
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 11 ნოემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ინტერიერის დიზაინერი, 1985 წელს დაბადებული რატი რატიანი დააპატიმრეს, რომელიც ცნობილი ქართველი მოდელის, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანიას მეუღლეა. ბრალდება იმდენად მძიმეა, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, და ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დადგინდა, რომ რატი რატიანს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში ჰქონდა მოწყობილი სპეციალური სათბური, სადაც ის უკანონოდ ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანას.
ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო:
283 ძირი მცენარე „კანაფი“.
3 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“.
ასევე, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
საზოგადოებისთვის ინტერესის გათვალისწინებით, ambebi.ge დაუკავშირდა დაკავებულის მეუღლეს, მოდელ თამთა შედანიას. თუმცა, მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
წყარო: www.ambebi.ge
