გვანცა წულაია
(10.04.2018)

უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, მათ შორისაა ნუკრი ქანთარიაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობა და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის.

"საპარლამენტო უმრავლესობაში მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები. უმრავლესობა შეკრულია. გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის. ამაზე თავს ვდებ. არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. მათ შორის არის ნუკრი ქანთარია. შესაბამისად, მასთანაც ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხზე. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მარტივად მოგვარებადი", - ამბობს კობახიძე.

ნუკრი ქანთარიამ კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია, გედევან ფოფხაძის ანალოგიური გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ სხვა დეპუტატებმაც მიიღონ, უპასუხა: "თუ საქმე ასე გაგრძელდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძემ, შესაძლოა, მმართველი პარტია დატოვოს. ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა როგორც ამბობს, "იქ ვერ დავრჩები, სადაც ვიღაცას უნდა, ღილაკზე თითის მიმჭერი ვიყო და უბრალოდ სტატისტიკა შევუვსო". გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ შეიძლება ფოფხაძეს სხვა დეპუტატებმაც მიბაძონ და მმართველი პარტია დატოვონ.

არის თუ არა "ქართულ ოცნებაში" სერიოზული განხეთქილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი დაკვირვებით, მმართველი პარტია, როგორც ერთიანი, მონოლითური, ორგანიზებული და იდეური გუნდი, არასოდეს არ ყოფილა. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენდა და მომავალშიც მოახდენს. ალბათ შეიძლება, რომ დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა გუნდი დატოვოს, თუმცა ეს გადამწყვეტ როლს ვერ შუასრულებს.

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): განხეთქილება ალბათ არსებობს, რადგან ამის რაღაც სიმპტომები არის. პაპუაშვილმა რაღაცები თქვა და მგონი, დიდი ჭკუა და გამჭრიახობა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ყველაფერი ძალიან მშვიდად არ მიმდინარეობს. ითქვა, რომ ვიღაცები თურმე მთლიანობასა და იდილიას არღვევენ, ალბათ ასეცაა.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ამ შემთხვევაში ნინია კაკაბაძის პერსონის არჩევას კი არ ვაკვირდები, არამედ უფრო გამაკვირვა, რომ ჯერ აირჩიეს და შემდეგ ბოდიში მოიხადეს.

ეს ფაქტი, რომ შეიძლება ადამიანი აირჩიო, თან ლანძღო და მერე ბოდიში იხადო, მაფიქრებინებს, რომ, ზოგადად, პარტია არ არსებობს საერთო ღირებულებებით. "ქართულ ოცნებას", დღევანდელი მონაცემით, არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კაკაბაძის პერსონა არ მაინტერესებს, უმრავლესობის ქმედებაა საინტერესო. აქ საინტერესო იყო უმრავლესობის მხრიდან ამ პერსონის ლანძღვა, მერე გაყვანა და შემდეგ ბოდიშის მოხდა. ღირებულებების არმქონე ადამიანები რაც უფრო მალე დაიშლებიან, საქართველოსთვის უკეთესი იქნება. ასეთი გუნდი ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტონს.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): საერთოდ, ე.წ. მონოლითური პარტიის არსებობა არ მწამს, რადგან სამუშაო პროცესში პარტიის წევრები ჩართული არიან არა აუცილებლად ქვეყნის შველის სურვილით, არამედ ზოგჯერ თავიანთი პირადი ინტერესებითაც.

ეს პირადი ინტერესები ხშირად იძენს იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია შეუთავსებლობა სახელმწიფოს ინტერესებთან. ამიტომ ყოველთვის იქნება თითოოროლა განაწყენებული ადამიანი, ვინც ან თავისი მიზნები ვერ განახორციელა, ან ნაწყენია იმაზე, რომ უფრო დიდი თანამდებობის მანტია არ მოასხეს ბეჭებზე, ვიდრე თვითონ ელოდა.

ეს საშიში არ არის. ვერ დამისახელებთ პარტიას, სადაც განხეთქილება არ ყოფილიყო, მით უმეტეს მოახლოებული არჩევნების ვითარებაში. რაც შეეხება "ქართული ოცნებიდან" რამდენიმე დეპუტატის წასვლას, დამერწმუნეთ, ამით ქვეყანა არ იქცევა და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესიც იყოს მმართველი პარტიისთვის.

ჩაწერა სახელი
ლიკა (10.04.2018)
სადღაა ოცნება და თუ არის - პორტირებული, ბინძური წარსულის მქონე ადეიშვილის ლეკვები ზარდიაშვილი/მდინარაძის კლანი გააზრებულად უსწორდება და ანადგურებს კობახიძის გამოყენებით. დათრეული ყავთ კობახიძე და ათამაშებენ როგორც უნდათ. რა გინდათ, ადეიშვილის გეგმა - ოცნების რღვევა, ნაძირალა მდინარაძე/ზარდიაშვილის კლანმა კობახიძის საშუალებით შეძლო. დაისვით თავზე, მეტის ღირსები ხართ, უარესი უნდა გიქნათ ........