
ზაპოროჟიეში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ნათესავები მიიწვიეს სპექტაკლის „მხიარული ქვრივის“ უფასოდ საყურებლად. სპექტაკლის სათაურმა ბევრი უკრაინელის აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ, ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს ვეტერანთა პოლიტიკის დეპარტამენტის პოსტზე დაყრდნობით, ტელეარხი D1 იტყობინება.
სპექტაკლი „მხიარული ქვრივი“ იმ 30 სპექტაკლიდან ერთ-ერთია, რომლის უფასოდ საყურებლად გარდაცვლილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ნათესავები მიიწვიეს.
მოგვიანებით, დეპარტამენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აღშფოთებას და ბოდიში მოიხადა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის რეპერტუარის არასათანადო შერჩევის გამო.
„ინტერნეტში ვრცელდება სკრინშოტი, ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების და დაღუპული (გარდაცვლილი) მებრძოლების ოჯახების თეატრში მიწვევის შესახებ. 30 პიესიდან და ფილმიდან ერთ-ერთს ორაზროვანი სათაური აქვს. ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს ვეტერანთა პოლიტიკის დეპარტამენტი გულწრფელ ბოდიშს უხდის ყველას, ვინც ნახა წარმოდგენილი პუბლიკაცია. ჩვენ არანაირად არ გვინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენება“, - ნათქვამია შეტყობინებაში.