
ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა ბიჭის, 24 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას ვაჟია. როგორც ამბობენ, მიშოს სახლში ეძინა, როცა ხანძარი გაჩნდა და საუბედუროდ, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
ხანძარი მეზობლებმა გვიან შენიშნეს. მართალია, ტრაგედიის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები, მაგრამ სამწუხაროდ, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სახლში გარდაიცვალა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტ კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე.
ცხედარი სამხარაულში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს და იქ ექსპერტიზა ჩაუტარდა.
"უმძიმესია ის ტკივილი, რასაც ოჯახი და ახლობლები განიცდიან ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის გამო. მიშო ყველასთვის საყვარელი, სამეგობროსთვის გამორჩეული ადამიანი იყო. მასზე წარსულში საუბარი მართლა შეუძლებელია ჩვენთვის.
მიშო ფეხბურთელი იყო. ამჟამად არ თამაშობდა. ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილი გახლავთ. არაჩვეულებრივი დედის, სოფოს შვილი. ჰყავს ძალიან კარგი ძმა და საოცარი ძმობა ჰქონდათ მათ. მშობლები გაშორებულები არიან დიდი ხანია, მამას სხვა ოჯახი აქვს. მიშო დედასთან და ბებოსთან, დედის დედასთან იზრდებოდა.
თაყაიშვილის ქუჩაზე მიშო დედის დედასთან ერთად ცხოვრობდა იმ კერძო სახლში, სადაც ეს უბედურება დატრიალდა. ჯერ არ იციან, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია რისგან გაჩნდა სახლში ხანძარი. ყველანი ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ვიცით ის, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა იმ დროს მიშოს გარდა. ბებო და მიშო ცხოვრობდნენ ერთად, ბებო წასული ყოფილა დილით სამსახურში და ეტყობა მაშინ გაჩნდა ხანძარი.
სავარაუდოდ, ვერ გაიგო მიშომ, ფიქრობენ, რომ კვამლით გაიგუდა. არ ვიცი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება ალბათ შეუძლებელი იქნება. დილით მოხდა ეს უბედურება, როცა ყველა სამსახურში მიდი-მოდის. დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, რას დაასახელებს მიზეზად. სახლი დამწვარია, იქ პანაშვიდები შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მიშო ტაძარშია გადასვენებული. ქუთაისში მიშოს დამწვარი სხეული მხოლოდ დღეს იქნება დასვენებული, ხვალ თბილისში გადაასვენებენ და თბილისში დაკრძალავენ.
იქ საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა, მაგრამ როცა გაიგეს და დაინახეს ცეცხლი, უკვე გვიანი იყო. სავარაუდოდ მიშო ცეცხლის ალმა გაგუდაო და შემდეგ არის დამწვარი. ორი დღეა ყველანი ვტირით, მოვთქვამთ, ვიხსენებთ ჩვენს თბილ მიშოს და რა დაგვჩენია, მხოლოდ მისი სულისთვის ვილოცოთ თითოეულმა ჩვენგანმა.
ამ დიდმა ტრაგედიამ ჩვენი მთელი ბავშვობის წლები ჩაკლა. ჩვენი მიშო მთელი სამეგობროს გულისტკივილად დარჩება. დაკრძალვა თბილისში იქნება, სოფო თბილისში იყო, რომ ჩამოვიდა, სახლთან გუშინ მოვიდა და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა ხდება მთელ უბანში. ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ ერთად, ერთი ეზო, ერთი უბანი, ერთი სამეგობრო წრე გვყავს და სიტყვები არ გვაქვს.
საოცარი ბიჭი იყო. კარგად მღეროდა. სოციალურ ქსელში დაიდო მიშო როგორ უმღერის დედას და ამ სიმღერის მოსმენის მერე გული გაგლეჯვაზე მაქვს. ძალიან მოგვენატრება ჩვენი მხიარული მიშო", - ამბობს მიშოს მეგობარი.
მიშო აშვეთიას დედა, სოფიო, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მღერის მიშო დედაზე სიმღერას:
"მე კი დაგიბერდები დედი, მაგრამ. შენ ვერ მოესწარი ჩემს სიბერეს, დე, მე უშენობას მოვესწარი დედი", - წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე