რეზონანსი
12.11.2025

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა გრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი“, – წერს გრინჩუკი.

გრინჩუკის თქმით, მისი პროფესიონალური საქმიანობის ფარგლებში არ ყოფილა კანონმდებლობის დარღვევის რამე შემთხვევა.

„შეუძლებელია, ასეთი ფაქტები არსებობდეს“, – აღნიშნავს გრინჩუკი.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში თანამდებობიდან გადააყენეს უკრაინის იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გერმან გალუშჩენკო, რომელმაც აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თანამდებობის დატოვება ცივილიზებული ქმედებაა. მისი თქმით, ის აპირებს სიმართლის დამტკიცებას და სამართლებრივად თავის დაცვას.

შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურა კორუფციულ სქემას იძიებს, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.

დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, უმაღლესი რადა იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს 18 ნოემბერს უყრის კენჭს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×