რეზონანსი
02.11.2025

შსს-ს განცხადებით, ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ, რომელიც გასულ ღამეს, რუსთაველზე, გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო.

ზურაბ მენთეშაშვილი აქციის პირველი მონაწილეა, რომელიც "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პროტესტის გზის გადაკეტვის ფორმით გამოხატვის გამო, სისხლის სამართლის წესით დააკავეს და შესაბამისად, მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში. აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს",- აცხადებენ უწყებაში.

ბოლო 5 დღეში რუსთაველის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილეა დაკავებული.

17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა, შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას იწვევს. ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×