რეზონანსი
(22.05.2020)

21 მაისს ჩოხატაურის სოფელ გუთურში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 26 წლის ავთო კალანდაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.  მეზობლები და მოკლულის ახლობლები მომხდარს ვერ ხსნიან. 

გარდაცვლილი ბიჭის ყოფილი მასწავლებელი მანანა ჯინჭარაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

"დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს - შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, - სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;

უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, - ენა არ მომიბრუნდებოდა;

ღიმილს საგზალივით დაატარებდა, - სულ მომღერალი და მოცეკვავე...

არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;

არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია... არც მკვლელისთვის...

"ჭირი მართალსო" - აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო...

დღეს მე, მოგებული რომ მეგონა, ის ომი წავაგე - მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო...

არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:

ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს...

არ ახსნათ არც ერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ...

არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით...

დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს - დამარცხებულები ვართ!"

ჩაწერა სახელი
sos! (22.05.2020)
ასეთი ცივ სისხლიანია ოპოზიციის უმეტესი ნაწილი...