რეზონანსი
12.11.2025

დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება; ქართველი დიპლომატების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ, ჩვენს ქვეყნას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში.

„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ყველას, დღეს აქ მობრძანებისთვის და დიპლომატების პროფესიული დღის მოლოცვისთვის. ჩვენი, ქართველი დიპლომატების პროფესიული დღე უკავშირდება დიდ ქართველს, სულხან-საბა ორბელიანს, ქართული დიპლომატიის სიმბოლოს, რომლის გამბედაობამ, სიბრძნემ და სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებამ საუკუნეების წინ შთამბეჭდავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უდიდესი ნაწილი ბრძოლების ისტორიაა. გეოპოლიტიკამ დიპლომატიას არც თუ ისე დიდი სივრცე და გასაქანი მისცა ჩვენი არსებობის მანძილზე. თუმცა, ბევრი რამ გვასწავლა.

დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ძალიან რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება. დღესაც, გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შესაძლებლობების შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს. დღეს, დიპლომატების სიმტკიცეს, ერთგულებას და პროფესიონალიზმს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების და ღირსების დაცვის საქმეში. დეზინფორმაციის ნაკადების საპირწონედ, მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა – ხმა მშვიდობისა და ჩვენი მომავლის ღრმა რწმენის!

საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ჩვენი სამშობლოს ყველა ტკივილი და წარმატება საკუთარ თავზე გამოსცადა და განიცადა. იყო დიპლომატი, ნიშნავს გაბედულად შეხედო ყველა გამოწვევას, ყველაზე კარგად შეიგრძნო შენი სამშობლო, დაიცვა და წარმოაჩინო ის, მიუხედავად ბევრი სირთულისა და ბევრი წინააღმდეგობისა. ეს არასდროს ყოფილა მარტივი საქმე ქართველი დიპლომატებისთვის. თუმცა, ღირსეული ადამიანების ერთგულმა შრომამ და მიზანდასახულობამ, ჩვენს ქვეყნას არაერთხელ შეაძლებინა შეუძლებელი.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომელსაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა,  შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ სიამაყითა და შემართებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს სუვერენული ინტერესები! დიდი მადლობა ამ პატარა ოჯახს სიმტკიცისთვის და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×