
ბოლო პერიოდში, საგამოძიებო უწყებების ყურადღების ცენტრში ყოფილი მაღალჩინოსნები მოექცნენ. მიმდინარე წლის ზაფხულიდან რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით. კერძოდ, ივნისში სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი რომეო მიქაუტაძე დააკავეს. დაკავებულია ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი.
რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლების და სეიფების ჩხრეკა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ჩხრეკების შედეგად, დიდი რაოდენობით - მილიონობით თანხასთან ერთად, ძვირფასი ნაკეთობები და საათები, ძვირადღირებული ნახატები ამოიღეს. პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით 20 მლნ ლარის თანხაა ამოღებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პროცედურებს გადის ასეთ დროს ამოღებული ქონება. თემასთან დაკავშირებით ბიზნეს სამართლის სპეციალისტს, აკაკი ჩარგეიშვილს ვესაუბრეთ.
ჩარგეიშვილის თქმით, საქმის წარმოების დასრულებამდე, აღნიშნული თანხა და ძვირფასეულობა სისხლის სამართლის საქმეზე მიმაგრებულ ნივთმტკიცებად ითვლება, საბოლოოდ კი, სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.
„პროცედურულად, სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე, ამოღებული ქონება საქმეზე მიმაგრებული მტკიცებულების სტატუსს ატარებს და ხელშეუხებელია,“ - განაცხადა იურისტმა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აკაკი ჩარგეიშვილმა განუმარტა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, სად წავა საბოლოო ჯამში ნივთები, კომპეტენციის მიხედვით უნდა გადაწყდეს. თუმცა, ძირითადად, აღნიშნული ქონება ექვემდებარება განადგურებას, ან სახელმწიფო ხაზინასა და ეროვნულ ბანკში ნაწილდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლებრივი ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, საუბარია ფულის გათეთრებაზე, უკანონოდ მიღებულ შემოსავალზე და ასე შემდეგ, ეს თანხები, პირველ რიგში, სისხლის სამართლის მიზნებიდან გამომდინარე, ექვემდებარება ამოღებას და უნდა დამაგრდეს საქმეზე, როგორც მტკიცებულება.
შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამ, სანამ სისხლის სამართლის საქმე იქნება წარმოებაში, თანხა იქნება დალუქული. შესაძლებელია, დასჭირდეს ექსპერტიზა იმიტომ, რომ იქ ოქროზეცაა საუბარი და უნდა დადგინდეს, კონკრეტული ოდენობა შესაბამისობაშია თუ არა იმ სეტიფიკატებთან, რომელიც აღმოაჩინეს ოქროსთან ან ვერცხლთან მიმართებაში, უნდა დადგინდეს კუპიურები ყალბი ხომ არ არის და ბევრი სხვა დეტალი. ამის შემდეგ, როცა საქმე გადადის სასამართლოში, უკვე ეს ყველაფერიც იგზავნება სასამართლოში, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, იმ განმარტებასთან ერთად, რაც საქმეზე იქნა მოპოვებული.
დღემდე სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა გარკვეულ ცვლილებებს, რომლებიც თანხების ამოღებაზე გაკეთდა. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვინმე თაღლითობას ჩაიდენს, 16-20 წელი არ შეიძლება ქვეყნიდან გავიდეს, სანამ არ გადაიხდის იმას, რაც მას დაბრალდა. ეს წესი კი შემოვიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით, დღევანდელი რეგულირება არის ასეთი, რომ ამოღებული ქონება, სასამართლოს შემდეგ, როგორც უკანონო, უნდა გადაეცეს ან ხაზინას, ან პროკურატურას, თუ ეს არ არის ისეთი ნივთი, რომელიც ექვემებარება განადგურებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო როდესაც საბოლოო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ამის შემდგომ, ეს ნივთები, ვინაიდან მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით, გადაეცემა სახელმწიფოს.
სახელმწიფოს რომელ სტრუქტურას, ეს უკვე კომპეტენციების მიხედვით უნდა გაიმიჯნოს. თუ ლითონია ძვირფასი, ეროვნულ ბანკში უნდა მოხდეს გადატანა. ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულად სასამართლოს განაჩენით მიღებულ ჩანაწერზე, რომელსაც მოსამართლე დაწერს და დამოკიდებულია, რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი არაფერი მომხდარა და განაჩენი გამამართლებელი იქნება, ამ ნივთებს ყადაღა მოეხსნება“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.
წყარო: bpn.ge