
3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2,5 მილიარდით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა ყველა მიმართულებითაა, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დაფინანსება ყველა სამინისტროს გაეზრდება.
„არ არსებობს არცერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა. გარდა ამისა, გვაქვს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა, პენსიების ზრდა. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. შემიძლია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული მონაცემები მოგახსენოთ, სადაც საქართველო ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზეა როგორც კანდიდატ, ისე წევრ ქვეყნებში, მთავრობის ვალის სიმცირით მეექვსე ადგილზე ევროპის ქვეყნებში და მესამე ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. დავამატებ კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს - აქაც მერვე ადგილზეა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეორე ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს განიხილავენ. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარმოადგენს.