რეზონანსი
02.12.2025

„ჩვენს თვალსა და ხელს შუა დაიწყო მეორე ტყუილის თქმა, რომელიც მიაყოლა პირველ ტყუილს, რომელიც BBC-ის უთხრა“ - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ყველა მიმართულებით დადგება. 

„ჩახუნაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელიც გამოხმაურებაა სუს-ის გამოძიების. როდესაც მიხვდა, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ამ საკითხზე, გამოვიდა და თქვა, რომ არა მე ლიტერატურის გაცნობაც კი ვერ მოვასწარიო. მე ეს არ მითქვამს, რომ ეს ნივთიერება გამოყენებული იქნაო. ჩვენს თვალსა და ხელს შუა დაიწყო მეორე ტყუილის თქმა, რომელიც მიაყოლა პირველ ტყუილს, რომელიც BBC-ის უთხრა. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ყველა მიმართულებით დადგება. ამ ტყუილის გამავრცელებლები აქაც აგებენ პასუხს, ვინც გააკეთა ეს საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად და დარწმუნებული ვარ, რომ BBC-საც მოუწევს ბოდიშის მოხდა, ისევე როგორც მოუხადა ბოდიში ტრამპს, ამ ყალბი დეზინფორმაციის გავრცელებისათვის“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას ჩახუნაშვილმა, რომლის დასკვნების საფუძველზეც ააგო BBC-მ მასალა, თქვა რომ მისთვის უცნობია გამოიყენეს თუ არა აქციების დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერება „კამიტე“. სწორედ მასზე და სხვა რესპონდენტებზე დაყრდნობით BBC ამტკიცებს, რომ გასულ წელს საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. წყაროდ ბრიტანული მედია ჩახუნაშვილთან ერთად ასახელებს ქვეყნიდან გაქცეულ ირაკლი შაიშმელაშვილს და გდდ-ს შეიარაღების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს. რესპონდენტები არიან ასევე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი.

ბრიტანული მედიის მძიმე ბრალდებების გამო, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×