რეზონანსი
21.02.2021

მიუხედავად თბილისის მერის მცდელობისა, პარლამენტის წინ „რეკრეაციული ზონა“ მოეწყო, როგორც ჩანს, ამჯერადაც მთავარი მოვლენები ისევ ეკლესიის ადგილზე აღმართული შენობის წინ მდებარე „მაიდანზე“ განვითარდება. ვინაიდან მიკროფონს არავინ მანდობს, ვცდილობ, პოლიტიკოსებსა და „ხელისუფლების წყაროს“ (ხალხს, მათ შორის  _ „გამარჯვებულებს“...) ამჯერადაც გაზეთის მეშვეობით მივაწვდინო ხმა...

მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება და ბოკერიას მიერ დაანონსებული „ლეგიტიმური რევოლუცია“ გახარიას გადადგომამ გადაავადა. ფაქტია ისიც, რომ მე–5 საარჩევნო სუბიექტის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია თავისი ლიდერის ხელისუფლებისთვის დათმობას, როგორც ჩანს, არ აპირებს. სამაგიეროდ ახალ პრემიერ–მინიტრს აქვს გადაწყვეტილი წესრიგის „ოპერატიულად“ აღდგენა. 

იმედი მაქვს, დაძაბულ ვითარებას ამჯერად უკვე მე–5 პრეზიდენტი განმუხტავს, მით უმეტეს, რომ პოლიტიზებულ სამედიცინო პირბადეზე, ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის „რევოლუციური“ ხუთჯვრიანი სიმბოლო აქვს გამოსახული (მე–3 პრეზიდენტის მიერ დადგენილ „სახელმწიფო დროშაზე“ დიდი ჯვარი გაცილებით განიერია). თუ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს (შეიძლება, ყოფილსაც...) შეწყალებას დაჰპირდება და ვადამდელი არჩევნების იდეას დაუჭერს მხარს, შესაძლებელია, მელიამ მადლობა გადაუხადოს მხარდამჭერებს თანადგომისთვის და ნებაყოფლობით ჩაბარდეს სამართალდამცავებს. ამასთან, ეფექტს მოახდენს, თუ ოფისიდან გამოსული „ეროვნული გმირი“ „ნაციონალებისა“ და ევროპის დროშების დერეფანში გამოივლის, ხოლო საქართველოს ჰიმნის შემდეგ, ბეთჰოვენის მე–9 სიმფონიის ბოლო ნაწილი აჟღერდება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს... 

მორიგი შიდა კონფლიქტის მოგვარების (როგორც „ფასილიტატორები“ იტყოდნენ „დეესკალაციის“) შემდეგ, იქნებ, მეზობელ სახელმწიფოებთან (მათ შორის, ოკუპანტებთან) ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპეტივაც გაჩნდეს...

შექმნილი რეალობის გათვლისწინებით („ხუთჯვიან სტადიამდე“ მისული სამართლებრივი ნიჰილიზმი, ერთი და იგივე „ნომენკლატურული“ სახეები ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოებაში მორიგი „ახალი ძალის“ გამოჩენის მოლოდინი, „მცოცავი ოკუპაცია“, მიწის უცხოელებზე გასხვისება, „მესამე ძალის“ მხრიდან მეზობლებთან ახალი დაპირისპირების მცდელობა, გადაშენების პირას მყოფი ერი, პოლიტიკური ელიტის კეთილგაწყობა სოროსისადმი, აშშ–ში ფერადი რევოლუციის მცდელობა, რუსეთისა და თურქეთის ინტერესების თანხვედრა...) გონივრულად მიმაჩნია, თუ გიორგი გახარია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩაუდგება სათავეში. ვურჩევ მას, „ერთად“ (ან „ერთობა“) დაარქვას. ერთი მხრივ, ნაგულისხმები იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის გაერთიანება კონსტიტუციის პრეამბულაში „ურყევ ნებად“ დეკლარირებული მიზნების განსახორციელებლად (სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა), ხოლო, მეორე მხრივ, ვინაიდან უზენაესი კანონით „ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციაც“ პრიორიტეტად დავისახეთ, პარტიაში „ერთად“ ნაგულიხმები იქნება ევროპისკენ მეზობელ სახელმწიფოებთან „ერთად“ სვლაც. 

ბატონ გიორგის შანსი აქვს, პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს და მისმა „ერთობამ“, „ეროვნულებთან“ ერთად, „ოპოზიციური“ ძალებიც შემოიკრიბოს („ძალა ერთობაშია!“). მით უმეტეს, განვლილ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მნიშვნელოვანწილად, მისმა ფაქტორმაც განაპირობა. ახალ საარჩევნო სუბიექტს არც „გადამგდარი ოლიგარქის“ გარემოცვამ უნდა შეუშალოს ხელი, ვინაიდან გახარია, ფაქტობრივად, მისი ყოფილი ხელმძღვანელის ანგარიშვალდებული დარჩება, ხოლო „პროგრესული ძალები“ მის გუნდში გადაინაცვლებენ. 

ამდენად, არ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, ახალი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული (აფილირებული) იქნება თუ რეალურად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება. ყველა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გახარია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასაც მოახერხებს, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიც დაძლიოს და ტერიტორიული მთლიანობაც აღიდგინოს (არადა, რუსეთს უკვე ყაზბეგსა და პანკისზე უჭირავს თვალი, თურქეთს _ აჭარასა და ახალციხეზე, აზერბაიჯანს – „ბორჩალოზე“, ხოლო სომხეთს – ახალქალაქზე...). მით უმეტეს, რომ ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლაში ბატონი გიორგი აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა და უკვე ისიც იცის, რომ კრიზისების დასაძლევად და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის რჩევებისთვის შესაბამისი სფეროების ასაკოვან და გამოცდილ სპეციალისტებს უნდა მიმართოს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელივით გველის პოლიტიკური კრიზისები და პერმანენტული ვადამდელი არჩევნები... 

ყველა შემთხვევაში, ბატონ გიორგის წარმატებას ვუსურვებ, მე–5 საარჩევნო სუბიექტს კი სრულ რებრენდინგს (დასახელებისა და პარტიული სიმბოლოს შეცვლას) ვურჩევ, ხოლო მე–5 პრეზიდენტი, იმედი მაქვს, სამედიცინო პირბადეს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით აღარ შეარჩევს... (ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ იურისტებს „სახელმწიფო დროშის“ აღწერილობის თაობაზე არ ჰქონდეთ ინფორმაცია).

ავთნდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )