რეზონანსი
02.12.2025

სრული აბსურდი, სიცრუეა გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას. ეს არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ნივთიერება საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია.

„მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც განხორციელებულა ამ მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოიკითხება ყველა ადამიანი და აბსოლუტურად ყველაფერს პასუხები გაეცემა“, - განაცხადა გეკა გელაძემ.

ცნობისთვის, „ბიბისი“-მ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „ბიბისი“-ს მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისი“-ს მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ „მისი აზ-სრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისი“-ს ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბის“-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, „ბიბისი“-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×