
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ინსულინთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ადამიანები,რომლებიც მიუხედავად მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, მაინც მენეჯმენტის პრობლემას ხედავენ ინსულინის შემთხვევაში, ან შეგნებულად ტყუიან, ან უბრალოდ დილეტანტები არიან.
„განმარტებას იმიტომ ვაკეთებ, რომ არ მინდა, რომ ვინმეს, ვისაც მოტივაცია აქვს რაღაც ყალბი აჟიოტაჟი დანერგოს ქვეყანაში პოლიტიკური ქულების წერის მიზნით, მაგალითად პანიკის მდგომარეობაში ჩააყენოს რომელიმე მშობელი, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინსულინით. არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა. ყველა მშობელმა მინდა ეს იცოდეს.
თვეებით ადრე დაიგეგმა შესყიდვა, უბრალოდ გვქონდა შეფერხება Novo Nordisk-ზე. ეს არის კომპანია, რომელიც არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი Sanofi-სთან ერთად. საქართველოს ბაზარზე იმ პერიოდში რაც იყო წყვეტა, ვერ მოგვაწოდა, პრობლემა ჰქონდა. ამ კომპანიას ივნისის დასაწყისში უნდა მოეწოდებინა 15 000 ერთეული ინსულინი, მოგვაწოდა 8 000 ერთეული. დღემდე ეს პარტია მოწოდებული არ გახლავთ და გვაქვს მოლაპარაკება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა ის პროცედურები, რაც საჭიროა აღნიშნული მედიკამენტის შესაძენად.
„შარშან ნოემბრიდან დაიწყო შესყიდვაზე მუშაობა, თებერვალში ტენდერი გამოცხადდა, ტენდერის შედეგად გაიმარჯვა Novo Nordisk-ის კომპანიამ. 14 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ივნისის დასაწყისში და ცოტა დააგვიანდათ. კომპანიას აქვს გარკვეული პრობლემები. წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ეს შეფერხება მარტო ჩვენს ქვეყანაში არ არის და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც არის მიწოდების გარკვეული ხარვეზები.
Sanofi-იც არის გლობალური ლიდერი, არც თუ ისე ცოტა ადამიანი სარგებლობს Sanofi-ის პროდუქტით. საფრანგეთში გაცილებით დიდია Sanofi-ის მოხმარება. ქარხანა მდებარეობს გერმანიაში.
ჩვენ გვქონდა მშობლებთან შეხვედრა, ვინც გამოხატა ინტერესი, ვინც მოვიდა ყველას გასაგებად ავუხსენით რა მდგომარეობა იყო“, - დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.