რეზონანსი
12.11.2025

ჩვენი გაერთიანებული ქვეყნის ისტორიაში დემოკრატია და თავისუფლება ასეთი თავდასხმის ქვეშ არასდროს ყოფილა, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხე პირველყოვლისა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ძალების მხრიდან ემუქრება.

„მემარჯვენე ექსტრემისტული ძალები თავს ესხმიან ჩვენს დემოკრატიას და საზოგადოების მოწონებას იმსახურებენ. უბრალოდ ლოდინი და დროებით ჩუმად ყოფნა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე აქტორები საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს „მმართველი ელიტა ხალხს მტრობს“, მოსახლეობას „ავტორიტარული მმართველობით“ ხიბლავენ და გერმანიის „ისევ დიდებულად“ გადაქცევის დაპირებით ატყუებენ. მისივე თქმით, დემოკრატებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ ამასთან საბრძოლველად.

„ჩვენ გვაქვს კანონი, თავისუფლება, ადამიანობა, ცოდნა იმის შესახებ, სად მივყავართ სიძულვილს“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

თავის გამოსვლაში მან პარტიაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გააკეთა მინიშნება, რომელიც მზარდი პოპულარობით გამოირჩევა და მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა, რომ ექსტრემისტებთან პოლიტიკური თანამშრომლობა დაუშვებელია როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის დონეზე.

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, პარტიის აკრძალვა დემოკრატიაში უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და ნაბიჯი, რომელიც საგულდაგულოდ უნდა იყოს შესწავლილი და აწონ-დაწონილი, თუმცა ასეთი საკითხის განხილვისას, „არ შეიძლება, ვიყოთ პასიურები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×