
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
დოკუმენტებით ირკვევა ის აქტივობები, რომლებიც ლობისტურმა კომპანიებმა განახორციელეს, მათ შორისაა, ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად, საერთაშორისო მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და მის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ენტონი ბლინკენი და მაკ-ქოლი, დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ასევე სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით.
ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან ინფორმაცია დაადასტურა:
„რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს და დამთავრდა უკვე. არ ვიცი რა დოკუმენტზეა საუბარი“, - განაცხადა ალასანიამ.