
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას - ნიკა ზაუტაშვილს. აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურას არ დაუკოკრეტებია რა ტიპის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.
შემთხვევა 8 ნომებერს მოხდა, ძალადობის ბრალდებით ქართული ოცნების მაღალჩინოსნები - ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი მერი, ასევე მისი ძმა 10 ნოემბერს დააკავეს.