
მომავალი წლიდან საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიქანაძის თქმით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან დღეს არსებული კანონმდებლობით, სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე, უჭირთ სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება.
„ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.