რეზონანსი
(23.03.2020)

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის პრევენციაზე, საეკლესიო მსახურების, მრევლის ტაძრში მისვლისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:

„ვფიქრობ აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი...!

რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყველას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა.

გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო... ფრთხილად!

გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“ ,საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფლთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა... ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...)

ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო!

ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული.

მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისთვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვს უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი.

მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწრაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს...

დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა!

სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ)

ნუ განკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე.

მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!

ეს არის ჩემი როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შემეძლო არ დამეფიქსირებინა.

ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგეხარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია!

გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!", - წერს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

ჩაწერა სახელი