
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები მისი კლინიკა "ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.
ადვოკატი განმარტავს, რომ როგორც წესი, პენიტენციური სამსახური თავად პატიმარს, ან მის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს წინასწარ ატყობინებს სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები, ხვალ დილით მოინახულებენ.
"არა, ეს ინფორმაცია, ბუნებრივია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ, თორემ ჩვენ ამას საზოგადოებას ვაცნობებდით მათზე ოპერატიულად. ეს ინფორმაცია არ მოუწოდებიათ და ესე, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განახორციელეს ეს ღონისძიება. მე ამაზე დამატებითი კომენტარი გარდა იმისა, რომ ეს არის კიდევე ერთი გამოვლინება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, სხვა ახსნა ამას არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პირველი სამიზნე "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმის. მის მიმართ დევნა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, თუ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თვალს უხვევდა, რომ ვითომ ჩვენ მედასავლეთელები ვართ... ციხეში გადაყვანა, არ გადაყვანის საკითხი, ვივამედში ყოფნა არ ყოფნის საკითხი, თავიდან ბოლომდე უნდა დავინახოთ ერთიან სურათში, რომ ის არის პუტინის და პუტინის მარიონეტის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე.
ბუნებრივია, ხვალვე შევალ, მიშას მოვინახულებ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყოფით პირობებში, ამ ყველაფერში გავერკვევით.
რაც შეეხება მაინც და მაინც დღეს რატომ გააკეთეს, ჩვენ ვხედავთ კამპანიურ ხასიათს "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ შორის როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე სხვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით რა ქმედებებს ჩადიან.
პენიტენციურ დაწესებულებას ბუნებრივია აქვს თავისი წესები, როგორ უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში და როგორც წესი, წინასწარ ხდება ინფორმირება...
ჩვენი ინფორმაციით შესახლებულია [პენიტენციურ დაწესებულებაში]," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.