად აღდგენის შემდეგ მაინც გაახსენდათ პოლიტიკოსებს, რომ "სამართლებრივი სახელმწიფო ვართ", რომელშიც "კანონის უზენაესობა" უნდა იყოს დაცული, მაგრამ პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოვყალიბდეთ, პირველ რიგში, სწორედ პარლამენტის წევრებმა უნდა დაიცვან კანონები... ამას როგორ ახერხებენ, მკითხველმა თავად განსაჯოს:

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემხედვარე (თუნდაც, პარლამენტის წინ კარვების განთავსება და ბოკერიას განცხადებები "ლეგიტიმური რევოლიციის" აუცილებლობაზე), თავი ვალდებულად ჩავთვალე, "სამართლებრივი სახელმწიფოს" მოქალაქეებს (მათ შორის, 1991 და 2003 წლების "აჯანყება-რევოლუციებში" გამარჯვებულებს...) შევახსენო, რომ "პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი…" ამასთან, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა საკანონმდებლო წინადადება არაუგვიანეს ორთვიან ვადაში უნდა განიხილოს (პუნქტი 105.4), ხოლო კონკურსის საფუძველზე შერჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა (პუნქტი 208. 6).

გარდა ამისა, პარლამენტმა სასამართლოსაც განუსაზღვრა ადმინიტრაციული საქმის განხილვის ვადა, რომელიც, ჩვეულებრივ, 2-ს, ხოლო რთულ საქმეებზე, მაქსიმუმ, 5 თვეს შეადგენს. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია, დაიცვას როგორც საკანონონმდელო წინადადების განხილვის, ასევე კონკურსის ჩატარების ვადები, ხოლო სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

2017 წლის იანვრის ბოლოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა. ივნისში კიდევ ორი შეემატა, რომლებითაც იუს-ს არამოსამართლე წევრების გამწესება კანონდარღვევით იქნა მიჩნეული (ფაქტობრივად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურების მიერ წინასწარ შერჩეული პირები კონკურსის გარეშე გამწესდნენ თანამდებობებზე). გასაგები მიზეზების გამო, პარლამენტის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ისე ამოიწურა და იუს-ს მიერ შერჩეული კანდიდატები ისე გამწესდნენ "უზენაეს სასამართლოში" (სხვათა შორის, ტოტალიტარიზმის ეპოქაში "უმაღლესი" ერქვა...), საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოტანილი...

2020 წლის 4 სექტემბერს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მეცნიერებმა მიმართეს და "წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლების" აღიარება ურჩიეს. ანუ, ამომრჩევლის მიერ შევსებული ის საარჩევნო ბიულეტენიც, რომელშიც გასაგებად არის გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება საარჩევნო სუბიექტისადმი, ნამდვილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობაში აისახებოდა. შესაბამისად გაიზრდებოდა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაც, გამოირიცხებოდა მანიპულაციები პოლიტიკური მოწინააღმდეგის სასარგებლოდ მიცემული ბიულეტენებით და მანდატებიც უფრო ობიექტურად განაწილდება. ფაქტია, რომ აღნიშნული საკანონდებლო წინადადება დღემდე არ განხილულა.

გასული წლის 17 დეკემბერს კი პარლამენტში ორი საკანომდებლო წინადადებდა შევიდა. ერთით, იუს-ს არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსის ღია წესით ჩატარება იყოს შეთავაზებული (როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა ხდება), რითაც ასარჩევ პირთა წრეც საგრძნობლად გაფართოვდებოდა, ხოლო მეორე წინადადებით კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა გამოცხადდეს და არა - განცხადებით, რაც დაინტერესებულებს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მისცემს.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომები დეკემბერშიც გაიმართა, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადებებიც დღემდე არ არის განხილული. ამას ისიც დაემატა, რომ პარლამენტს იუს-ს წევრობის კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია, არადა, ქადაგიძეს 23 მარტს ეწურება უფლებამოსილების ვადა...

კანონმდებლობაში "გაპარული ხარვეზების" არსებობას ადასტურებს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული კონკურსიც. მართალია, არავის გაუსაჩივრებია, მაგრამ ფაქტია, რომ იუს-ს წევრი ზურაბიშვილმა კანონის მოთხოვნის ხელყოფით დანიშნა... ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც მიკერძოებული მოსამართლეებიც არღვევენ კანონს, თავად პარლამენტის ახალი შემადგენლობა, თუ რეალურად უნდა "სამართლებრივ სახელმწიფოში" ცხოვრება, უნდა იყოს დაინტერესებული "კანონის უზენაესობის" დაცვით. არადა, საკანონმდებლო წინადადებების გათვალისწინება პარლამენტის მესვეურებსაც უნდა აძლევდეთ ხელს, ვინაიდან, თუნდაც საკუთარი რჩეულების იუს-ს წევრებად გამწესებას კანონის მოთხოვნათა ფორმალური დაცვით მაინც შეძლებენ...

თუ სტატიის გაცნობის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დაწერენ განცხადებებს, დარწმუნებული ვარ, იმაში მაინც დამეთანხმებიან, რომ სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარება თუ ვერ ვისწავლეთ და "სამართლებრივი სახელმიფოს" პარლამენტის რეგლამენტის "უზენაესობაც" კი ვერ უზრუნველვყავით, "სტრატეგიული პარტნიორტებიც" უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს…

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )