
დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზე სპეკულაცია არ მინდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილების შესახებ, რაზეც პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ „ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ, ვცდილობ, მას არ ვუპასუხო, არ მინდა სპეკულაცია“.
„არის ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამის შემდეგ მას ევროკავშირის წევრები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. წევრი ქვეყნები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზე სპეკულაცია არ მინდა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მისი თქმით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები იმ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც იყო მოცემული წინა ანგარიშში.
„ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მე მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი და ამ პასუხზე დაყრდნობით, ვიზალიბერალიზაციის ახალი ანგარიში იქნება გამოქვეყნებული დეკემბერში. მას გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.