რეზონანსი
05.08.2025

მომღერალი და პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე ქორწინდება. როგორც ირკვევა, მისი რჩეული ტელეჟურნალისტი ანა შამილაძეა. აჩიკომ მას ხელი 1 თვის წინ ესპანეთში სთხოვა. წყვილი ერთმანეთს თითქმის სამი ათეული წელია იცნობს და ბავშვობიდან ერთად მოდიან, თუმცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ახლა მიიღეს. 29 წლის შემდეგ დაბრუნებული პირველი სიყვარულის თაობაზე "ფორტუნასთან" თავად ანა შამილაძემ ისაუბრა.

"ეს არის მართლა ისტორია, რომლებსაც ადამიანები სპექტაკლებისა და ფილმებისთვის სცენარებად წერენ. ჩვენ შემთხვევაში ეს ბუნებრივად გამოვიდა. ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, თუმცა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა უკავშირდება სტუდიას „ბავშვთა ოპერა“, სადაც უამრავი ბავშვი დადიოდა. ძალიან წარმატებული სტუდია იყო, სხვა რეგიონებში პრობლემები იყო, ჩვენ კი გასტროლებზე საზღვარგარეთაც დავდიოდით. იქ განსაკუთრებულად დავახლოვდით, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ყველაფერს ვუყვებოდი, რაც ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში. თუ ვინმე მაწყენინებდა, რამე მესიამოვნებოდა ან ვინმე მომეწონებოდა, ყველაფერს მას ვუმხელდი. თავად ახლა ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ვიყავი, მაგრამ ისეთი ბავშვები ვიყავით, ამას ვერ გავუმხელდით ერთმანეთს. 

 15-16 წლამდე ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა, მერე მე ჩემს გზაზე წავედი, აჩიკო – თავისაზე და იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. როცა აჭარის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, აჩიკოს ხშირად ვიწვევდით სტუმრად და თითქოს რაღაც მოხდა. ბოლო სტუმრობა იყო საკრალური, დამპატიჟა თავის საღამოზე. მე ბოლომდე მეგონა, რომ ეს მიწვევა მეგობრული იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მას შემდეგ, მესამე წელია, რაც ერთად ვართ… გამოდის, რომ 32 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. გამოდის, რომ 29 წლის შემდეგ აჩიკო ბერიძემ თავისი პირველი სიყვარული დაიბრუნა.

მგონია, რომ ჩვენი სიყვარული უპირობოა. კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ მიყვარს და რატომ ვუყვარვარ, არ არსებობს. ეს სიყვარული ხომ 32 წლის წინ დაიწყო… ჩვენი სიყვარული არის ბავშვურიც და ზრდასრულიც. პირველი და მნიშვნელოვანი არის ნდობა. ჩვენთვის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე  ლომები ვართ ზოდიაქოთი. ერთგულებასა და ნდობაზე დგას ჩვენი ურთიერთობა.

 ერთი თვის წინ ესპანეთში ვიყავით ერთად და პირველად ვიტყვი საჯაროდ, რომ იქ მთხოვა ხელი და თანხმობა ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიყვანოთ, თუმცა იმდენი საქმე გვაქვს ზაფხულშიც და შემოდგომაზეც, რომ ჯერ საქმეებს მივხედავთ, შემდეგ კი აუცილებლად დავადგებით

ოფიციალურობის გზას", - განაცხადა ანა შამილაძემ.

წყარო: "ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×